„მდინარაძის კადრების წმენდა“ - ოპოზიცია შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების წასვლაზე

ლევან ხარაბაძემ და მიხეილ მაღლაკელიძემ თანამდებობები 12 სექტემბერს დატოვეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.

ოპოზიციაში ცვლილებებს სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის წასვლას უკავშირებენ.

საკადრო ცვლილებები

2026 წლის 12 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პოსტებს ტოვებენ:

  • შემოსავლების სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე, - რომელიც ამ პოსტზე 2026 წლის 27 აპრილს დაინიშნა (მანამდე ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო 10 თვის განმავლობაში, ხოლო კიდევ უფრო ადრე, 2019-25 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა);
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (იგივე „ფინანსური პოლიციის“) უფროსი - ლევან ხარაბაძე; ის მანამდე, 2025-26 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო - მამუკა მდინარაძის უფროსობისას.

შემოსავლების სამსახურისა და საგამოძიებო სამსახურის ახალ ხელმძღვანელებს ფინანსთა სამინისტრო ორშაბათს, 14 სექტემბერს წარადგენს.

ასევე ნახეთ

ეს საქმიანობა დამღლელია, მის ფსიქოლოგიურ სტრესს გაგებით მოვეკიდეთ - კობახიძე მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე

საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე გიორგი გელაშვილმა „ტვ პირველის“ კითხვაზე, მასაც ხომ არ ეხება საკადრო ცვლილებები, უპასუხა:

„არა, არა. ჯერჯერობით არა და თუ ჩათვლის ხელმძღვანელობა საჭიროდ, რომ მეც უნდა წავიდე, მერე წავალ“.

„მდინარაძის კადრების გაშვება“

„ტვ პირველზე“ 13 სექტემბერს გასულ სიუჟეტში ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „მამუკა მდინარაძის კადრების გაშვება დაიწყო“.

„ეს ორივე უწყება სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას და ბიზნესის საქმიანობას აკონტროლებს“, - განაცხადე ტელევიზიამ და გამოთქვა ვარაუდი, რომ მთავრობის სტრუქტურებში ცვლილებები გაგრძელდება.

ოპოზიციური პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შაიშმელაშვილმა თქვა: „ცხადია, რომ ასე უცებ ადამიანები სამსახურიდან არ უნდა წასულიყვნენ მდინარაძის გათავისუფლების შემდეგ. ეს ბუნებრივად ვერ მოხდებოდა“.

ასევე ნახეთ

მდინარაძემ 4 ახალი მოადგილე წარადგინა - მათგან ერთი ენმ-ის დროინდელი პოლიციელია

„ეს გადადგომები ადასტურებს, რომ მდინარაძეს აშკარად აქვს პრობლემები სისტემასთან“, - განაცხადა მან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თათია ნიკოლაიშვილმა განაცხადა:

„ბიძინა ივანიშვილი, საერთოდ, ასეთი კაცია: მდინარაძეს დააჭერინა ე.წ. „ბობოლა ქოცები“ და რესურსი ვისაც გააჩნია. შემდეგ კი სრულიად ველის მოსასუფთავებლად მდინარაძისა და მისი კადრების მოშორება გადაწყვიტა“.

ასევე ნახეთ

არ არის მდინარაძე, არ იქნება ახალი პოსტი - როგორ იცვლება „ქართული ოცნების“ გეგმები 

მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა

მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად 27 აგვისტოსტოს გამოაცხადა, - დაპატიმრებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებისა და „ზეწოლაზე“ ბრალდებების ფონზე, თუმცა თქვა, რომ ეს ნაბიჯი ამ საკითხს არ უკავშირდება.

ამ განცხადების შემდეგ მმართველმა გუნდმა მთავრობის სტრუქტურაში მორიგი ცვლილებები დააანონსა.

ორშაბათს, 2026 წლის 31 აგვისტოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ:

  • გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, - რასაც მდინარაძე 2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე იკავებდა; ამის შემდეგ ის რეგიონული განვითარების მინისტრად მუშაობდა 27 აგვისტომდე;
  • აღარ შეიქმნება მისთვის დაანონსებული პოსტი, - რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა;
  • ამ პოსტის შექმნას პარლამენტის კენჭისყრა სჭირდებოდა - თუმცა ზაფხულში საკანონმდებლო უწყება ისვენებს. გეგმის თანახმად, მდინარაძეს ამ პოზიციაზე სექტემბრის მეორე კვირიდან უნდა ემუშავა.

ასევე ნახეთ

მდინარაძის წინა პოსტი უქმდება, დაანონსებული კი აღარ შეიქმნება