საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

დევიდ ადეანგი და ირაკლი კობახიძე

საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. დოკუმენტს ხელი მოწერეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე განკარგულება საქართველოს მთავრობამ 16 სექტემბერს გამოსცა.

ასევე ნახეთ

მთავრობა: ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნაურუს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა.

ნაურუს გადაწყვეტილება

ნაურუს ხელისუფლებამ 2026 წლის 21 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

სოხუმსა და ცხინვალში განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი ნაურუზე დასავლეთის ზეწოლის შედეგია.

ნაურუ წყნარ ოკეანეში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა. მისი ფართობი დაახლოებით 21 კვადრატული კილომეტრია, რაც მას ვატიკანისა და მონაკოს შემდეგ მსოფლიოში მესამე ყველაზე პატარა სახელმწიფოდ აქცევს. გაეროს 2025 წლის მონაცემებით, ნაურუში დაახლოებით 12 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

სატელეფონო საუბარი

ამ გადაწყვეტილებიდან ერთი თვის შემდეგ, 27 აგვისტოს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძესა და ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად.

სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.