ოპერაცია „ვივალდი“ -  უკრაინის არმიის „ჩუმი“ და წარმატებული კონტრშეტევა

უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე („ხოლოდნი იარის“) ბრიგადის ჯარისკაცები BM-21 „გრადის“ ტიპის სარაკეტო სისტემიდან ესვრიან რუსულ პოზიციებს დონეცკის ოლქში, კრამატორსკთან ახლოს. 2026 წლის 4 აგვისტო

15 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების  მესამე საარმიო კორპუსის სარდალმა, ანდრიი ბილეცკიმ, ოფიციალურად დაადასტურა ოპერაცია „ვივალდის“ მიმდინარეობა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე საარმიო კორპუსმა ლიმანის მიმართულებით დაწყებული იერიშის შესახებ განაცხადა. ოპერაციის მიმდინარეობისას 75 კვ. კმ.-ზე გაანადგურეს რუსეთის არმიის „ინფილტრაციის კერები“, ასევე აღდგა კონტროლი სოფელ სრედნეზე.

„კარგი ამბები იქნება, მაგრამ ამჟამად ჩვენი მოქმედებები სიჩუმეს მოითხოვს“, - უკრაინის არმიამ ლიმანის ჩრდილოეთით თვეების განმავლობაში მიმდინარე ოპერაციის შესახებ მხოლოდ ახლა განაცხადა. კიევის ცნობით, მესამე საარმიო კორპუსმა 75 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაწმინდა, კიდევ 10 კვადრატული კილომეტრი კი გაათავისუფლა. ოპერაცია „ვივალდის“ პირველი ეტაპის მიზანი სწორედაც რომ რუსეთის მიერ ფრონტის ამ მონაკვეთზე შექმნილი შვერილისა და ინფილტრაციის კერების მოშლა იყო.

ასევე ნახეთ

რუს წმინდანთა ნაწილები ფრონტზე - პუტინის უკანასკნელ იარაღს სასოწარკვეთის სუნი ასდის?!

„ვივალდის“ პირველი სეზონი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე საარმიო კორპუსის ნაწილებმა ლიმანის ჩრდილოეთით კონტრშეტევა რამდენიმე თვის განმავლობაში სრული საინფორმაციო სიჩუმის პირობებში აწარმოვეს. 15 სექტემბერს კორპუსის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანდრიი ბილეცკიმ, ოფიციალურად დაადასტურა ოპერაციის მიმდინარეობა. მანვე გაამხილა ოპერაციის კოდური სახელწოდება - „ვივალდი“.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, სამხედროებმა რუსეთის ინფილტრაციის კერები გაანადგურეს ნოვოსელოვკის, ალექსანდროვკის, იაროვაიასა და კოროვიი-იარის რაიონებში, ხოლო სოფელი სრედნე სრულად გაათავისუფლეს. ბილეცკის განცხადებით, ამ ეტაპზე გაწმენდილია 75 კვადრატული კილომეტრი და გათავისუფლებულია კიდევ 10 კვადრატული კილომეტრი.


მანევრული ომის ფორმა, რომელიც ითვალისწინებს მცირე, დამოუკიდებელი და მსუბუქი ქვეითი შენაერთების ფარულ შეღწევას მოწინააღმდეგის ზურგში. ნაცვლად ფრონტალური იერიშისა და მტრის ძლიერ გამაგრებულ პოზიციებზე თავდასხმისა, ეს ტაქტიკა ორიენტირებულია თავდაცვის ხაზის სუსტი წერტილების მოძებნაზე, მათ გვერდის ავლასა და მოწინააღმდეგის იზოლირებაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალები (AFU) ასევე აქტიურად იყენებდნენ ინფილტრაციას, განსაკუთრებით 2022 წლის ხარკოვის კონტრშეტევისას და 2024 წლის კურსკის ოპერაციის საწყის ეტაპზე. უკრაინული მობილური ჯგუფები სწრაფად უვლიდნენ გვერდს რუსულ საყრდენ პუნქტებს, ჭრიდნენ მომარაგების გზებს და რუსულ შენაერთებს ალყაში მოქცევის შიშით უკან დახევას აიძულებდნენ.

უკრაინის მესამე საარმიო კორპუსის მეთაური ამბობს, რომ ეს მხოლოდ ოპერაციის პირველი ეტაპია.

„რუსები ერთ-ერთ თავიანთ უპირატესობად მიიჩნევენ ე.წ. ინფილტრაციის ტაქტიკას, რომელიც ზოგიერთ ადგილას ჩვენი საბრძოლო წყობის სიღრმეში ათეულობით კილომეტრს აღწევს. ამიტომ მესამე საარმიო კორპუსის ერთ-ერთი პირველი ამოცანა მისი მოშლა გახდა“, - განაცხადა ანდრიი ბილეცკიმ.

მისივე თქმით, ღია წყაროებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპერაციის საბოლოო მიზანი მდინარე ჩორნი ჟერებეცის ნაპირამდე გასვლაა. თუმცა ბილეცკი ამ ცნობების დადასტურებას არ ჩქარობს.

„ჩვენს ოპერაციას „ვივალდი“ ჰქვია, ვივალდის კი, როგორც ცნობილია, „ოთხი სეზონი“ აქვს და ეს მხოლოდ პირველი მათგანია. თვალი ადევნეთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებებს და ნუ იჩქარებთ სპოილერების გავრცელებას. კარგი ამბები იქნება, მაგრამ ამჟამად ჩვენი მოქმედებები სიჩუმეს მოითხოვს“, - თქვა უკრაინის არმიის ბრიგადის გენერალმა.

ბრიგადის გენერალი ანდრიი ბილეცკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე საარმიო კორპუსის განცხადების თანახმად, ოპერაცია “ვივალდის” მსვლელობისას რუსეთის მხარისთვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა „დაახლოებით 1500 ჯარისკაცი, 12 ათასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და ჯავშანტექნიკის, საარტილერიო სისტემებისა და საავტომობილო ტექნიკის ასობით ერთეული“.

„რუსეთის მე-20 და 25-ე არმიების საბრძოლო უნარიანობას გამანადგურებელი დარტყმა მიადგა“, - ნათქვამია კორპუსის Telegram-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში. ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა „მოწინააღმდეგის ლოგისტიკური მარშრუტები გადაკეტეს“. „კორპუსის დარტყმების შედეგად რუსეთის ჯარებმა საწვავ-საპოხი მასალების მომარაგება უკრაინის ფარგლებს გარეთ, ვორონეჟის ოლქში გადაიტანეს: მილსადენი გაუქმდა და საწყობები გატანილ იქნა“, - განაცხადეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

ასევე ნახეთ

ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაც და რუსეთიც თანახმა არიან, არ დაარტყან ენერგოობიექტებს; ზელენსკი აზუსტებს დარტყმების შეწყვეტის პირობებს

რა მნიშვნელობა აქვს ჟერებეცს?

სამხედრო ექსპერტთა განმარტებით, ლიმანის ჩრდილოეთით მიმდინარე ბრძოლები მხოლოდ რამდენიმე სოფლისთვის ბრძოლა არ არის. ამ მიმართულებით რუსეთის ჯარების წინსვლა უკრაინის თავდაცვისთვის უფრო ფართო საფრთხეს ქმნიდა.

ექსპერტების შეფასებით, რუსული ძალების მდინარე ჟერებეცისკენ უკან დახევა შეამცირებს ლიმანისთვის ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეს და გაართულებს რუსეთის გეგმას, უფრო ფართო რკალით მიუახლოვდეს სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებას.

ამავე მიზეზით, გათავისუფლებულ ტერიტორიას სამხედრო ანალიტიკოსები იმ „მარწუხების“ ზედა ნაწილს უწოდებენ, რომლებითაც რუსული ძალები ემუქრებოდნენ ლიმანს, შემდეგ კი სლავიანსკსა და კრამატორსკს - დონეცკის ოლქის მთავარ ქალაქებს, რომლებიც კვლავაც უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩებიან.

ამერიკული Institute for the Study of War-ის შეფასებით, უკრაინის ოპერაციამ რუსეთის მცდელობას, ჩრდილო-დასავლეთიდან ფართო რკალში მოექცია უკრაინის ე.წ. „სიმაგრეთა სარტყელი“, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეუქმნა. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილებმა 14-15 სექტემბერს ლიმანის მიმართულებით შეტევითი მოქმედებები აწარმოვეს, თუმცა წინსვლა ვერ მოახერხეს.

ასევე ნახეთ

ანდრეი ბილეცკი: „ისტორიაში ასეთი ოპერაციები არ ყოფილა“

ოთხი თვე ინფორმაციული სიჩუმის პირობებში

უკრაინის არმიის მიერ განხორციელებული ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ასპექტი მისი საინფორმაციო რეჟიმია. უკრაინულმა მხარემ ფრონტის ამ ნაწილში მიმდინარე მოქმედებების შესახებ საჯაროდ საუბარი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპერაცია უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწორედ ამიტომ, ლიმანის ჩრდილოეთით მიმდინარე ბრძოლების მასშტაბი თავდაპირველად ძირითადად ღია წყაროების მკვლევრებისა და OSINT-ანალიტიკოსების მიერ აღიწერებოდა.

ფრონტის ამ მონაკვეთში უკრაინის წარმატებების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირაში გაავრცელეს BBC-მ და დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა, მათ შორის ფრანგმა სამხედრო ექსპერტმა კლემან მალენმა. სხვადასხვა შეფასებით, უკრაინის ძალებმა კონტრშეტევის შედეგად 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიის დაბრუნება შეძლეს, თუმცა ამ რიცხვის სრულად დამოუკიდებლად დადასტურება რთულია.

რუსი Z-ბლოგერების შეშფოთება

საინფორმაციო სიჩუმემ განსაკუთრებით მიიქცია ყურადღება რუსულ სამხედრო Telegram-არხებში.

„ჩვენი მხრიდან დუმილი უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაგრამ მოწინააღმდეგის მხრიდან ეს გარკვეულწილად უჩვეულოდ გამოიყურება, რაც არ შეიძლება, შეშფოთებას არ იწვევდეს“, - დაწერა პრორუსმა სამხედრო ბლოგერმა იური კოტიონოკმა (Военкор Котенок) .

„არ მინდა, ისევ უკიდურესობამდე მივიდეთ, რათა შემდეგ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ოღონდ უკვე გაცილებით დიდი დანაკარგებისა და გაჭირვების გამოცდილებით. რამდენჯერ ავიღეთ ამ ომის განმავლობაში კაზაჩია-ლოპანი, გოპტოვკა? და რამდენჯერ კუპიანსკი? და ახლა რა მდგომარეობაშია ის? ვინ აგებს პასუხს იმათგან, ვისაც პასუხისგება ეკუთვნის?“

რუსი Z-ბლოგერი მოსკოვის სამხედრო-საინფორმაციო პოლიტიკას აკრიტიკებს:

„გაახილეთ თვალები, ვისაც ისინი ჯერ კიდევ დახუჭული აქვს; გახსენით ყურები, ვისაც ყურსასმენები გიკეთიათ: ბრძოლა და უკან დახევა სირცხვილი არ არის, სამარცხვინოა დუმილი და ტყუილი, მათ შორის უმაღლესი მთავარსარდლის წინაშეც“.

კიდევ ერთი რუსული სამხედრო Telegram-არხის, Rybar-ის შეფასებით, „ლიმანში ვითარება საგანგაშოა“, Дневник Десантника (“მედესანტის დღიური”) კი წერს:

„ჩვენ უსიამოვნო ტაქტიკური მარცხი განვიცადეთ“, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ რუსეთმა ფრონტის ამ უბნიდან ძალების უმეტესი ნაწილის გაყვანა მოახერხა და რომ ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებენ თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალები მიღწეული წარმატების განვითარებას ჟერებეცის აღმოსავლეთით.

სვიატოგორსკის ეპიზოდი

ქალაქ ლიმანის მიმართულებით მიმდინარე მოვლენებს წინ უძღოდა კიდევ ერთი საინფორმაციო დაპირისპირება. 2026 წლის სექტემბრის დასაწყისში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა აიღეს ქალაქი სვიატოგორსკი. რამდენიმე დღის შემდეგ ანდრიი ბილეცკიმ ქალაქში ვიდეო ჩაწერა და რუსეთის ხელმძღვანელობას კლოუნები უწოდა.

„მინდა მივმართო რუსეთის სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. მოიხსენით თქვენი კლოუნის ცხვირები და ჭრელი პარიკები. ნუ გამოიყურებით სულელებად. მესამე საარმიო კორპუსის მე-60 მექანიზებული ბრიგადა სრულად აკონტროლებს ქალაქს. ფაქტობრივად, ეს ჩვენი ზურგის ზონაა“, - განაცხადა ანდრიი ბილეცკიმ.

რუსეთის გეგმა დონბასში

ექსპერტთა თქმით, ლიმანის ჩრდილოეთით უკრაინის კონტრშეტევა მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის სარდლობა კვლავ ცდილობს დონეცკის ოლქის სრულად დაკავებას. სლავიანსკი და კრამატორსკი ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მათი დაკავება რუსეთს მთელ დონეცკის ოლქზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობას მისცემდა. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს წინსვლას ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, უკრაინას კი საერთო რესურსებისა და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს.

„რუსები განაგრძობენ მთელი დონეცკის ოლქის ალყაში მოქცევის მცდელობებს“, - ამბობს ვაშინგტონში მდებარე „კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის“ მკვლევარი და რუსეთის სამხედრო საკითხების ექსპერტი დარა მასიკოტი, - ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ჩრდილოეთის მცდელობა ჩავარდა“.

მასიკოტის აზრით, ლიმანის მიმართულებით უკრაინის წარმატება შეიძლება რუსეთის ძალების განაწილების პრობლემასაც უკავშირდებოდეს.

„ვფიქრობ, ეს აჩვენებს, რომ რუსებს ერთდროულად მხოლოდ ერთ მთავარ სექტორში შეუძლიათ ძალების კონცენტრირება, ახლა კი ეს მთავარი სექტორი სამხრეთ დონეცკია. ამის გამო სხვა ადგილებში პერიოდულად ჩნდება რამდენიმე შედარებით სუსტი მონაკვეთი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია“, - ამბობს ის რადიო თავისუფლების ცენტრალურ სამსახურთან საუბარში.

ასევე ნახეთ

აი, რატომაა პუტინისთვის ასე მნიშვნელოვანი უკრაინის დონბასი

დარა მასიკოტის შეფასებით, ლიმანის მიმართულებაზე რუსეთის მე-20 არმიის პოზიციები შესაძლოა შედარებით ხელსაყრელი სამიზნე იყო:

„ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ რუსეთის მე-20 არმია ყველაზე ძლიერი არ იყო, რის გამოც შესაძლოა ეს მიმართულება [უკრაინისთვის] შეტევის განსახორციელებლად კარგი ადგილი ყოფილიყო“.

ფინურმა კვლევითმა ორგანიზაცია Black Bird Group-მა კი დაასკვნა: „უკრაინამ ფაქტობრივად მოხსნა [ლიმანის] ალყაში მოქცევის საფრთხე და ახლა ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე რუსეთის პლაცდარმს ემუქრება“.

ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა ემილ კასტეჰელმიმ რუსეთის საზაფხულო კამპანიის შესახებ უფრო მკაფიო შეფასება გააკეთა: „რუსეთის 2026 წლის საზაფხულო კამპანია შეიძლება წარუმატებლად ჩაითვალოს“.

„მხოლოდ თავდაცვით ომს ვერ მოიგებ“

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ალექსეი გეტმანი ლიმანის მიმართულებით ოპერაციას უფრო ფართო სამხედრო და პოლიტიკური გზავნილის ნაწილად განიხილავს.

„რისთვის არის საჭირო უკრაინის შეიარაღებული ძალების ეს ოპერაცია? იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს და, იმედი მაქვს, ჯერ კიდევ პარტნიორებს შეერთებული შტატებიდან, რომლებიც გვეუბნებიან, სად უნდა ვისროლოთ, სად არ უნდა ვისროლოთ, როგორ ვიომოთ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმებას (არსებითად, ჩვენი ქვეყნის კაპიტულაციას), რომ ჩვენ თავდაცვის გარდა, სხვა რამეც შეგვიძლია. მხოლოდ თავდაცვით ომს ვერ მოიგებ. ჩვენ შეგვიძლია კონტრშეტევაც და ეს ჩვენი პირველი კონტრშეტევა არ არის“, - ამბობს გეტმანი რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებულ The Current Time-თან ინტერვიუში.

ასევე ნახეთ

რატომ არ ჩერდება ომი?!

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2026 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის შესაძლოა გათანაბრდეს თანაფარდობა იმ ტერიტორიების ფართობებს შორის, რომლებიც 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთმა დაიკავა და რომლებიც უკრაინამ გაათავისუფლა. მისი თქმით, რუსეთს 990 კვადრატული კილომეტრი ჰქონდა დაკავებული, უკრაინას კი 820 კვადრატული კილომეტრი - გათავისუფლებული.

სამხედრო ექსპერტთა გათვლებით, ოპერაცია „ვივალდის“ პირველი ეტაპის შემდეგ ეს სხვაობა, უკრაინული მხარის მიერ გამოცხადებული მონაცემების გათვალისწინებით, შემცირდა, თუმცა ოპერაციის საბოლოო შედეგზე საუბარი ჯერ ადრეა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე საარმიო კორპუსის სარდლობა ამბობს, რომ „ვივალდის“ მხოლოდ პირველი „სეზონი“ დასრულდა, დანარჩენი სამი კი ჯერ წინ არის.

ასევე ნახეთ

"მდევრის როლში": რუსეთმა საზღვაო დრონების კიდევ ერთი ბაზა შექმნა ანექსირებულ ყირიმში


ასევე ნახეთ

ახალი „მეფე“, ძველი კანონები? - დრონები, ომის უცვლელი ბუნება და გაფანტული ნისლი