თბილისში Trump Tower-ის პრეზენტაცია გაიმართა

პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში გაიმართა.

დედაქალაქში, მთაწმინდის პარკში, Trump Tower-ის პრეზენტაცია გაიმართა. Downtown Tbilisi, რომლის ნაწილიც უნდა იყოს Trump Tower-ი, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ბიზნესმენები და ა.შ. - პრეზენტაციაზე მიწვეული იყო ასობით ადამიანი, რომელთა ნაწილსაც ფეხზე დგომა მოუწია.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს... ეს არის ხიდი დღევანდელობასა და ხვალინდელობასთან, უძრავ ქონებასთან მიმართებით... ბოდიშს გიხდით, ცოტა დაბნეული ვლაპარაკობ, უძინარი ვარ, როგორც გითხარით და თან ამდენ ხალხს არ ველოდით.

როგორც წესი, როდესაც ხალხს ვეპატიჟებით, 20%-ით ნაკლები მოდის ხოლმე ასეთ ღონისძიებაზე... რა რაოდენობაც დავპატიჟეთ, იმ რაოდენობის სკამები გავთვალეთ, მაგრამ ბოლო დღეებში ბევრი ახლობელი დაგვიკავშირდა და რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარს ვერ ვეტყოდით, მოუმზადებელი თუ დაგხვდით და ზოგიერთი თქვენგანი ფეხზე დგას, ბოდიშს გიხდით“, - მიმართა დამსწრეებს „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ.

ასევე ნახეთ

Trump Tower-ის პრეზენტაციის გამო მთაწმინდის საბაგირო და ფუნიკულიორი მხოლოდ სტუმრებს ემსახურება

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს „თაუერის“ მშენებლობაში ჩართული კომპანიების ხელმძღვანელებმა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერებმა.

პროექტის მასშტაბის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება და ჯამში 600 ათასი კვადრატული ფართობის შენობა აშენდება: 62-სართულიანი „თაუერი“ 282 მეტრის სიმაღლის იქნება.

„ეს გახლავთ თამამი განაცხადი, რომელიც თბილისს შესძენს ახალ მიზიდულობას მსოფლიოს წამყვანი ურბანული ცენტრების გვერდით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ „თაუერი“ 2031 წელს აშენდება, უბანი სრულად კი 2033 წელს.

დამსწრეებს ვიდეოჩართვით, სიტყვით მიმართა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა, რომელიც ამავდროულად არის აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟი:

„პროექტებს როცა ვახორციელებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად კლიმატი. ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა. გვინდა, რომ გამორჩეული შენობები გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამას მხარს უჭერს მამაჩემი“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და “თაუერის“ მშენებლობაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებმა სიმბოლურად წითელ ღილაკს დააჭირეს ხელი.

პრეზენტაციის მსვლელობისას ტერიტორიაზე დრონების შოუ მოეწყო, რომლის დროსას ცაზე წარწერა Trump Tower Tbilisi გამოჩნდა. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

პროექტი აპრილში დაანონსდა

Trump Tower-ის თბილისში აშენების გეგმის შესახებ ცნობილი 2026 წლის აპრილში გახდა. ინფორმაცია თავდაპირველად The Wall Street Journal-მა (WSJ) გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება, რომლის დიზაინზეც ამერიკული არქიტექტურული კომპანია Gensler-ი მუშაობს. პროექტში The Trump Organization-ის პარტნიორებად დასახელდნენ ქართული კომპანიები „არქი ჯგუფი“, „ბიოგრაფი ლივინგი“, „ბლოქსი ჯგუფი“, „ფინვესტ ჯორჯია“ და ამერიკული The Sapir Organization.

ასევე ნახეთ

მეორე მცდელობა 14 წლის შემდეგ - ყველაფერი, რაც „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობაზე გავიგეთ

The Trump Organization-ში განაცხადეს, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. კომპანიის ცნობით, კომპლექსში განთავსდება ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო სივრცეები და რესტორნები. ორგანიზაცია პროექტს თავისი ბრენდის რეგიონში ოფიციალურად გამოყენების პირველ შემთხვევადაც მოიხსენიებდა.

პროექტის ზუსტი ადგილმდებარეობა ოფიციალურად არ დასახელებულა. The Trump Organization მხოლოდ მიუთითებდა, რომ ცათამბჯენი „პრესტიჟულ ადგილას“, თბილისის ცენტრალური პარკის ხედით აშენდებოდა. მედიამ პროექტი იპოდრომის ტყეში დაგეგმილ მრავალსართულიან კომპლექსს დაუკავშირა. ამ ტერიტორიაზე უკვე დამტკიცებულია განაშენიანების გეგმა, რომელიც შვიდი მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას ითვალისწინებს, მათგან ყველაზე მაღალი 79-სართულიანია. ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული კომპანია „ცენტრალ პარკ ავენიუ“ კი Trump Tower-ის პროექტში მონაწილე „ვისოლ ჯგუფსა“ და „ბიოგრაფი ლივინგთან“ არის დაკავშირებული.

რას წერს WSJ?

13 სექტემბერს The Wall Street Journal-მა Trump Tower Tbilisi-ის პროექტს ვრცელი სტატია მიუძღვნა. მასალა სათაურით გამოქვეყნდა: „Trump Tower-ის უახლესი ადგილი: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება“. ქვესათაურში კი გამოცემა ხაზს უსვამს, რომ თბილისში დაგეგმილი ცათამბჯენი უნდა აშენდეს მიწაზე, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდისგან შეიძინეს.

WSJ პროექტს არა მხოლოდ უძრავი ქონების გარიგების, არამედ საქართველო-აშშ-ის გაუარესებული ურთიერთობებისა და ქვეყნის შიდა პოლიტიკური კონტექსტის ფონზე განიხილავს. გამოცემა წერს, რომ მაშინ, როდესაც ოფიციალურ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაცივდა, საქართველოში Trump-ის ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალი პროექტი იგეგმება.

სტატიაში ცალკე ყურადღება ეთმობა პროექტისთვის განკუთვნილი მიწის გარიგებას. WSJ წერს, რომ Trump Tower-ის პროექტმა ფინანსური სარგებელი მოუტანა 2024 წლის ბოლოს აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახს. გამოცემის თანახმად, დეველოპერები მიწის შესყიდვაზე ივანიშვილის ოჯახის მიერ კონტროლირებულ ფონდს 2023 წელს შეუთანხმდნენ და გარიგების ღირებულება 85 მილიონ დოლარამდე იყო.

WSJ-ის ცნობით, თანხა ეტაპობრივად გადაიხადეს, ხოლო პროექტის წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ მიწის ყიდვის პროცესი 2026 წლის ივლისში საბოლოოდ დასრულდა.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და აშშ-ის მიერ 2024 წლის ბოლოს დასანქცირდა. სწორედ ამ გარემოებას უკავშირებს WSJ პროექტის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ წინააღმდეგობას: ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის ურთიერთობები დაძაბულია, მეორე მხრივ კი ქვეყანაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ოჯახის ბრენდთან დაკავშირებული მსხვილი პროექტი ხორციელდება.

ასევე ნახეთ

The Guardian-ი: საქართველოში „ტრამპ ტაუერი“ სანქცირებული ივანიშვილის შვილის მიწაზე აშენდება

მეორე მცდელობა

დონალდ ტრამპი და მიხეილ სააკაშვილი, 2012 წლის 22 აპრილი

ეს საქართველოში Trump Tower-ის აშენების პირველი მცდელობა არ არის. 2012 წელს დონალდ ტრამპისა და მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით ბათუმში 47-სართულიანი Trump Tower-ის პროექტი დაანონსდა. შეთანხმება სალიცენზიო იყო და „ტრამპის“ სახელისა და სავაჭრო ნიშნის გამოყენებას გულისხმობდა. მშენებლობა 2014 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი აღარ განხორციელდა. მოგვიანებით The Trump Organization-მა ამ და სხვა უცხოურ პროექტებზე უარი თქვა, როდესაც დონალდ ტრამპი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო და ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილებაზე მიუთითა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ბათუმის პროექტს „ტრიუკს“ უწოდებდა. მისი თქმით, ტრამპს საქართველოში ინვესტიცია არ განუხორციელებია და მისი სახელი შეთანხმებაში ანაზღაურების სანაცვლოდ გამოიყენეს.

2026 წელს კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე თბილისის Trump Tower-ის პროექტს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისა და აშშ-სთან ურთიერთობების მნიშვნელობის დასადასტურებლად იყენებენ.