რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია: DDoS-ის ტიპის ათასზე მეტი თავდასხმა სისტემაზე

ელა პამფილოვა - რუსეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი

რუსეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო დუმის არჩევნების ბოლოს დღეს - კვირას განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რუსეთის საარჩევნო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული „მომსახურების უარყოფის“ (DDoS) ტიპის თავდასხმების 1 000-ზე მეტი ტალღა დაფიქსირდა.

DDoS-ის ტიპის თავდასხმები გულისხმობს სისტემის ინტერნეტ-ტრაფიკით გადატვირთვას, რათა მან ნორმალურად ფუნქციონირება ვერ შეძლოს.

„გასული პერიოდის განმავლობაში, რუსეთში უშუალოდ საარჩევნო პროცესში ჩართული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ DDoS თავდასხმების 1 000-ზე მეტი ტალღა დაფიქსირდა,“ – მოჰყავთ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას სიტყვები.

რუსეთში 20 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნები მთავრდება.

450-წევრიან სახელმწიფო დუმას პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

კენჭისყრაში მონაწილეობს 10 პარტია. არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის არცერთი არ წარმოადგენს ხელისუფლების რეალურ ოპოზიციას.

ასევე ნახეთ

მამუკა ფიფია რუსეთის დუმის არჩევნებს აკვირდება