Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეი ბილეცკი: „ისტორიაში ასეთი ოპერაციები არ ყოფილა“


პოლკ „აზოვის“ დამფუძნებელმა და პირველმა მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ ვრცლად ილაპარაკა ვერტმფრენთა იმ ეკიპაჟების განსაკუთრებულ გმირობაზე, რომლებმაც რამდენჯერმე მიაწოდეს დახმარება, იარაღი, მედიკამენტები და სხვა რამ, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო რუსეთის მიერ ბლოკირებული მარიუპოლის დამცველებისთვის, - ამის შესახებ ანდრეი ბილეცკიმ „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. მისი თქმით, აზოვსტალის დამცველებისთვის დახმარების გადაცემის 5-ზე მეტი მცდელობა იყო და მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ბოლო ორის გარდა, წარმატებით დასრულდა.

ანდრეი ბილეცკიმ გაიხსენა მარიუპოლის ბლოკადის გმირული საჰაერო გარღვევის რამდენიმე ეპიზოდი და აღნიშნა, რომ ასეთი რამის ნახვა ფილმებშიც კი შეუძლებელია:

„თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ საბოლოოდ გასაგებია, რომ მტერიც ვითარდება, უყურებს, მასაც ესმის, რომ ვერტმფრენები იჭრებიან მარიუპოლში. ამ მცდელობებში პირველ რიგში უნდა გამოვყოთ უკრაინელი პილოტების გმირობა და მაქსიმალური პროფესიონალიზმი. არც ერთ "Black Hawk Down"-ში (ბრიტანულ-ამერიკული ისტორიული სამხედრო დრამა) ამერიკელებსაც კი არ გაუბედავთ ღრმადეშელონირებულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და ავიაგამანადგურებლების სისტემატური პატრულირების პირობებში ასობით კილომეტრის სიღრმეში შეჭრა. ასეთი ოპერაციები კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა“.

ბილეცკის თქმით, სპეცოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ეგიდით, მისი როლი კი დესანტის ორგანიზება იყო. პოლკის პირველი მეთაურის თქმით, აზოვის 72 მებრძოლი ვერტმფრენებით გადაისროლეს ქალაქის თავდაცვის გასაძლიერებლად.


ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვერტმფრენით გადასვეს მარიუპოლში, იყო აზოვის "კელტი", რომელიც, სამწუხაროდ, მეორე დღეს დაიღუპა.

„სხვათა შორის, დაიღუპა ისე, როგორც თვითონ უნდოდა. ბევრი მეგობრისთვის ჰქონდა ნათქვამი: "მინდა სახლში მოვკვდე" და დაიღუპა მეზობელ ქუჩაზე, იმ სახლთან ახლოს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. დაეცა პირდაპირ თავისი მცირე სამშობლოს გულში“, - თქვა ბილეცკიმ.

"აზოვის" დამფუძნებელმა ცალკე გამოყო ექიმების ღვაწლი:

„ბოლო რეისზე ვერტმფრენით მგზავრობაზე დათანხმდნენ ექიმებიც. ეს იყო მედდა, ანესთეზიოლოგი და ორი ქირურგი - სულ სამედიცინო პერსონალის მხოლოდ 5 წარმომადგენელი, სამოქალაქო პირები. ქალაქ დნიპროს მკვიდრი ხალხი. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან შესაძლებელი იქნება ამ ადამიანების სახელების გამჟღავნებაც. ჩემთვის ისინი ნამდვილი გმირები არიან“.

ბილეცკის თქმით, ფრენა ყველას უჭირდა, მაგრამ ურთულესი იყო პირველი ეკიპაჟისთვის და მათთვის, ვინც უკვე იცოდა, რომ რუსებმა ფრენის ტრასა გამოთვალეს და საჰაერო თავდაცვის სისტემებიც შესაბამისად განალაგეს.

„მათ ზუსტად იცოდნენ, რომ დაღუპვის ალბათობა უბრალოდ უზარმაზარი იყო, მაგრამ მაინც გაფრინდნენ, რადგან ესმოდათ, რომ იქ ჩვენები იღუპებოდნენ“, - აღნიშნა აზოვის პირველმა მეთაურმა.

ვერტმფრენების პირველი ეკიპაჟის მეთაურის ისტორიასთან დაკავშირებით, ბილეცკი ამბობს:

„შესაძლოა, ომის შემდეგ ან თუნდაც ომის დროს, ამის ეკრანიზაცია გაკეთდეს. ეს ფილმის ისტორიაა, მაგრამ ამ ადამიანმა თავად უნდა თქვას ყველაფერი. ეს უნდა მოჰყვეს ოფიცერმა, პილოტმა და მას ნამდვილად აქვს ბევრი რამ მოსაყოლი“.

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი



პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთი გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მარიუპოლის დაცვის დროს ბევრი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა. ზელენსკის თქმით, საქმე გვაქვს აბსოლუტურად გმირ ადამიანებთან, რომლებმაც იცოდნენ, რომ თითქმის შეუძლებელი იყო „აზოვსტალში“ ჩაფრენა, დამცველებისთვის წამლების, საკვების, წყლის მიტანა და უკან ცხედრების, დაჭრილების წამოყვანა, თუმცა მაინც მიფრინავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG