რუსეთის სამხედროებმა 12-13 სექტემბრის ღამეს და კვირას დილით მასირებული დარტყმები მიაყენეს უკრაინის დასავლეთ რეგიონებს, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ასევე ოდესა და ოდესის ოლქი.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის სამხედროებმა ქვეყნის მიმართულებით გაუშვეს 450-ზე მეტი დრონი - ეს ჩვეულებრივ მაჩვენებელზე მეტია. პოლონეთის ზოგიერთ აღმოსავლეთ რაიონში გამოცხადდა საჰაერო განგაში, თუმცა მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. რუმინეთის ხელისუფლებამ კი გაავრცელა ინფორმაცია ქვეყანაში უპილოტო საფრენი აპარატის შეჭრის შესახებ.
ხმელნიცკის ოლქში დრონების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა დაუსახელებელ სამრეწველო საწარმოში, იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინის მედიის ცნობით, დარტყმების სამიზნე გახდა ასევე ივანო-ფრანკოვსკის, ტერნოპოლისა და ლვოვის ოლქები. ლვოვის ოლქში პოლონეთის საზღვართან ახლოს თავს დაესხნენ ავტოგასამართ სადგურს.
თავდასხმის ობიექტი გახდა უკრაინის დასავლეთში მდებარე რკინიგზაც. კომპანია „უკრაინის რკინიგზაში“ განაცხადეს, რომ დრონი თავს დაესხა სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს ვოლინის ოლქში, პოლონეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში. მგზავრები ევაკუირებული არიან, არავინ დაშავებულა. მატარებელი ასრულებდა რეისს კიევიდან ვარშავის მიმართულებით.
ოდესის ადგილობრივ საინტერნეტო გვერდებზე ვრცელდება უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების კადრები. ოლქის ხელისუფლების მონაცემებით, დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი.
ასევე ვრცელდება ცნობები ოდესის მახლობლად მდებარე საწყობებზე მიტანილი იერიშების შესახებ. დასახლება ნერუბაისკეში თავდასხმა განხორციელდა „ნოვა პოშტას“ საწყობზე.
მანამდე მაშველებმა დაასრულეს სამუშაოები იმ ადგილას, სადაც 11-12 სექტემბრის ღამით ოდესაში, 25-სართულიან საცხოვრებელ სახლს დრონი მოხვდა. დაიღუპა 2 ადამიანი, 20-ზე მეტი დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით დარტყმები განხორციელდა „იმ ლოგისტიკურ ცენტრებზე, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სამხედრო დანიშნულების ტვირთების მიწოდება და განაწილება, ასევე ენერგეტიკულ ობიექტებზე, რომლებიც მათ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“. სამხედრო უწყებაში ასევე განაცხადეს უკრაინის დასავლეთში სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შესახებ.