ოკუპირებულ ცხინვალში „პრეზიდენტს“ ირჩევენ

მარატ კამბოლოვი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. 2026 წლის 13 ივლისი. კრემლი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რიგგარეშე „საპრეზიდენტო არჩევნები“ მიმდინარეობს, თუმცა კენჭისყრას ფორმალური ხასიათი აქვს.

დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შემცვლელად მოსკოვიდან საგანგებოდ მოვლენილ მარატ კამბოლოვს ცხინვალში ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს.

კამბოლოვმა 18 სექტემბერს დილას ხმა ჯავის რაიონის №20 საარჩევნო უბანზე მისცა.

„მთავარია, ამ არჩევნებში სამხრეთ ოსეთის ხალხმა და მისმა მომავალმა გაიმარჯვოს“, - განაცხადა მან.

არჩევნების წინ კამბოლოვმა რუსულ მედიას უთხრა, რომ საჭიროა როკის გვირაბის ალტერნატიული გვირაბის მშენებლობა.

ცხინვალის რეგიონში გახსნილია 70 საარჩევნო უბანი, ოთხი - ჩრდილოეთ ოსეთში, ერთი კი - მოსკოვში. დაბეჭდილია 40 ათასი ბიულეტენი.

ფოტო არქივიდან - „საპრეზიდენტო არჩევნები“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „არჩევნებს“ 100-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროდან, ფედერაციის საბჭოდან და ცესკოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის დასახელებულია ვენესუელა, არგენტინა, ბელარუსი, სომხეთი, ბულგარეთი და ინდოეთი.

პარალელურად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში 18-20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს - გაიხსნა 11 საარჩევნო უბანი. ოკუპირებულ აფხაზეთში კი დუმის დეპუტატების არჩევნები 20 სექტემბერს 50 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ორივე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ძირითად ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შეფასების თხოვნით. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


ასევე ნახეთ

არანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს - პაპუაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში "პრეზიდენტის არჩევნებზე"

„საპრეზიდენტო კანდიდატები“

„არჩევნებში“ ოთხი „კანდიდატი“ იღებს მონაწილეობას:

  • მარატ კამბოლოვი - ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, წარდგენილია ორი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევისა და ანატოლი ბიბილოვის პარტიების („ნიხასი“ და „ერთიანი ოსეთი“), ასევე „კომუნისტური პარტიის“ მიერ;
  • მურატ ვალიევი - „სახელმწიფო დაცვის“ მოქმედი თანამშრომელი, წარდგენილია პარტია „ალანიის პატრიოტების“ მიერ;
  • ზურაბ კოკოევი - ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო მერი, წარდგენილია პარტია „ერთიანობის“ მიერ, რომელსაც 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს;
  • ყაზბეკ კოდოევი - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ.

„ამ ხალხს ცხინვალში ფაქტობრივად არავინ იცნობს“, – უთხრა აგვისტოში რადიო თავისუფლებას კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა კამბოლოვის კონკურენტებზე საუბრისას.

ის დარწმუნებულია, რომ კამბოლოვი „არჩევნებს“ პირველივე ტურში, დამაჯერებლად მოიგებს. ამისთვის მას ხმათა 50%-ზე მეტის მიღება სჭირდება.

უარი რეგისტრაციაზე

ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „საპრეზიდენტო არჩევნებიდან“ მოხსნა პარტია „ირი ფარნის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, „სახელმწიფო დაცვის“ ყოფილი თანამშრომელი ხოხ ჩოჩიევი.

კომისიამ კანდიდატის სასარგებლოდ შეგროვებული ხელმოწერების ნაწილი დაიწუნა, ასევე მიუთითა მის შემოსავლებსა და ქონებასთან დაკავშირებულ „არაზუსტ და არასრულ ინფორმაციაზე“.

გარდა ამისა, „15 აგვისტოს ლინგვისტურმა კომისიამ დაასკვნა, რომ ჩოჩიევი რუსულ ენას სათანადო დონეზე არ ფლობს“.

ჩოჩიევმა გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არჩევნები ფორმალობაა, კამბოლოვის კონკურენტები კი მხოლოდ „ტექნიკური კანდიდატები“ არიან.

ასევე ნახეთ

„რუსულს არასათანადოდ ფლობს“ - ცხინვალში „არჩევნებიდან“ ერთ-ერთი კანდიდატი მოხსნეს

მანამდე, ე.წ. საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ედუარდ გაბარაევს და „განვითარების პარტიის“ კანდიდატს, ფატიმა ხუგაევას.

ორივე შემთხვევაში მიზეზად მხარდამჭერთა რაოდენობის სიმცირე დასახელდა - „კანდიდატის“ წარდგენა საინიციატივო ჯგუფის ან პარტიის მინიმუმ 100 წევრს შეუძლია.

ამის გარდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, მოთხოვნილი დოკუმენტებიდან ხუგაევამ „მხოლოდ პასპორტის ასლი წარადგინა“.

ე.წ. არჩევნების მიღმა დარჩენილი „კანდიდატები“ გადაწყვეტილების გასაჩივრებაში აზრს ვერ ხედავენ.

კიდევ ორმა პარტიამ – „ხალხის ერთიანობამ“ და „ირონმა“ – გადაწყვიტა, რომ "არჩევნებში" მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „არჩევნებისთვის“ მთავარი ოპოზიციური ძალის, „ერთიანი ოსეთის“ ლიდერი აცამაზ ბიბილოვი ემზადებოდა, თუმცა „მოულოდნელად გამოჩნდა კამბოლოვი“ და ოპოზიციას მისთვის „გზის დათმობა“ მოუწია.

ასევე ნახეთ

სოხუმი სოჭის ნაცვლად - რუსული ავიაკომპანია ფრენების მარშრუტს ცვლის

კამბოლოვის გზა

61 წლის მარატ კამბოლოვი ჩრდილოეთ ოსეთიდანაა და ცხინვალის რეგიონში არ უცხოვრია. ის ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ყოფილი ხელმძღვანელია.

მას რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ეკავა თანამდებობები, მათ შორის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში; მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში. 2006 წლიდან კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

კამბოლოვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი, პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი აქვს.

მისი მთავარი დაპირებებიც რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოებასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას უკავშირდება.

იმისთვის, რომ კამბოლოვს ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა დაეკავებინა:

  • 2026 წლის 9 მაისს ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან გააფორმა შეთანხმება „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ, რომელიც ექსპერტთა ნაწილმა ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია;
  • 21 მაისს, შეთანხმების საფუძველზე, შეიცვალა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუცია, რითაც კამბოლოვს, რომელსაც ცხინვალის რეგიონში არ უცხოვრია, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება მისცეს;
  • 27 მაისს ალან გაგლოევმა კამბოლოვი ე.წ. პრეზიდენტის „სახელმწიფო მრჩევლად" დანიშნა, 8 ივნისს კი „პარლამენტს“ მისი კანდიდატურა „პრემიერის“ პოსტზე წარუდგინა;
  • 16 ივნისს ე.წ. დეპუტატებმა კამბოლოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს;
  • 22 ივნისს მოსკოვში პუტინმა გაგლოევი მიიღო;
  • 23 ივნისს გაგლოევი გადადგა, პუტინმა ის საკუთარ მრჩევლად დანიშნა; კამბოლოვი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა;
  • 13 ივლისს პუტინმა კრემლში კამბოლოვი მიიღო და მას „არჩევნებში“ წარმატება უსურვა.

ასევე ნახეთ

პუტინისთვის, მისი მეგობრებისთვის და ომისთვის. რატომ სჭირდება რუსეთს ცხინვალი?

ცხინვალში უმაღლესი „თანამდებობის“ დაკავების შემდეგ, მარატ კამბოლოვი, პუტინის გარდა, რუსეთის მთავრობის არაერთ წარმომადგენელს შეხვდა; ცხინვალში უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს.

კამბოლოვმა ცხინვალში ჩასვლისთანავე ტელეგრამ-არხი შექმნა, რომელზეც თავის შეხვედრებსა და გადაწყვეტილებებზე პოსტავს.

მარატ კამბოლოვი და სერგეი კირიენკო

მაგალითად, 3 აგვისტოს მან რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარზე განახლებული გამშვები პუნქტი გახსნა - „ქვემო ზარამაგზე“ წლებია ხალხი დიდი რიგების პრობლემის მოგვარებას ითხოვდა.

6 აგვისტოს კამბოლოვი ახალგორში ჩავიდა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საშვების გაცემა „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ გამარტივდება - ამ დოკუმენტების მიღება ადგილობრივებს დანარჩენ საქართველოში ჩასვლისთვის, მათ შორის სამედიცინო დახმარების მისაღებად და ნათესავების მოსანახულებლად სჭირდებათ.

20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელებისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გამარტივდა.

თუ აქამდე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოსახლეობას ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეეძლო, ახალი წესის თანახმად:

  • ე.წ. რაზდახანის (ოძისის) გამშვები პუნქტი იმუშავებს კვირაში ოთხი დღე - ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას, 8:00-დან 18:00 საათამდე.
  • ე.წ პერევის გამშვები პუნქტი კი ღია იქნება კვირაში სამი დღე - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, 8:00-დან 18:00 საათამდე.

ასევე ნახეთ

ახალგორელებისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გამარტივდა

ძამბოლატ თედეევის პოზიცია

იმაზე, რომ „არჩევნები" ფორმალურია, მიანიშნა „ალანიის პატრიოტების“ ლიდერმა ძამბოლატ თედეევმა.

მისმა პარტიამ „არჩევნებზე“ „კანდიდატი“ წარადგინა, თუმცა თედეევი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით მარატ კამბოლოვს „აძლევს შესაძლებლობას, გამოკვეთოს ადამიანები, რომლებსაც მომავალში შეიძლება დაეყრდნოს“.

„იყო დრო, როცა მე მივდიოდი („არჩევნებზე“) და არ გამიშვეს. დღეს, როცა ვხედავ, რომ მარატს (კამბოლოვს) მეტი პოტენციალი და კომუნიკაცია აქვს და მას უკეთესად, მეტის გაკეთება შეუძლია, რატომ არ უნდა დამეყრდნოს ის?.. მოდით, დღეს ჩვენი ამბიციებიც ცოტათი დავწიოთ დაბლა. ჩვენ ხომ თვითონ ვიცით ჩვენი შესაძლებლობები“.

ძამბოლატ თედეევი რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის მოქმედი წევრია. 2011 წელს მან სცადა მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საპრეზიდენტო არჩევნებში", თუმცა ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა მისი "კანდიდატურის" რეგისტრაციაზე, რამაც ცხინვალში პროტესტი და არეულობა გამოიწვია. ამის შემდეგ თედეევმა მხარი დაუჭირა ალა ჯიოევას "კანდიდატურას", რომელმაც "არჩევნები" მოიგო, თუმცა "პრეზიდენტი" მაინც ვერ გახდა.

თედეევის ინიციატივით, ცხინვალის რეგიონში, მის მშობლიურ სოფელ წორბისში, ვლადიმირ პუტინისა და იოსებ სტალინის ძეგლები დაიდგა.

კოკოითის მხარდაჭერა და შესაძლო თანამშრომლობა თბილისთან

მოსკოვის კანდიდატს, მარატ კამბოლოვს, მხარს უჭერს ედუარდ კოკოითიც - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი (2001-2011).

4 აგვისტოს ცხინვალის თეატრში გამართულ შეხვედრაზე მან კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კოკოითის თქმით, მან კამბოლოვს „ქართულ მხარესთან რაიმე მოლაპარაკებების ან პროგრამების არსებობის შესახებ“ ჰკითხა.

„მარატ არკადის ძემ მომცა სიტყვა, რომ არცერთი მსგავსი ნაბიჯი გადადგმული არ იქნება“, - ამბობს კოკოითი.

პაატა ზაქარეიშვილი კი არ გამორიცხავს, რომ „არჩევნების“ შემდეგ კამბოლოვმა დაიწყოს „რაღაც პროექტები საქართველოსთან“ - მაგალითად, იმუშაოს სატრანზიტო გზის გახსნაზე, რადგან ეს „რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში“ დაეხმარება.

ცხინვალის გავლით სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნაზე საუბარი არაერთხელ, მათ შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ იყო. ინიციატივას „ქართული ოცნების“ მთავრობა არ გამოხმაურებია.

12 სექტემბერს კამბოლოვს ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ცხინვალელებთან შეხვედრისას შეკითხვა დაუსვეს „საქართველოსთან საზღვრის გახსნისა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო მიმოსვლის დაშვების შესაძლებლობაზე“.

„პირდაპირ რომ გითხრათ: სამხრეთი ოსეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის - არც ფსიქოლოგიურად და არც საჭირო სამართლებრივი ბაზის თვალსაზრისით“, - განაცხადა კამბოლოვმა.

ასევე ნახეთ

„სამხრეთი ოსეთი მზად არ არის საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის“ - ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მმართველი

ზაქარეიშვილს არ სჯერა, რომ ამ ეტაპზე მოსკოვი ცხინვალის რეგიონის ფორმალურ მიერთებას გეგმავს.

„უკრაინის ომის ფონზე რუსეთი აშკარად კარგავს თავის გავლენებს სამხრეთ კავკასიაში. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ხდებიან ერთადერთი საყრდენი წერტილები, საიდანაც შეიძლება მოსკოვმა გავლენა მოახდინოს საქართველოზე, საქართველოდან კი სამხრეთ კავკასიაზე. ამ ფონზე მოსკოვი ვეღარ ენდობა ადგილობრივ ელიტებს და მას სჭირდება ფედერალური სისტემის მართვა, რომ უფრო მეტად გაამყაროს ანექსიური პოლიტიკა, აქციოს ეს ორი რეგიონი გუბერნიებად და გუბერნატორებით მართავდეს“, - დასძენს იგი.