სუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო.

13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს.

საქმის 9-თვიანი განხილვა მოსამართლე ნინო თარაშვილმა 2026 წლის 16 სექტემბერს დაასრულა და
განაჩენიც გამოაცხადა.

თუკი ლილუაშვილის განაჩენს 23 სექტემბრამდე არ გამოაცხადებდნენ, მას ე.წ. წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა, 9 თვე ეწურებოდა და სასამართლო ვალდებული გახდებოდა, მისთვის აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა.

ასევე ნახეთ

მილიონები ჩანთაში, ქოლცენტრები და „ღვთის ნება” - რის გამო გაასამართლეს გრიგოლ ლილუაშვილი?

გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნეს „ქრთამის აღების“ ოთხ ეპიზოდში:

ბრალდების მიხედვით:

  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას 2022 წლის ოქტომბერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას 2022 წლის თებერვალში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის დახმარებით მიიღო $1 365 000;
  • ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც ბაღების შესყიდვებიდან დიდი ოდენობის „ატკატებს“ იღებდა.

ასევე ნახეთ

ქრთამი და ფულის გათეთრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში

ციხეში მინისტრობის ნაცვლად

გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 5 წელზე მეტხანს იკავებდა სუსის ხელმძღვანელის თანამდებობას, 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს.

  • სუსის ხელმძღვანელის თანამდებობა გრიგოლ ლილუაშვილმა მიმდინარე წლის 2 აპრილს დატოვა.
  • თავდაპირველად ითქვა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრად ნიშნავდნენ, 4 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.
  • დაკავებამდე კვირებით ადრე, 17 ოქტომბერს, პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინების გაჩხრეკის შესახებ.

ასევე ნახეთ

5 ამბავი, რომელთა გამოძიებაც ჟურნალისტებმა სამართალდამცველებს დაასწრეს 

ლილუაშვილის გარემოცვაც პატიმრობაშია

ლილუაშვილის დაკავებამდე დააპატიმრეს მისი გარემოცვის წევრები:

  • ბიჭიკო პაიკიძე, რომლის შვილის ნათლიაცაა გრიგოლ ლილუაშვილი.
  • ბიზნესმენი ვანის 2017 და 2021 წლების მოწვევის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა;
  • ბიჭიკო პაიკიძემ წლების წინ, 2016 წელს, „ქართულ ოცნებას“ 12 000 ლარი შესწირა;
  • მას ქონებრივი დეკლარაცია არ აქვს შევსებული - როგორც საკრებულოს რიგით დეპუტატს, ამის ვალდებულება არ ჰქონია.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, მასზე საგამოძიებო მასალა მოამზადა „სტუდია მონიტორმა“. პაიკიძე ამ მასალაში მოხსენიებული იყო, როგორც „სუსის პროტეჟე“.

  • კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი;
  • ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში.

ასევე ნახეთ

სუსის უფროსი, გენპროკურორი, მკვლელობის შემკვეთი, ჟურნალისტი და თაღლითი ერთ სქემაში – „ქოლცენტრების“ საქმე