შემოსავლების სამსახურსა და „ფინანსურ პოლიციას“ ახალი უფროსები ჰყავთ

კობახიძის თქმით, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საკადრო ცვლილებები განაპირობა ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის პოზიციამ.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების ახალი უფროსები დანიშნა.

ამ უწყებათა ხელმძღვანელებმა, მიხეილ მაღლაკელიძემ და ლევან ხარაბაძემ, შაბათს, 2026 წლის 12 სექტემბერს, დატოვეს თანამდებობები.

შემოსავლების სამსახური - მამუკა ბარათაშვილი

შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილე, მამუკა ბარათაშვილი.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ახალი პოსტის მიუხედავად, ბარათაშვილი გააგრძელებს მოადგილის მოვალეობის შესრულებასაც.

სამინისტროს პრესცენტრი წერს, რომ ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში „მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს“:

  • 2020-2021 წლებში იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;
  • 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს;
  • სხვადასხვა პერიოდში ასევე იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საგამოძიებო სამსახური - მერაბ გამყრელიძე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (მედიაში ზოგჯერ უწოდებენ „ფინანსურ პოლიციას“) უფროსად მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.

ამ დრომდე მას შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

სამინისტროს პრესცენტრი წლების დაზუსტების გარეშე წერს, რომ იგი სხვადასხვა წლებში იყო:

  • საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი;
  • საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
  • ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა;
  • მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

წინა ხელმძღვანელები

შემოსავლების სამსახურის უფროსი იყო მიხეილ მაღლაკელიძე.

  • იგი ამ პოსტზე 2026 წლის 27 აპრილს დაინიშნა, ხოლო მანამდე ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო 10 თვის განმავლობაში;
  • ხოლო კიდევ უფრო ადრე, 2019-25 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი კი იყო ლევან ხარაბაძე.

2025-26 წლებში იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო - მამუკა მდინარაძის უფროსობისას.

ასევე ნახეთ

„მდინარაძის კადრების წმენდა“ - ოპოზიცია შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების წასვლაზე

ოპოზიციაში ცვლილებებს სუსის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის წასვლას უკავშირებენ.

თუმცა 14 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ ამ ცვლილებებზე განაცხადა:

„თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები“.

„ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ

ინიციატივა მისგან მოდიოდა - კობახიძე გელაძის გადადგომაზე

მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 27 აგვისტოს გამოაცხადა, - დაპატიმრებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებისა და „ზეწოლაზე“ ბრალდებების ფონზე, თუმცა თქვა, რომ ეს ნაბიჯი ამ საკითხს არ უკავშირდება.

ასევე ნახეთ

მდინარაძის წინა პოსტი უქმდება, დაანონსებული კი აღარ შეიქმნება