პსჟ-ის პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ საფრანგეთში ინტერესთა კონფლიქტის გამო გამოძიება მიმდინარეობს

პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი. მონაკო. 27 აგვისტო, 2026 წელი

საფრანგეთის ფეხბურთის კლუბის, "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ საფრანგეთში ინტერესთა კონფლიქტის ეჭვის საფუძველზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ AFP-ი პარიზის პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

წინასწარი გამოძიება უკავშირდება ფაქტს, რომ ხელაიფი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული კლუბის პრეზიდენტიცაა და მედიაჯგუფ beIN Media Group-საც მართავს. საქმე ეხება 2024 წლის ივლისში ფეხბურთის ლიგის წარმომადგენლებთან მაუწყებლობის უფლებებზე გამართულ შეხვედრას, — განაცხადა პროკურატურამ სპორტულ გამოცემა L'Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებისას.

ნასერ ალ-ხელაიფის ადვოკატმა AFP-სთან საუბრისას ხაზგასმით თქვა, რომ მისი კლიენტი „ყოველთვის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად მოქმედებდა“.

ალ-ხელაიფის წინააღმდეგ ბოლო გამოძიება აპრილში დაიწყო კორუფციასთან მებრძოლი ასოციაცია Anticor-ისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო სამართალწარმოება კორუფციასთან ბრძოლისა და ფინანსურ პოლიციას დაევალა.

საქმესთან დაახლოებულმა წყარომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მას ასევე წაუყენეს ბრალი 2025 წლის თებერვალში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში თანამონაწილეობისთვის, რაც ერთ-ერთ კომპანიაში აქციონერთა კენჭისყრას ეხებოდა.

ალ-ხელაიფის წინააღმდეგ წარსულში წაყენებული ბრალდებები სავარაუდო კორუფციის შესახებ, რაც 2017 და 2019 წლების მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობაზე კატარის განაცხადებს ეხებოდა, საბოლოოდ გააუქმა საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ 2023 წლის თებერვალში. სასამართლომ დაადგინა, რომ საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემას არ ჰქონდა მისი სისხლისსამართლებრივი დევნის უფლება.


ნასერ ალ-ხელაიფი არ არის მფლობელი "პარი სენ-ჟერმენისა", რომლის წამყვანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. კლუბი ეკუთვნის კატარის სპორტული ინვესტიციების უწყებას. ნასერ ალ-ხელაიფი მხოლოდ კლუბის პრეზიდენტია.

ასევე ნახეთ

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, პსჟ-ს ხუთი წევრი "სეზონის გუნდში" შეიყვანეს