უკრაინაზე რუსეთის მორიგი იერიშის დროს პოლონეთში განგაში გამოაცხადეს და შემდეგ გააუქმეს

უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახურის თანამშრომლები მატარებელთან, რომელზეც დრონით თავდასხმა მოხდა პოლონეთის საზღვართან. 2 სექტემბერი, 2026 წელი

აღმოსავლეთ პოლონეთში განგაშის სირენები ჩაირთო, სამხედრო თვითმფრინავები ჰაერში აფრინდა, ხოლო ორმა აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას დაარტყა ნატოს წევრი პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს. პოლონეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ამის შესახებ 17 სექტემბერს განაცხადეს.

პოლონეთის არმიის თანახმად, პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა, სამხედრო ავიაციამ ოპერაციები დაასრულა. ჟეშუვისა და ლუბლინის აეროპორტები დროებითი დახურვის შემდეგ კვლავ გაიხსნა.

„უკრაინის დასავლეთ ნაწილზე — პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს — მასშტაბური თავდასხმა ახლახან დასრულდა“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრესკონფერენციაზე. „სავარაუდოდ, კვლავ ავტოგასამართ სადგურს დაარტყეს, ჩვენი ავიაცია ამოქმედდა“.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იაცეკ გორიშევსკიმ კერძო ტელეკომპანია TVN24-ს განუცხადა, რომ დრონი ჩამოვარდა ან ჩამოაგდეს პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 4 კილომეტრში.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჩეზარი ტომჩიკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არმიის ოპერატიულ სარდლობას წინასწარ ჰქონდა გაცემული ნებართვა სამხედრო გამანადგურებლებისთვის, ჩამოეგდოთ ნებისმიერი დრონი, რომელიც საზღვარს გადაკვეთდა.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ აფეთქებების ხმა საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, უკრაინის მხარეს გაისმა. კვირას რუსული დრონი სამგზავრო მატარებელს უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში მოხვდა.

პოლონეთის ორი აღმოსავლეთი რეგიონის მცხოვრებლებმა მიიღეს შეტყობინებები, რომლებიც მათ საჰაერო თავდასხმების რისკის შესახებ აფრთხილებდა და მოუწოდებდა, უსაფრთხო ადგილი ეპოვათ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისმოდა სირენების ხმა, ხოლო ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებმა თავშესაფრებს მიაშურეს.

ასევე ნახეთ

უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული მეომრების ცხედრები გაცვალეს