უკრაინამ დაადასტურა დარტყმა როსტოვის სამხედრო აეროდრომსა და იაროსლავლის ქარხანაზე

რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-26 (საილუსტრაციო ფოტო არქივიდან)

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 17 სექტემბერს თავდაცვის ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში შეუტიეს სამხედრო აეროდრომს „დონის როსტოვი-ცენტრალური“, ხოლო იაროსლავის ოლქში - ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავნეფტ-იანოსს“.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შედეგად დაფიქსირებულია ხანძარი და დეტონაცია. დადასტურებულია ან-26 ტიპის ორი სატრანსპორტო თვითმფრინავის, ერთი ან-12-ის და სამი ვერტმფრენის განადგურება.

გენერალური შტაბის ცნობითვე, ქალაქ იაროსლავლში მდებარე ქარხანა „სლავნეფტ-იანოსზე“ შეტევის შედეგად დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი.

ასევე ნახეთ

რუსეთის ჯარებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს კიევს, ოდესას და ზაპოროჟიეს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ მეომრებს, რომლებიც „ყოველდღიურად ომს რუსეთისთვის საგრძნობად ხდიან".

ზელენსკის ინფორმაციით, სამხედრო აეროდრომსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, არმიის უპილოტო სისტემების ძალებისა და დაზვერვის ერთობლივი ოპერაცია.

რუსეთის ხელისუფლებამ 17 სექტემბერს დილით დაადასტურა დრონებით შეტევა და ხანძარი იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. როსტოვის სამხედრო აეროდრომზე ოფიციალურად არაფერი უთქვამთ.

  • უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებს უწოდებს ომის გადატანას იქ, საიდანაც ეს ომი მოვიდა.
  • რუსეთი ამ დარტყმებს „ტერორისტულ შეტევად" განიხილავს.