უკრაინამ დაადასტურა დრონებით და რაკეტებით შეტევა რუსეთის ქალაქ სარატოვში, ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Ozon-ის საწყობებზე და ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე ქიმიურ საწარმოზე.
ინფორმაცია ამ ობიექტებზე დარტყმის შესახებ 11 სექტემბერს დღისით სოციალური ქსელებით გაავრცელა უკრაინულმა კომპანია Fire Point-მა, რომელიც დრონებს და რაკეტებს აწარმოებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა შეტევა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც.
ვოლგოგრადი
კომპანია Fire Point-ის თანახმად, გასულ ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რაკეტებით „ფლამინგო” დაარტყეს ქიმიურ საწარმო „ვოლგოგრადპრომპროექტს”, სადაც ხანძარი გაჩნდა.
ეს საწარმო აშშ-ის მიერაა სანქცირებული, როგორც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილი.
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა 11 სექტემბერს დილით განაცხადა, რომ უკრაინის სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქ ვოლგოგრადში დაზიანდა მრავალბინიანი სახლი, სადაც ორი ადამიანი დაშავდა და „დაფიქსირებულია ნამსხვრევების ჩამოცვენა სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე“.
გუბერნატორს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
ასევე ნახეთ
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და Ozon-ის საწყობები - სარატოვზე დრონებით შეტევა იყოსარატოვი
ათიდან თერთმეტი სექტემბრის ღამით აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ სარატოვშიც.
11 სექტემბერს დილით, ონლაინ-გაყიდვების კომპანია Ozon-ის პრესსამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დრონებით შეტევა იყო სარატოვში მდებარე ლოგისტიკის ცენტრზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. ობიექტმა მუშაობა შეაჩერა.
უკრაინულმა კომპანია Fire Point-მა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა სარატოვში Ozon-ის საწყობების კომპლექსი გაანადგურეს კომპანიის მიერ წარმოებული დრონებით FP-1.
Fire Point-ის თანახმად, განადგურებული საწყობების ფართობი 85 000მ²-ია.
11 სექტემბერს დილით მონიტორინგის უკრაინული არხები და დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA წერდნენ, რომ სარატოვზე დრონებით შეტევის შედეგად ხანძარია კომპანია „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც.
დღის მეორე ნახევარში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა დაადასტურა. გენშტაბის თანახმად, ქარხანაში, რომელსაც წელიწადში დაახლოებით შვიდი მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია და საწვავით რუსეთის არმიასაც ამარაგებს, ხანძარი გაჩნდა, ზიანის მასშტაბი კი დაზუსტების ეტაპზეა.
ასევე ნახეთ
რუსეთის ჯარებმა დრონებით დაარტყეს კიევს და კიევის ოლქს- უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებს უწოდებს ომის გადატანას იქ, საიდანაც ეს ომი მოვიდა.
- რუსეთი ამ დარტყმებს „ტერორისტულ შეტევად" განიხილავს.