რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 18 სექტემბერს „უცხოეთის აგენტებად“ ცნო რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი, ბლოგერი და აქტივისტი პაველ ივანოვი, ჟურნალისტი და მწერალი მიხაილ შეველოვი, ყაზახი ოპოზიციონერი ერჟან ტურგუმბაი და პროექტი „ანარქისტ-35“.
„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს ამოქმედდა. კანონმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მისცა უფლება, „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადოს არასამეწარმეო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და ფიზიკური პირები, თუ ისინი იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან, ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას ან „იმყოფებიან უცხოური გავლენის ქვეშ“.
ეს სტატუსი ადამიანებს უფლებებს უზღუდავს და იძლევა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესაძლებლობას „უცხოეთის აგენტის მოვალეობების შეუსრულებლობის“ მუხლით. უკვე 2022 წელს რუსეთში ყოველი მეხუთე „უცხოეთის აგენტის“ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო თითქმის ყოველ მეშვიდეზე იყო გამოხადებული ძებნა, იმყოფებოდა საგამოძიებო იზოლატორში ან მის მიმართ აღკვეთის სხვა ღონისძიებას მიმართავდნენ.