ჭიათურაში აქციებისას დაკავებული მაღაროელების 4 და 6-წლიანი სასჯელები სააპელაციომ არ შეცვალა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა არ შეცვალა საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც პროტესტში მონაწილეობდნენ, 4 და 6 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

ოთხი მაღაროელის სასჯელი უცვლელი დარჩა:

  • მერაბ სარალიძე - 6 წელი და 3 თვე;
  • გიორგი ნეფარიძე - 6 წელი და 3 თვე;
  • თენგიზ გველესიანი - 4 წელი და 3 თვე;
  • არჩილ ჭუმბურიძე - 4 წელი და 3 თვე.

სარალიძესა და ნეფარიძეს ედავებოდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – ამ „ორგანიზებულ ძალადობაში“ მონაწილეობას.

მაღაროელები ამ განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

მაღაროელების დაკავება

ოთხი მაღაროელი პოლიციამ 2025 წლის 29 აპრილს, ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა. მაღაროელები დააკავეს იმ საპროტესტო აქციების პარალელურად, რომლებიც ჭიათურაში თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

  • საპროტესტო ტალღა ჭიათურაში დაიწყო 2025 წლის თებერვლის ბოლოს.
  • იგი მოჰყვა ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ (CMC) 2024 წლის შემოდგომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტში მაღაროების მუშაობის გაჩერებაზე.
  • ამ პროტესტმა 2025 წლის მარტში დროებით თბილისში გადაინაცვლა.
  • აღნიშნული საპროტესტო კერის მიღმა, ჭიათურაში იმ დროს წელიწადზე მეტი ხნის დაწყებული იყო სოფელ შუქრუთელების პროტესტი.

ასევე ნახეთ

ჭიათურაში მოშიმშილე ორი მაღაროელი სამედიცინო დახმარებაზე ისევ უარს ამბობს, მათი მდგომარეობა რთულია

მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს საპატიმროში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული. მათი დაპატიმრების შემდეგ რამდენიმე სხვა მაღაროელმაც გამოაცხადა შიმშილობა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.