"მტკიცებით ფორმაში [საუბარი] იქნებოდა არასწორი" - კალაძე საბავშვო ბაღებში მოწამლულ ბავშვებზე პირველ კომენტარს აკეთებს

თბილისის მერი კახა კალაძე

მოკლედ

  • თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც პასუხისმგებელია, თბილისის საბავშო ბაღების გამართულად მუშაობაზე, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს სასწავლო წლის დაწყების პირველივე კვირაში ბაღებში მოსწავლეების მოწამვლის ფაქტზე - მერი ამბობს, რომ ყველა პროდუქტი, რაც ბაღებში შედის, ლაბორატორიულად არის შემოწმებული.
  • თბილისის ბაღებში სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის პირველი ცნობები 18 სექტემბრის დილას გავრცელდა - ამ დროს უკვე ათობით ბავშვი სხვადასხვა კლინიკაში იყო გადაყვანილი მსგავსი სიმპტომებით, პირღებინებით, მაღალი ტემპერატურით და ფაღარათით.
  • ბავშვების მოწამვლის შესახებ გამოძიება დაიწყო ფინანსურმა პოლიციამ.
"მტკიცებით იმის თქმა, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც ამის გამორიცხვა არასწორია.[...] უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას და შედეგად, რა თქმა უუნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება." - თქვა თბილისის მერმა 19 სექტემბერს ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

კალაძის თქმით, თბილისის ბაღებში 60 000 -ზე მეტი ბავშვი დადის.

"2023 წლიდან დავნერგეთ ასპის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მწარმოებლიდან, მომწოდებლიდან ბოლო ბენეფიციარამდე სრული კონტროლი განხორციელდეს საკვები პროდუქტების. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება, თუ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ შემოწმებული ოქმები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ არცერთ პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები" - თქვა კალაძემ და დაამატა, რომ მას ესმის მშობელთა შეშფოთებაც და ბავშვებსაც ჯანმრთელობა უსურვა.

ბაღებში მოწამლული ბავშვების რაოდენობამ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, 100-ს გადააჭარბა. საუბარია მხოლოდ მათზე, ვინც კლინიკებს მიმართა - ბავშვების ნაწილს მშობლები სახლში მკურნალობენ.

თბილისის ოც საბავშვო ბაღში, სავარაუდოდ, საკვებით მოწამლულია სულ მცირე 55 ბავშვი და ერთი აღმზრდელი. 18 სექტემბერს, „ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით“, შვიდმა საბავშვო ბაღმა არ მიიღო აღსაზრდელები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის დამზადება რეალიზაციას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ასევე ნახეთ

რას აჭმევენ და ვინ ამარაგებს თბილისის საბავშვო ბაღებს?

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, 18 სექტემბერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოთხ ბაგა ბაღსა და მათთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში. გამოკითხეს 50-ზე მეტი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია“, - ამბობენ საგამოძებო უწყებაში.

ასევე ნახეთ

ბავშვები სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ თბილისის საბავშვო ბაღებში