ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ეს „კიდევ ერთი პოლიტიკური შურისძიებაა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად გია ბარამიძის წინააღმდეგ“:
„გია ბარამიძე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში იბრძვის თავისუფალი, ძლიერი საქართველოსთვის. ის იბრძოდა იარაღით ხელში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამის შემდეგ იბრძოდა მუდმივად პოლიტიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად“, - თქვა მან.
„მისი პოლიტიკური განცხადება არ არის მისი დაჭერის საბაბი. მისი დაჭერის საბაბი გახლავთ ამ პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია... ამის მიუხედავად, ის დააკავეს - რადგან მისი დაკავების ბრძანება რუსულმა იმპერიამ გასცა, მას პატიმრობა მიესაჯა რუსეთის მიერ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
2026 წლის 3 თებერვლიდან გიორგი ბარამიძისთვის დაუსწრებლად 6,5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი რუსეთის მიერ ოკუპირებული, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს - უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის.
ასევე ნახეთ
ე.წ. დნრ-ის სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად მიესაჯა ექვს-ნახევარი წლით პატიმრობა„თავხედური ცინიზმია“ - ჯაფარიძე
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე წერს, რომ გიორგი ბარამიძის დაკავება „ოკუპანტებისთვის ბოდიშის მომხდელი რეჟიმის მიერ რუსული, თავხედური ცინიზმია“:
„გია ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის, ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია და დატოვა რუსეთის წინაშე მეგობრების გარეშე, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ბელორუსის უშიშროებასთან და სრული კარტ-ბლანში მისცა ქვეყანაში ცალკე რუსულ სპეცსამსახურებს და ცალკე პრორუსულ ჯგუფებს, საკუთარ ქვეყანას დააბრალა ომის დაწყება და ე.წ. საპარლამენტო კომისიის დასკვნაც კი დაწერა ამაზე, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, რომელსაც ფარცხალაძე ჰყავდა გენერალურ პროკურორად და რომელსაც დღემდე მხოლოდ მოსკოვიდან აქებენ და ადიდებენ - არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი“, - დაწერა ჯაფარიძემ ფეისბუკზე.
ისიც წერს, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, „გია ბარამიძე იბრძოდა ამ ქვეყნის ყველა ომში და მიუხედავად ჩვენს შორის შეხედულებების განსხვავებისა არაერთ საკითხთან მიმართებაში, ის არის ერთერთი გამორჩეულად გაბედული და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი“.
„არ სჭირდება დამატებით გამხნევება, მაგრამ ჩემი სრული მხარდაჭერა მას და ყველას ვინც დღეს რეჟიმის ტყვეობაშია“, - წერს პოლიტიკოსი.
ბარამიძეს მხარდაჭერას უცხადებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ და მას „ივანიშვილის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულს“ უწოდებს.
„სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება იმ რეჟიმის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში 2008 წლის ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს „პიარს შეწირულს“ უწოდებს, რომლის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს რუსეთის დადასტურებული ჯაშუშები იკავებენ, რომელმაც შექმნა სამშობლოს ღალატის ე.წ. საპარლამენტო კომისია, არის კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობა“, - წერს პარტიაც.
„ურთიერთდაპირისპირებებით, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით, კლანებს შორის კრიმინალური გარჩევებით დასუსტებული ივანიშვილის რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს“, - მიიჩნევენ „კოალიციაში“.
ასევე ნახეთ
წულუკიანი ანწუხელიძეზე საუბრისას: „ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ასევე ნახეთ
ანწუხელიძეზე განცხადების შემდეგ წულუკიანის სახლთან დემონსტრანტები პროტესტის ნიშნად მივიდნენ„სიტყვის თავისუფლება ბრიყვულ კომენტარებსაც იცავს“ - ბოკერია
„ფედერალისტების“ ლიდერმა გიგა ბოკერია ფეისბუკზე დაწერა, რომ „სიტყვის თავისუფლება იცავს სრულიად უპასუხისმგებლო, ბრიყვულ და თუნდაც მავნებლურ კომენტარებსა და გამონათქვამებსაც“:
„გიორგი ბარამიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მორიგი ცინიკური რეპრესიის უტიფარი მაგალითია. ეს ნაბიჯი მხოლოდ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნას და საზოგადოების დეზორიენტირების ამოცანას ემსახურება“.
ბოკერიას შეფასებით, ბარამიძემ „გაუაზრებლად, კატასტროფულად უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა, რის გამოც მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლისსამართლებრივ დევნას“.
„მისგან განსხვავებით, ივანიშვილის რეჟიმი წლებია გააზრებულ, მიზანმიმართულ პროპაგანდას აწარმოებს მტრის ნორმალიზების სასარგებლოდ და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“, - წერს პოლიტიკოსი.
„პოლიტიკაში მოსვლის წამიდან დაწყებული, პირადად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ეწევა მოღალატეობრივ კამპანიას საქართველოს პირდაპირი დადანაშაულებით 2008 წლის რუსული აგრესიისას - სლოგანით “მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე“ და პირადად ივანიშვილის განცხადებით იმაზე, რომ არანაირ აგრესიას არ ჰქონია ადგილი ცხინვალის რეგიონში - “მხოლოდ ერთ კედელს მოხვდა ჭურვიო“, - გაგრძელებული ბოდიშის მოხდით “აფხაზი და ოსი“ ხალხის წინაშე, ანუ 90-იანებში წარმოებული რუსული სამხედრო აგრესიისა და ქართველთა გენოციდის პერიოდშიც, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებით“, - აცხადებს „ფედერალისტების“ ლიდერი.
„თუ უპასუხისმგებლო კომენტარები და გამონათქვამები შეიძლება სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, მაშინ ივანიშვილის რეჟიმის უამრავი წარმომადგენელი, მათ შორის, პირველ რიგში, პირადად ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია ციხეში უნდა იჯდეს ამ მიზანმიმართული, ამაზრზენი პროპაგანდის გამო“, - წერს ის.
ბარამიძეს 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება
11 სექტემბერს, საღამოს ექვსი საათისთვის თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მაღალჩინოსანი, გიორგი ბარამიძე.
იგი „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დააპატიმრეს: „არ გრცხვენიათ?“ - მიმართა მან სამართალდამცავებს დაკავებისას.
- პროკურატურამ გიორგი ბარამიძის მიერ გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო „სამშობლოს ღალატის“ მუხლით.
- პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას "ნაციონალურ მოძრაობაში" „ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე“ უწოდეს.
- მათი შეფასებით, „ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების“.
- მოგვიანებით ბარამიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა, მათ შორის თქვა: „არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით“.