გამოძიებას აინტერესებს, რა იყო მიზეზი, რის გამოც 55 ბავშვი და ერთი აღმზრდელი კლინიკაში გადაიყვანეს, ასობით ბავშვმა კი ვერ შეძლო საბავშვო ბაღში მისვლა იმის გამო, რომ სააღმზრდელო დაწესებულება დახურული იყო.
„როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, რომ შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ოთხი დღის წინ საჯარო ბაღების მიღწევებზე საუბრობდა.
სავარაუდო ინტოქსიკაციის შემთხვევა თბილისის 20 საბავშვო ბაღში დაფიქსირდა, მათგან სასწავლო პროცესი სრულად შეწყდა შვიდში, თუმცა დანარჩენ 13-ში მშობლების დიდმა ნაწილმა ბავშვები აღარ მიიყვანა.
ასევე ნახეთ
ბავშვები სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ თბილისის საბავშვო ბაღებშიპირველად ეჭვი საკვებზე გაჩნდა, თუმცა ბაღის დირექტორები, რომლებიც რადიო თავისუფლებას ესაუბრნენ, არ გამორიცხავენ რაიმე ვირუსის გავრცელებას.
ხორცი, ბოსტნეული, რძე - რას აჭმევენ ბავშვებს?
17 სექტემბერს, როცა შეიძლება ინტოქსიკაციის შემთხვევა მომხდარიყო, თბილისის საბავშვო ბაღების მენიუში იყო რძის პროდუქტები, ხორცი და ბოსტნეული.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამ პროდუქტებს თბილისის საბავშვო ბაღებს ერთი და იგივე კომპანიები აწვდიან.
ესენია:
- ი.მ. მანანა ღვინცაძე საბავშვო-ბაღებს აწვდის რძის პროდუქტებს: რძე, მაწონი, ხაჭო, არაჟანი. ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ საბავშვო ბაღებს უნდა მიაწოდოს ბელარუსული რძე და საქართველოში წარმოებული სხვა რძის პროდუქტები;
ამონარიდი შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან
- შპს „მითარეა“: ხორცი. ტენდერის მიხედვით, „ხორცი უნდა იყოს ძროხის, ახალი, გაუყინავი, გაცივებული, ძვალგამოცლილი“;
ამონარიდი შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან
- შპს „ინ“-ი: ხილ-ბოსტნეული, კარაქი, პური, ბურღულეული, ქათამი - ტენდერის მიხედვით, ნაღების კარაქი და რძის ფხვნილი უნდა იყოს ირანული და ბელარუსული წარმოების, ქათამი [ჯერ არ შეუტანიათ] კი - ქართული.
ამონარიდი შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან
შენახვის პირობები - რას ამბობენ კომპანიებში?
საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა შპს „ინ“-ის მენეჯერი თეიმურაზ გიორგაძე.
„ახლა გამოვედი დაკითხვიდან... შეამოწმეს საბუთები, როგორც ხდება... შენახვის პირობები დაცული იყო. მაცივრიდან დავარიგეთ ხუთი დღის წინ და შენახვის ვადა 90 დღე აქვს... ქათამი ჯერ არ შეგვიტანია“.
ამონარიდი შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან
რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხა კომპანია „მითარეას“ დირექტორმა ნინო სულაბერიძემ, მეწარმე მანანა ღვინცაძის წარმომადგენელმა კი მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა: „რომ დაველოდოთ პასუხებს! შესაბამისი უწყებები ხომ მუშაობენ, არ ვიმკითხაოთ...“
„ეპიდემიოლოგებს ვუწერთ, ვინ რა ჭამა“ - რას ამბობენ საბავშვო ბაღებში?
დღეს, 18 სექტემბერს, „ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით“, შვიდმა საბავშვო ბაღმა აღსაზრდელები არ მიიღო. ეს საბავშვო-ბაღებია მე-10, 22-ე, 31-ე, 49-ე, 59-ე, 109-ე, 124-ე.
ამ საბავშვო ბაღების უმრავლესობის დირექტორებს რადიო თავისუფლება ესაუბრა. მათი თქმით:
- „ეჭვზე ვერაფერს გეტყვით. ბაღში ყველა პროდუქტი შემოსულია შესაბამისი დოკუმენტით... ძირითადი პროდუქტი, რასაც ვიღებთ, ხორცის და რძის პროდუქტებია... [დადგინდება] ინტოქსიკაციაა თუ ვირუსი“, - მარინა კობაჩიშვილი, 109-ე საბავშვო ბაღის დირექტორი.
- „ეჭვი არაფერზე არ მაქვს - ეჭვს უნდა დადგენა. წინასწარ ვერაფერზე გაგცემთ პასუხს. რა ინფორმაციაც მაქვს, 17 ბავშვს აქვს [ინტოქსიკაცია] - ზოგს აქვს მხოლოდ ფაღარათი, ზოგს მხოლოდ პირღებინება, ზოგს ორივე ერთად...“ - უთხრა რადიო თავისუფლებას 124-ე საბავშვო ბაღის დირექტორმა. იმის მიუხედავად, რომ თბილისის საჯარო ბაღებს ერთი და იგივე მიმწოდებელი ჰყავთ, მან არ ისურვა მათ შესახებ საუბარი: „ყველა კარგი მომწოდებელია, ჩემგან თუ გაინტერესებთ...“
- ქალმა, რომელმაც რადიო თავისუფლებას 31-ე ბაღის საჯაროდ გამოქვეყნებულ ნომერზე უპასუხა, თქვა, რომ საქმის მწარმოებელია. მან დირექტორთან არ დაგვაკავშირა...
- „მე ვერაფერს ვერ ვუკავშირებ. ყველაფერი კარგი მივიღეთ - ხორცს ყოველთვის მაღალ დონეზე ვამოწმებ. რძის ნაწარმიც ახალი იყო. კარაქიც. ბოსტნეული აგერ არის და კარგია... ყველაფერს ვამოწმებთ, რაც აქ შემოდის - რა თქმა უნდა, სიღრმისეულად, როგორც ლაბორატორიაში, ვერ ვამოწმებთ, მაგრამ მეც ხომ ქალი ვარ და ოჯახი მაქვს?! - იმ დონეზე ვამოწმებ, როგორც ჩემი შვილებისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 22-ე ბაღის დირექტორმა ნინო გვრიტიშვილმა.
- „ახლა ეპიდემიოლოგებს ვუწერთ, ვინ რა ჭამა - ყველამ განსხვავებული საკვები მიიღო. გუშინდელ მენიუში გვქონდა მანის ფაფა, ტიფტელი, ძროხის ხორცს ვიღებთ ჩვენ, იყო მაწვნის სუპი და ბოსტნეულის სალათი... მზა არაფერი არ მოდის, პროდუქტი მოდის და ჩვენ აქ, სამზარეულოში ვამზადებთ. დახუფული შემოდის მხოლოდ რძე... მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ“, - ამბობს მე-10 ბაღის დირექტორი მეგი აბესაძე.
„გაეღვიძა მუცლის ტკივილით“
121-ე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა მშობლების უმრავლესობამ უარი თქვა შვილის დაწესებულებაში მიყვანაზე. ერთ-ერთმა მშობელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი შვილის ჯგუფში 10-მდე შემთხვევა გამოვლინდა:
„გუშინ, საღამოს მშობლებმა საერთო ჩათში ნელ-ნელა დაიწყეს დაწერა, რომ მათ შვილებს მუცელი სტკიოდათ და აღებინებდათ. ჩემს შვილს იგივე სიმპტომები შუაღამისას დაეწყო. გაეღვიძა მუცლის ტკივილით, რასაც მოჰყვა და ამ დრომდე გრძელდება პირღებინება, ფაღარათი. ყოველ კვებას, წყლის მიღებას მოსდევს პირღებინება“.
იმავე სიმპტომებზე საუბრობენ თბილისის სხვადასხვა უბნის ფეისბუკჯგუფებში.
55 ბავშვი კლინიკაში
14-მდე აღსაზრდელი მიიყვანეს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში. კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ „ყველას მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმაციული-ინტენსიური თერაპია არავის დასჭირდა“.
„ამ ეტაპზე, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ვერ გაეწერებიან, მონიტორინგი სჭირდებათ, ელექტროლიტური დისბალანსის შევსება და დაკვირვება“, - უთხრა კლინიკის დირექტორმა „ინტერპრესნიუსს“.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში შეყვანილი 11 ბავშვიდან ოთხი უკვე გაწერეს.
„7 პაციენტი კი ამ ეტაპზე სტაციონარში რჩება. ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკაში დაკვირვება“, - ამბობს პედიატრიული განყოფილების უფროსი სოფო ცერცვაძე.
მოსალოდნელი სასჯელი: 5-დან 8 წლამდე პატიმრობა
საბავშვო ბაღებში ინტოქსიკაციის ამ შემთხვევამდე ოთხი დღით ადრე, 14 სექტემბერს, როცა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს რადიო თავისუფლებამ კითხვა დაუსვა საჯარო სკოლებზე, მან ისაუბრა დედაქალაქის საჯარო ბაღების გაუმჯობესებულ ხარისხზე.
„მაგალითად, რომ ავიღოთ თბილისის საჯარო საბავშვო ბაღები, იმდენად არის გაუმჯობესებული მომსახურების ხარისხი, ამის გამო ბევრი კერძო საბავშვო ბაღი დაიხურა კიდეც - ანუ იმდენად მაღალი ხარისხია საჯარო საბავშვო ბაღებში, რომ ბევრი კერძო ბაღი ვერ უძლებდა კონკურენციას. ჩვენ გვინდა, რომ ასეთივე მასშტაბის გაუმჯობესებას მივაღწიოთ საჯარო სკოლებში ისე, რომ მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლებში“.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოთხ ბაგა ბაღსა და მათთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში. გამოკითხეს 50-ზე მეტი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
- გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით - სიცოცხლისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისთვის ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია“, - ამბობენ საგამოძებო უწყებაში.