„წინ დიდი სამუშაოა“ - კამბოლოვმა ცხინვალში შეკრებილებს მიმართა

კამბოლოვმა მოქალაქეებს „საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის“ მადლობა გადაუხადა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რიგგარეშე „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ ხმების დათვლა მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, პირველივე ტურში დიდი უპირატესობით იმარჯვებს კრემლის მიერ ცხინვალში საგანგებოდ მოვლენილი მარატ კამბოლოვი.

კამბოლოვს მხარს უჭერდა ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა. „არჩევნებში“ მას სამი კონკურენტი ჰყავდა, რომლებსაც „ტექნიკურ კანდიდატებს“ უწოდებდნენ.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო შეკრება და კონცერტი გაიმართა, რომელზეც, მათ შორის, ახალი ავტომობილი „ნივა“ გათამაშდა. გათამაშების ბილეთების მიღება მოქალაქეებს ხმის მიცემის შემდეგ შეეძლოთ.

კამბოლოვის მიმართვა

შეკრებილებს კამბოლოვმა მიმართა. მან მოქალაქეებს „საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„საბოლოო მონაცემები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, ყველა რეკორდი მოვხსენით [აქტივობის მხრივ]. ამდენ ხალხს არასდროს მიუღია მონაწილეობა“, - თქვა მან.

მისი თქმით, წინ „დიდი სამუშაოა“.

„მხოლოდ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი რესპუბლიკა, ჩვენი ცხინვალი. მას უფრო ძლიერსა და ლამაზს გავხდით. ერთად!“ - თქვა კამბოლოვმა.

მოგვიანებით ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „არჩევნების“ წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც კამბოლოვი პირველივე ტურში, დამაჯერებლად იმარჯვებს.

ასევე ნახეთ

„დემოკრატიის ნიმუშია“ - ცხინვალის „არჩევნებით“ დამკვირვებლები „მოიხიბლნენ“
  • ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18-20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიც მიმდინარეობს. რუსეთის მოქალაქეებისთვის 11 საარჩევნო უბანია გახსნილი.
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო. უწყების განცხადებით, კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და „ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს“. სამინისტრომ ასევე დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა.
  • ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. 18 სექტემბერს ევროკავშირმა აღნიშნა, რომ არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც კენჭისყრა ტარდება, მის შედეგს კი იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევს.