სოციალურ ქსელში რამდენიმე მევენახე წერს, რომ მათ მიერ წინასწარ გაზომილი შაქრიანობა ყურძნის ჩამბარებელ საწარმოში მიღებულ მაჩვენებელს აღემატებოდა. განსხვავება პირდაპირ აისახება მათ შემოსავალზე.
როგორ განისაზღვრება ფასი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის რთველზე საქართველოში ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელოდებიან. წინასწარი პროგნოზით, მოსავალმა შესაძლოა 320 ათას ტონას გადააჭარბოს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
სამინისტროს ცნობით, წლევანდელმა კლიმატურმა პირობებმა „გარკვეული გამოწვევები შექმნა“: უხვი ნალექის გამო ვაზს ზოგ შემთხვევაში უჭირს შაქრიანობის შესაბამისი მაჩვენებლის მიღწევა და ყურძნის კრეფას მეტი დრო სჭირდება.
გურჯაანში რთვლის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს გაიხსნა. მაშინ ითქვა, რომ ჭარბი მოსავლის შემთხვევაშიც ყველა მევენახეს მიეცემოდა ყურძნის რეალიზაციის შესაძლებლობა და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩებოდა.
ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო კომპანია „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში ყურძენს „დადგენილი ფასებით“ ჩაიბარებდა:
- საფერავი, არანაკლებ 21% შაქრიანობით და დაუზიანებელი - 1,50 ლარი;
- საფერავი, 17%-დან 21%-მდე შაქრიანობით ან ნაწილობრივ დაზიანებული - 0,90 ლარი;
- საფერავი, 17%-ზე ნაკლები შაქრიანობით ან დაზიანებული - 0,30 ლარი;
- სხვა „ნებადართული ჯიშის ყურძენი“, არანაკლებ 20% შაქრიანობით და დაუზიანებელი - 1,30 ლარი;
- სხვა „ნებადართული ჯიშის ყურძენი“, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობით - 0,80 ლარი;
- სხვა „ნებადართული ჯიშის ყურძენი“, 17%-ზე ნაკლები შაქრიანობით - 0,30 ლარი.
ასევე ნახეთ
რუსეთში 40-ზე მეტი ქართული კომპანიის პროდუქციას კრძალავენ? - რა ვიცით ამის შესახებრას ამბობენ მევენახეები
პრობლემაზე სოციალურ ქსელში დაწერა ვახო ქურდაძემ. მისი თქმით, ყურძნის მოვლაზე გაწეული ხარჯი, შაქრიანობის საბოლოო მაჩვენებლის მიუხედავად, ერთნაირია, თუმცა ჩაბარებისას ფასებს შორის სხვაობა მკვეთრია.
ქურდაძე წერს, რომ მისი ოჯახის წევრის ყურძნის შაქრიანობა საკუთარი ხელსაწყოთი რამდენჯერმე გაზომეს, თუმცა ქარხანაში მიღებული შედეგი მნიშვნელოვნად დაბალი აღმოჩნდა.
„ათჯერ გავზომეთ შაქრიანობის დონე და ათჯერვე 21,5 ან 22% გამოვიდა (ადგილს გააჩნია და სველია თუ არა ყურძენი). მივიტანეთ ქარხანაში და, ჰოი საოცრებავ, გამოვიდა 19,8%. ანუ, ზუსტად სამ წუთში, ვიღაც ჯიბიდან მარიდებს 5000 ლარს და თავად იდებს ჯიბეში“, - წერს ქურდაძე.
მისი თქმით, შაქრიანობის ხელახალი გაზომვა მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო, რის შემდეგაც მოსავალი უკან წაიღო.
ქურდაძის ინფორმაციითვე, შილდაში ამ საკითხზე მევენახეების პროტესტს ყურძნის ჩამბარებელი საწარმოს დროებით დაკეტვა მოჰყვა.
ანალოგიურ შემთხვევაზე წერს კიდევ ერთი მევენახე. მისი თქმით, საფერავისა და რქაწითლის შაქრიანობა წინასწარი გაზომვით 22 გრადუსს აღემატებოდა, კაბერნესი კი 23-ს, თუმცა ჩაბარების ადგილზე 18 გრადუსი დაუფიქსირეს.
ის ამბობს, რომ განმეორებითი გაზომვა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო:
„მითხრეს, ხელახლა გასინჯვის უფლება არ გვაქვს, რადგან შეიძლება მეორე გაზომვაზე სხვა შედეგი გამოვიდეს და მერე დანარჩენს რა ვუთხრათო. ანუ ჩემი ერთი წლის ნაშრომის ბედი ერთ გაზომვაზე უნდა გადაწყდეს”.
ასევე ნახეთ
საქართველოდან ირანში ექსპორტი თითქმის 8,5-ჯერ გაიზარდარას პასუხობს მინისტრი
სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ წლევანდელი რთვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იმ მევენახეების წახალისებაა, რომლებიც ვენახს „სათანადოდ უვლიან, ვაზს ზომიერად ტვირთავენ და მაღალი შაქრიანობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ყურძენს აწარმოებენ“.
„ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია“, - განაცხადა მინისტრმა.
სონღულაშვილის განცხადებით, იყო შემთხვევებიც, როდესაც ყურძენი იმდენად დაზიანებული აღმოჩნდა, რომ მისგან შაქრიანობის დასადგენად წვენის აღებაც ვერ მოხერხდა.
„მიუხედავად ამისა, მევენახეს მაინც დავეხმარეთ, რომ მისი მოსავალი დაბინავებულიყო და ჩაუბარებელი არ დარჩენილიყო. ასეთი კრიტიკული შემთხვევების მიუხედავადაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, არცერთი მტევანი დაუბინავებელი არ დარჩება“, - თქვა მინისტრმა.
მისი განცხადებით, მოსავლის სრულად დაბინავებასთან ერთად, სახელმწიფოს მიზანია ხარისხიანი პროდუქციის წარმოების წახალისებაც.
„იმ მევენახეს, რომელმაც მაღალხარისხიანი ყურძენი მიიღო, განსხვავებული და გამორჩეული შედეგი ექნება. ხარისხიანი ყურძნის წარმოება აუცილებლად მეტად დაფასდება და მევენახესაც მეტ შემოსავალს მოუტანს“, - თქვა დავით სონღულაშვილმა.