Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს პროექტი და ახვლედიანის „პოლიტიკური სკოლა“ - აუდიტის სამსახურმა „მონიტორინგი“ დაიწყო

ევროსაბჭო გრანტის გაცემას უარყოფს და ამბობს, რომ ყოფილი პოლიტიკოსის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზაცია მხოლოდ მასპინძელი იყო.
ევროსაბჭო გრანტის გაცემას უარყოფს და ამბობს, რომ ყოფილი პოლიტიკოსის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზაცია მხოლოდ მასპინძელი იყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური გეგმავს, შეისწავლოს „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ (TSPS) მიერ „გრანტის მიღება“ ევროსაბჭოსგან, - თუმცა ევროსაბჭო გრანტის გაცემას უარყოფს და ამბობს, რომ ყოფილი პოლიტიკოსის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზაცია მხოლოდ მასპინძელი იყო.

„მონიტორინგის“ დაწყებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის ლიდერების განცხადებები, რომ "სკოლაში" ახალგაზრდებს „ტვინს ურეცხავენ“ და ამ საკითხის შესწავლაა საჭირო.

  • ამის შემდეგ ორგანიზაციას, რომელიც 28 წელია ფუნქციონირებს, სოციალურ ქსელებში "სკოლის" მრავალმა კურსდამთავრებულმა და გამოჩენილმა ადამიანმა - რეჟისორმა, მუსიკოსმა, ჟურნალისტმა თუ პოლიტიკოსმა - დაუჭირა მხარი;
  • მათ ხაზი გაუსვეს, რომ „სკოლაში“ სხვადასხვა დროს ყოფილან „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის შალვა პაპუაშვილი.

„მონიტორინგი“ იწყება 2025 წელს „გრანტების კანონში“ მიღებული ცვლილებების ძალით, - ცვლილებებისა, რასაც უფლებადამცველები ქვეყანაში კრიტიკული სამოქალაქო ორგანიზაციების ჩახშობის მცდელობას აფასებენ.

„გრანტი მთავრობის თანხმობის გარეშე“?

2026 წლის 21 სექტემბერს რადიო თავისუფლებას აუდიტის სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს:

ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი ა(ა)იპ „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე“.

ორგანიზაცია 1998 წელსაა რეგისტრირებული და მიზნად განსაზღვრულია „საქართველოში ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბება“. იქ არაერთ პოლიტიკოსს გაუვლია ტრენინგები სხვადასხვა პერიოდში.

მისი დამფუძნებელია არმაზ ახვლედიანი, - რომელიც ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

მონიტორინგის დაწყებას წინ უძღოდა პროსახელისუფლებო მედიაში კამპანია ამ ორგანიზაციის მიერ ბახმაროში ჩატარებული ტრენინგების სერიის შესახებ, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან კრიტიკა.

„ევროსაბჭო ატარებს“

18 სექტემბერს „იმედზე“ გასულ პირველ სიუჟეტში ამ თემაზე ახვლედიანი ამბობს, რომ შეკრებას ევროსაბჭო ატარებს:

„რა უნდა შემევსო, ევროპის საბჭოს მიერ ტარდება ეს შეკრება, რომელიც ეხება სამოქალაქო დიალოგს", - „იმედმა“ სიუჟეტში აჩვენა არმაზ ახვლედიანის ეს მოკლე კომენტარი, რომელიც ბახმაროში ჩაიწერეს.

„თქვენი კანონები არის არსით უსამართლო და უკანონო, იმის დროც დადგება, როცა ეს ყველაფერი გადაიხედება და ბევრს შეგრცხვებათ“, - ამბობს ასევე ახვლედიანი.

„იმედმა“ 18 სექტემბერსვე მორიგ სიუჟეტში გააშუქა ევროსაბჭოს პასუხი:

  • „სემინარი, „არჩევანი დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ“, რომელიც 2026 წლის 18-19 სექტემბერს ბახმაროში იმართება, წარმოადგენს ევროპის საბჭოს VC პროექტის, „სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერა საქართველოში“ და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ერთობლივ აქტივობას.
  • სემინარი უშუალოდ ევროპის საბჭოს მიერ ხორციელდება და მხარდაჭერილია, როგორც პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა, ხოლო სკოლა წარმოადგენს პარტნიორსა და ღონისძიების მასპინძელს.
  • აღნიშნული აქტივობა არ ითვალისწინებს საქართველოს რომელიმე მიმღები პირისთვის/ორგანიზაციისთვის გრანტის გადაცემას“.

რადიო თავისუფლება 21 სექტემბერს, აუდიტის სამსახურში მოკვლევის დაწყების შემდეგ დაუკავშირდა ევროპის საბჭოს შეკითხვებით, მათ შორის, როგორ აფასებს ამ საქმის სავარაუდო გავლენას სამოქალაქო ორგანიზაციების ფუნქციონირებაზე.

„ტვინის გამორეცხვა“

პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა 18 სექტემბერს არმაზ ახვლედიანს უწოდა „რადიკალი პოლიტიკოსი“ და განაცხადა:

  • „ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსის მქონე პროექტი და სემინარი“;
  • „აფინანსებენ ... რომ შემდეგ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ“.

მან ასევე თქვა, რომ ახვლედიანი, - რომელიც სხვადასხვა პარტიაში ყოფილა, მათ შორის იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, - „ნაციონალების სიით იყო პარლამენტში“ [ის „ევროპული საქართველოს“ სიით იყო 2020-24 წლების მოწვევის პარლამენტში].

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ კი 18 სექტემბერს „შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“ დააანონსა, „თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობა“.

აშკარად ჩანს, რომ, სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე“, - თქვა მან და განაცხადა, რომ „საქართველოს კანონმდებლობას ... ყველამ უნდა სცეს პატივი“.

პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ ევროსაბჭოს საქართველოც აფინანსებს, - „საქართველოს მოქალაქეების ფული სტრასბურგში წავიდა და ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად მობრუნდა“.

„ევროსაბჭოს წარმომადგენლობას ახლა პასუხი აქვს გასაცემი ამ ძალიან მძიმე ბრალდებაზე - რომ არსებობს ეჭვი, რომ ქართველი ხალხის და მისი კანონების გვერდის ავლით ხდება პოლიტიკური პროექტის დაფინანსება“, - თქვა მან.

„გრანტების კანონის“ საფუძველზე

აუდიტის სამსახურმა კვლევა არა ე.წ. აგენტების კანონის, - რაზეც კობახიძე საუბრობდა, - არამედ „გრანტების კანონის“ საფუძველზე დაიწყო:

„საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“, - განაცხადეს უწყებაში.

„ქართულმა ოცნებამ“ ის საკანონმდებლო ცვლილები, რაც ამ შემოწმებას უდევს საფუძვლად, 2025 წლის თებერვალში დაჩქარებული წესით დაამტკიცა - შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებს მთავრობის ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა.

ცვლილებების შედეგად:

  • გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
  • გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
  • თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
  • უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს - „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.

ამ ცვლილებას არაერთი ადგილობრივი თუ უცხოელი უფლებადამცველი აკრიტიკებს. „უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლის“ ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევენ მას ევროკავშირი და ევროპარლამენტი.

„გრანტების შესახებ“ კანონში და სხვა აქტებში ინიციირებული ცვლილებები 2026 წლის 2 თებერვალს გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ.

მისი შეფასებით, ეს ცვლილებები ზღუდავს სამოქალაქო სექტორის საქმიანობას და ხელისუფლებას მოუწოდა, უარი თქვას ისეთი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე, რომლებიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ ფუნქციონირებას აფერხებს.

მხარდაჭერა TSPS-ს

პროსახელისუფლებო მედიაში „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ (TSPS) შესახებ სიუჟეტების მომზადების შემდეგ, ამ "სკოლის" არაერთმა კურსდამთავრებულმა და საჯარო ფიგურამ გამოხატა მხარდაჭერა.

„ასეთ სკოლებს ყოველთვის ემტერებოდნენ ავტორიტარული ხელისუფლებები... ასეთი სკოლების არსებობა ხელს უშლის ყველა ჯურის შარლატან პოლიტიკანებს, პოპულისტებს და ავტოკრატებს აწარმოოონ ანიტევროპული პროპაგანდა“, - დაწერა ირაკლი მელაშვილმა, მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრმა.

ანსამბლ „შავნაბადას" ხელმძღვანელმა დავით ცინცაძემ დაწერა, რომ ისიც არის "სკოლის" კურსდამთავრებული, - „მოაზროვნე საზოგადოების ახალგაზრდა და მნიშვნელოვან ნაწილთან“ ერთად.

„მე მინდა არსებობდეს თბილისის პოლიტიკური სკოლა ჩვენს ქვეყანაში და გულწრფელად ვუცხადებ თანადგომას, რამდენადაც მისი შიდა, სამუშაო გარემო ყოველთვის ჯანსაღი იყო როცა მე იქ ვყოფილვარ და ეს არაერთხელ მინახავს საკუთარი თვალით“, - დაწერა მან.

პოლიტიკოსმა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა თეონა აქუბარდიამ დაწერა:

„ევროსაბჭო წლებია, მხარს უჭერს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას. მე თავად 2008 წელს ვიყავი ამ სკოლის მსმენელი“.

„რამდენადაც ვიცი თავად პაპუაშვილია თბილისის პოლიტიკური სკოლის კურსდამთავრებული, ისევე როგორც არაერთი მოსამართლე, პოლიტიკოსი თუ საჯარო მოხელე. მისი ჯანდაცვის მინისტრი მიშა სარჯველაძეც ამ სკოლის მსმენელი იყო“, - დაწერა მან.

კინორეჟისორმა ნანა ჯანელიძემ დაწერა, რომ TSPS-ში 2010 წლიდან დადის და, ფაქტობრივად, ყველა თავისი ფილმი აქვს ნაჩვენები:

„ყოველი ჩვენების შემდეგ იწყებოდა ხანგრძლივი საუბარი — განხილვა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კითხვები და პასუხები. და ხშირად ეს საუბრები ჩემთვის არანაკლებ საინტერესო იყო, ვიდრე თავად ფილმის ჩვენება“.

„ყოველთვის აღტაცებაში მოვყავდი არმაზის მიდგომას და მის მოთხოვნებს: უაღრესად მოწესრიგებული გარემო და დამოკიდებულებები, ხაზგასმული პუნქტუალურობა, ერთმანეთის მოსმენის კულტურა, სხვისი აზრის გათვალისწინება და პატივისცემა“, - წერს კინორეჟისორი.

„ასეთი სივრცეები იშვიათია. მით უფრო ძვირფასია მათი არსებობა. გავუფრთხილდეთ ასეთ ოზონის კუნძულებს — ისინი თავისუფლად ფიქრის, ერთმანეთის მოსმენის და, საბოლოოდ, ადამიანად ყოფნის ფუფუნებას გვანიჭებენ“, - დაწერა ნანა ჯანელიძემ.

„ფორმულის“ აწ უკვე ყოფილი ჟურნალისტი ლევან ლომიძე TSPS-ს ახასიათებს, როგორც „ერთ-ერთ ყველაზე დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სივრცეს, რომელშიც ოდესმე მოხვედრილა“:

„ეს არის ადგილი, სადაც რამდენიმე წლის წინ მიხეილ სარჯველაძე, სკოლის კურსდამთავრებული, საქართველოში დემოკრატიის შუქ-ჩრდილებზე გვიკითხავდა ლექციას“, - დაწერა მან.

„აქ კრიტიკულ კითხვებს ისმენდნენ მიხეილ სარჯველაძეც, კახა კუჭავაც, დავით უსუფაშვილიც, პაატა ზაქარეიშვილიც და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ბევრი სხვა ადამიანიც, მათ შორის ელჩებიც“, - წერს ჟურნალისტი.

  • შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მართლაც ესწრებოდა ამ სკოლის ლექციებს, კერძოდ, 2007 წელს, თუმცა - „19 წლის წინ სხვა მდგომარეობა და სხვა გარემოება იყო და ეს გარემოება შეცვლილია“.
  • ხოლო ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს, - რომელიც ამ სკოლაში, სამეწარმეო რეესტრის თანახმად, წლების განმავლობაში იყო მმართველი გამგეობის წევრი, - ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ვინ არის არმაზ ახვლედიანი

56 წლის არმაზ ახვლედიანი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგია.

პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ყოფილა სხვადასხვა პარტიის წევრი.

იყო ასლან აბაშიძის „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირში“ (1995-99 წწ. მოწვევის პარლამენტში), ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირში“ (1999-2004 წწ. პარლამენტი), ასევე „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოში“.

2013 წელს გახდა ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი.

2016 წელს პარტია დატოვა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას და ასნეულებს „ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს“.

2020-24 წლებში ის იყო პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“, - თუმცა გაყოფილი პარტიის ლიდერების ნაწილთან უთანხმოება ჰქონდა.

2021 წელს მან, დავით ბაქრაძის მსგავსად, ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას, - როდესაც პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ამისგან თავი შეიკავა და ხელმომწერი ოპოზიციონერები არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა.

არმაზ ახვლედიანი ერთ-ერთი იყო, რომელიც, პარტიის უარის მიუხედავად, პარლამენტში შევიდა.

გარდა პოლიტიკური კარიერისა, ჩართულია სამოქალაქო და საგანმანათლებლო აქტივობებში.

2017 წლიდან დღემდე არის „ბახმაროსა და გომის მთის განვითარების ხელშემწყობი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ასოციაციის“ დამფუძნებელი.

2016 წელს დააფუძნა „დემოკრატიული აუდიტის ცენტრი“.

იგი ხშირად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას.

„ძალაუფლებისა და სახელმწიფო ქონების მიმტაცებელი ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფება გაასმაგებული ძალით ემზადება ხალხის შემდგომი დაბეჩავების, ძარცვისა და კონსტიტუციური უფლებების ფეხქვეშ გასათელად“, - აცხადებდა ის 4 სექტემბერს:

„გაუგონარ შავ დღეში ჩავარდნილი საქართველოს ხსნა ახლა ახალი კეთილგონიერი, სამართლიანი მძლავრი პოლიტიკური გუნდისა და მისი მხარდამჭერი შეგნებული მოქალაქეების ხელშია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG