Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა: ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

ნაურუ, კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში. სატელიტური ფოტო
ნაურუ, კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში. სატელიტური ფოტო

საქართველოსა და ნაურუს (ნაოერო) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე განკარგულება საქართველოს მთავრობამ 16 სექტემბერს გამოსცა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნაურუს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა.

კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა.

კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით 2024 წელსაც გამოვიდა, 2025 წელს კი საქართველოს გაეროში „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი წარმოადგენდა.

ნაურუს გადაწყვეტილება

ნაურუს ხელისუფლებამ 2026 წლის 21 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

სოხუმსა და ცხინვალში განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი ნაურუზე დასავლეთის ზეწოლის შედეგია.

ნაურუ წყნარ ოკეანეში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა. მისი ფართობი დაახლოებით 21 კვადრატული კილომეტრია, რაც მას ვატიკანისა და მონაკოს შემდეგ მსოფლიოში მესამე ყველაზე პატარა სახელმწიფოდ აქცევს. გაეროს 2025 წლის მონაცემებით, ნაურუში დაახლოებით 12 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

სატელეფონო საუბარი

27 აგვისტოს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძესა და ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად.

სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრა ნაურუს პრეზიდენტთან

სექტემბრის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების ფორუმის (PIF) ლიდერთა 55-ე შეხვედრაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა პალაუს რესპუბლიკის პრეზიდენტ სურანგელ ვიპს უმცროსთან და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დევიდ ადეანგი
ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დევიდ ადეანგი

ასევე გაიმართა შეხვედრები იაპონიის, სერბეთის, კუკის კუნძულების, ტუვალუს, ტონგის, მარშალის კუნძულებისა და მიკრონეზიის ფედერაციული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ღონისძიებაში მონაწილე სხვა დელეგაციების წარმომადგენლებთან.

საგარეო უწყების ცნობით, კუნძულოვანი ქვეყნების წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადეს, დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოსთან ურთიერთობების სხვადასხვა სექტორში გასაღრმავებლად.

  • რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. 18 წლის შემდეგ, რუსეთის გარდა, მათ „დამოუკიდებლობას“ მხოლოდ ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია აღიარებენ. თავდაპირველად მათი „დამოუკიდებლობა“ ასევე აღიარეს ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ, თუმცა მოგვიანებით სამივე ქვეყანამ აღიარება უკან გაიწვია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG