ეს სამოქმედო გეგმა კი, - აცხადებენ ევროსაბჭოში, - საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად მომზადდა.
„მონიტორინგი“
2026 წლის 21 სექტემბერს რადიო თავისუფლებას აუდიტის სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს:
„ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი ა(ა)იპ „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე“.
ეს ორგანიზაცია 1998 წელს დააფუძნა არმაზ ახვლედიანმა, - რომელიც ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას.
მონიტორინგის დაწყებას წინ უძღოდა პროსახელისუფლებო მედიაში კამპანია ამ ორგანიზაციის მიერ ბახმაროში ჩატარებული ტრენინგების შესახებ, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან კრიტიკა და განცხადებები, რომ „სკოლაში“ ახალგაზრდებს „ტვინს ურეცხავენ“ და ამ საკითხის შესწავლაა საჭირო.
ამ განცხადებების შემდეგ, TSPS-ის არაერთმა კურსდამთავრებულმა და საჯარო ფიგურამ გამოხატა მხარდაჭერა.
ასევე ნახეთ
ევროსაბჭოს პროექტი და ახვლედიანის „პოლიტიკური სკოლა“ - აუდიტის სამსახურმა „მონიტორინგი“ დაიწყორას ამბობს ევროსაბჭო
22 სექტემბერს ევროპის საბჭოს მედიის დეპარტამენტისგან მიღებულ წერილობით პასუხში წერია, რომ:
- „სემინარი, „არჩევანი დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ“, რომელიც 2026 წლის 18-19 სექტემბერს ბახმაროში გაიმართა, ევროპის საბჭოს მოხალისეობრივი პროექტის, „სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერა საქართველოში“, და „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ (TSPS) ერთობლივი აქტივობაა.
- პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს „საქართველოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, - რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად მომზადდა და, სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს დიალოგისა და დემოკრატიული მონაწილეობის, - როგორც დემოკრატიის კულტურის საფუძვლების, - განმტკიცებას.
- სემინარი უშუალოდ ევროპის საბჭოს მიერ, პროექტის ფარგლებში განხორციელდა და დაფინანსდა, ხოლო სკოლა პარტნიორისა და მასპინძლის ფუნქციას ასრულებდა.
- აღნიშნული ღონისძიება არ ითვალისწინებდა გრანტის გადაცემას საქართველოში რეგისტრირებული მიმღებისთვის.
- სემინარზე დასწრება შესაძლებელი იყო მოსაწვევებით და მედიისთვის ღია არ ყოფილა. ღონისძიებაზე მოწვევები ფართოდ გავრცელდა "თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" კურსდამთავრებულებს შორის, რომლებიც, პარტიული ხაზების მიუხედავად, მოსაზრებების ფართო სპექტრს წარმოადგენენ. [მოსაწვევების დაგზავნა] მიზნად ისახავდა ღია და კონსტრუქციული დისკუსიის ხელშეწყობას და განსხვავებული მოსაზრებების წარმოდგენას.
- ევროპის საბჭოს არმაზ ახვლედიანისთვის, ისევე როგორც "თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" სხვა წარმომადგენლებისთვის, სემინართან დაკავშირებით ჰონორარი არ გადაუხდია“.