ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა დარტყმა ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. სხვა წყაროების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო სამხედრო აეროდრომიც.
იაროსლავის ოლქი
17 სექტემბერს დილით რუსეთის იაროსლავის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ევრაევმა დაადასტურა შეტევა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. ევრაევის თანახმად, დილის ათი საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იყო.
გუბერნატორს კონკრეტული ქარხანა არ დაუსახელებია.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ დარტყმა იყო იაროსლავის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავნეფტ-იანოსზე“.
- კომპანია „სლავნეფტის“ ამ ქარხანას, რომელიც რუსეთის ხუთ ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორისაა, წელიწადში თხუთმეტ მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა „სლავნეფტ-იანოსს“ არაერთხელ დაარტყეს 2026 წლის გაზაფხულსა და ზაფხულშიც.
ასევე ნახეთ
რუსეთის ჯარებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს კიევს, ოდესას და ზაპოროჟიესროსტოვის ოლქი
17 სექტემბერს აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ დონის როსტოვშიც.
დილით რეგიონის გუბერნატორმა იური სლიუსარმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ" დააზიანა ელექტროქვესადგური და ექვსი კერძო სახლი და ქალაქის ოთხ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-სა და რუსული გამოცემა ASTRA-ს ინფორმაციით, შეტევა იყო საავიაციო ბაზაზე „დონის როსტოვი-ცენტრალური“. ASTRA-ს ანალიზის თანახმად, ხანძრის ერთ-ერთი კერა სამხედრო აეროდრომის იმ ნაწილშია, სადაც თვითმფრინავების სადგომია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 17 სექტემბერს დილით გავრცელებული ზოგადი ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთის ოც რეგიონში, მათ შორის როსტოვის და იაროსლავის ოლქებში, ყირიმში და აზოვის, კასპიის და შავი ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 641 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
განახლება: 17 სექტემბერს დღისით უკრაინამ დაადასტურა შეტევა როსტოვის სამხედრო აეროდრომსა და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.