რუსეთმა „ვალდაის” შეკრების ადგილი შეცვალა სავარაუდოდ, დრონებით შეტევის საფრთხის გამო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის, „ვალდაის” სხდომაზე. სოჭი, 2025 წლის 2 ოქტომბერი

რუსეთი წელს ოცდამესამედ ჩაატარებს საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის, „ვალდაის” სხდომას, რომელსაც ხშირად სტუმრობს ვლადიმირ პუტინიც. შეკრების თავდაპირველი ადგილი შეიცვალა.

სხდომა 28 სექტემბერს გაიხსნება და 1 ოქტომბერს დასრულდება. კლუბის ოფიციალურ საიტზე შეხვედრის ადგილად, ზოგადად, მოსკოვის ოლქია მითითებული.

  • რუსეთში 2004 წელს შექმნილი საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის სხდომებს ზედიზედ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მასპინძლობდა კრასნოდარის მხარის ქალაქი სოჭი და 2026 წელსაც იქ უნდა ჩატარებულიყო.
  • ბოლო ხანს უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოჭის რაიონზე უპილოტო აპარატებით არაერთი შეტევა მიიტანეს.

გამოცემა Financial Times-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სხდომის გადატანა გახშირებული შეტევების გამო გადაწყდა. ოთხიდან ორი წყაროს თანახმად, ადგილის შეცვლა პუტინის უსაფრთხოების სამსახურის დაჟინებული მოთხოვნა იყო.

ასევე ნახეთ

რუს წმინდანთა ნაწილები ფრონტზე - პუტინის უკანასკნელ იარაღს სასოწარკვეთის სუნი ასდის?!

გამოცემის წყაროთა ცნობით, „ვალდაის” წლევანდელ სხდომაზე 120 სტუმარი თავდაპირველად სოჭში მიიწვიეს, თუმცა აგვისტოში ახალი ადგილის შესახებ შეატყობინეს. კრემლის პრესსამსახურმა და კლუბის წარმომადგენლებმა უპასუხოდ დატოვეს Financial Times-ის შეკითხვა სხდომის ადგილის შეცვლის შესახებ.

  • ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ პუტინი მონაწილეობას მიიღებს კლუბის წლევანდელ სხდომაშიც.
  • პუტინი, როგორც წესი, სიტყვით გამოდის ხოლმე ფორუმის ბოლო დღეს. 2025 წელსაც ასე იყო კლუბის სოჭის შეკრებაზე.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „აგენტსტვო” ხაზს უსვამს, რომ პუტინი, რომელიც შავი ზღვის ამ საკურორტო ქალაქში ადრე ხშირად ჩადიოდა და რეზიდენციაც აქვს, 2024-2025 წლებში იქ მხოლოდ ოთხჯერ იმყოფებოდა და „ვალდაის” 2025 წლის შემოდგომის სხდომის შემდეგ სოჭში აღარ გამოჩენილა.

ასევე ნახეთ

პუტინის ზოოლოგია: ომი, როგორც „კვებითი ჯაჭვი“

ასევე ნახეთ

კრემლის „მადამ თახვი“ - ვინ არის მარგარიტა სიმონიანი?