უფრო ადრე, 4 სექტემბერს, დუბლინში ევროპულ საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ, მედიასთან ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის შეფასებისას მან ასევე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მოძრაობა MAGA-ს (Make America Great Again - გახადე ამერიკა კვლავ დიდებული) შესახებ.
რა თქვა კოსმა ბრიუსელში
"ჩვენ არ უნდა გავრისკოთ, რომ ჩვენი მომავალი წევრი ქვეყნები სხვებზე ისეთ დამოკიდებულებებს ქმნიდნენ, რომლებიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კოსმა სამშაბათს ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე და დაამატა, რომ „ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესში მოწინააღმდეგეები გვყავს“.
შეკითხვაზე, ვინ არიან ევროკავშირის მოწინააღმდეგეები, კოსმა თქვა, რომ „ცხადია, ერთ-ერთი მათგანი რუსეთია“, მაგრამ იქვე დაამატა, რომ ევროკავშირი ასევე განიცდის ზეწოლას „დასავლეთიდან, MAGA-ს იდეოლოგების მხრიდან".
მისი თქმით, ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ევროპელები, რომ „ჩვენი ევროპული ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის, ჩვენი ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და ჩვენ სათანადო დემოკრატია არ გვაქვს“.
ამასთან, კოსმა ჩინეთი დაახასიათა „განსხვავებულ შემთხვევად“.
კოსის თქმით, ჩინეთი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ცდილობს, რათა ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.
„ჩინეთი, გარკვეულწილად, ჩვენს კანდიდატ ქვეყნებში იკიდებს ფეხს - შედის ამ ქვეყნებში და უცდის, რომ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან, რადგან როგორც კი ისინი ევროკავშირში გაწევრიანდებიან, მათი კომპანიები საერთო ბაზრის ნაწილი გახდებიან, ამიტომ ისინი ამას სხვაგვარად აკეთებენ და ამ ეტაპზე მათი მხრიდან ასეთ დეზინფორმაციას ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა კოსმა.
რა თქვა კოსმა დუბლინში
4 სექტემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ევროპულ საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ, მედიასთან კომენტარში მარტა კოსმა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ისლანდიის რეფერენდუმის შედეგების შეფასებისას ისაუბრა დეზინფორმაციულ კამპანიებზეც, რომელთა უკანაც, მისი შეფასებით, უპირატესად "აშშ-ში MAGA-ს მოძრაობის იდეოლოგები" დგანან.
"ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის დროს ჩვენ ვნახეთ, რომ არსებობს ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, მცდარი ინფორმაცია, რომელსაც აძლიერებენ ხანდახან ქვეყნის შიგნით, მაგრამ ასევე ის მოდის გარედან, არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან, არამედ დასავლეთიდანაც. ასე რომ, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ახსნა, რას ეხება ეს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ ევროკავშირი დაიყვანონ ეკონომიკურ კავშირამდე, ეს ძალიან შორსაა და ნამდვილად არ არის ჩვენი კავშირის არსი. ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე. ის, რაც ახლა ხდება ევროპაში, როცა ვხედავთ დრონებს და ქმედებებს ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ, ამ ყველაფერთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივად შეგვიძლია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ევროკავშირის მნიშვნელობის ახსნა. წარსულში გვეგონა, რომ ეს ისედაც თვალსაჩინოდ ნათელი იყო - რატომ არის ევროკავშირი კარგი. მაგრამ ახლა უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ.
მემარჯვენე პოპულისტები და ჩვენი გაერთიანების მოწინააღმდეგეები ძალიან ხმამაღლა საუბრობენ. ისინი ბევრ ფულს ხარჯავენ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ", - თქვა მარტა კოსმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თქვენ გულისხმობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს? კოსმა უპასუხა:
"მეტწილად, დიახ, აშშ-ში MAGA-ს მოძრაობის იდეოლოგები ამტკიცებენ, რომ ევროპული ცივილიზაცია უკუსვლას განიცდის, რომ ჩვენი ეკონომიკა უკან იხევს და რომ ჩვენ რეალური დემოკრატია არ გვაქვს, კარგით რა?!“
ასევე ნახეთ
ევროკავშირის გაფართოება - სად დგას საქართველო? რას ცვლის ისლანდიის „არა“?2026 წლის 29 აგვისტოს ისლანდიაში რეფერენდუმზე ამომრჩეველს უნდა ეპასუხა შეკითხვაზე, „უნდა განაახლოს თუ არა ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები?“
"არა" - თქვა რეფერენდუმში მონაწილეთა 52,8%-მა.
რეფერენდუმის ოფიციალური საფუძველი გახდა ისლანდიის ახლანდელი მთავრობის 2024 წლის 21 დეკემბრის პლატფორმა, მრავალწლიანი დებატების შემდეგ ხალხის ნებით ეხელმძღვანელა - „შესაბამისად, მთავრობა არ განაახლებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს“, - წერია ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1 სექტემბრის განცხადებაში.
მოლაპარაკებები ისლანდიამ 13 წლის წინ თავად შეაჩერა, როცა მაშინდელმა მთავრობამ დაითხოვა მომლაპარაკებელთა გუნდი და ორ წელიწადში ფორმალურად განაცხადის გაუქმებაც მოითხოვა.
კოსის განცხადებებს ყურადღება მიაქციეს თბილისში
კოსის განცხადებას მედიასთან საუბარში "სკანდალური" უწოდა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. მისი სიტყვებით, კოსის ეს განცხადება ფაქტობრივად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან "ახლო ურთიერთობების აკრძალვას ნიშნავს".
"MAGA-ს ფილოსოფია მომდინარეობს სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან. დონალდ ტრამპი პრეზიდენტად სწორედ ამ ფილოსოფიით და ამ სლოგანით მოვიდა. ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ვინც იმეგობრებს ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის", - თქვა სამხარაძემ.
ევროკავშირის ლიდერების კრიტიკა აშშ-ის პოლიტიკის მიმართ
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროპის კავშირის გახლეჩა სურს იმ ტაქტიკით, რომელსაც ევროკავშირის მოწინააღმდეგეები იყენებენ - ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, მარტში Financial Times-სთან ინტერვიუში გააკეთა.
ასევე ნახეთ
კაია კალასის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროკავშირის გახლეჩა სურსმისი თქმით, ტრამპის ულტრაკონსერვატიულმა მოძრაობა MAGA-მ თავისი მხარდაჭერა გაავრცელა ევროპის კონტინენტის რადიკალურად მემარჯვენე, პოპულისტურ და ევროსკეპტიკურ პარტიებზე.
ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს არაერთხელ გამოსულა ევროკავშირის მკვეთრი კრიტიკით და არაერთხელ განუცხადებია, რომ ევროკავშირი თითქოს იმისთვის არის შექმნილი, რომ „გამოიყენოს“ აშშ და რომ ის დიდხანს იღებდა ამით მოგებას.