ფიფია რუსულ მედიას ეუბნება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, საქართველოდან ექვსი დელეგატი მიიწვიეს დამკვირვებლად.
„პირდაპირ გეტყვით, როცა ვამბობთ, რომ ქართველები ვართ, ადამიანებს სახე სრულიად ეცვლებათ, კედლებიც კი იღიმიან. ეს ძალიან სასიამოვნოა“, - ამბობს ფიფია.
მან დადებითად შეაფასა არჩევნების სამი დღის განმავლობაში ჩატარების სისტემა და კენჭისყრის ორგანიზებაც.
არჩევნებზე დაკვირვებამდე ფიფია ეკატერინბურგში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ 2023 წელს დაფუძნდა. პარტიას საქართველოში არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
2025 წლის იანვარში პარტიის წარმომადგენლები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებსაც აკვირდებოდნენ.
არჩევნები რეალური ოპოზიციის გარეშე
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება უკრაინის წინააღმდეგ ომის, რუსეთის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლის და რეპრესიების გაძლიერებისა და ოპონენტების კიდევ უფრო შეზღუდვის და ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის პირობებში.
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის ხელყოფით ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ვადაზე ადრე, აგვისტოს ბოლოდან დაიწყო უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რუსეთის 450-წევრიან სახელმწიფო დუმას პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.
კენჭისყრაში მონაწილეობს 10 პარტია: პუტინის პარტიად წოდებული „ედინაია როსია“ (ერთიანი რუსეთი), კომუნისტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, „ახალი ხალხი“ და „სამართლიანი რუსეთი“, რომლებიც წინა, მერვე მოწვევის დუმაშიც წარმოდგენილი იყვნენ; ასევე „პენსიონერთა პარტია სოციალური სამართლიანობისთვის“, „რუსეთის კომუნისტები“, „როდინა“(სამშობლო), „მწვანეები“ და „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“.
არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის არცერთი არ წარმოადგენს პუტინის ხელისუფლების რეალურ ოპოზიციას.
რუსეთის ერთადერთ პარტიას, რომელიც უკრაინაში ომს აკრიტიკებს და მის შეწყვეტას მოითხოვს, „იაბლოკოს“, დუმის არჩევნებში პროპორციული სისტემით მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
ფორუმი