კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, დედაქალაქში დაჭრილია სამი ადამიანი. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
კიევში დრონებით დარტყმა იყო ორ ავტოგასამართ სადგურზე, სატრანსპორტო საწარმოზე, საწყობებზე და ბიზნეს-ცენტრზე.
განახლება: კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დილის ათი საათის მონაცემებით, დაშავებულია 7 ადამიანი.
შუადღის შემდეგ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში დაღუპულია ორი და დაშავებულია 22 ადამიანი.
უკრაინის რეგიონები
რუსეთის ჯარებმა ოდესის ოლქში შეუტიეს საპორტო ინფრასტრუქტურას და სატვირთო გემს.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმა იყო ანტიგუას და ბარბუდის დროშით მცურავ კომერციულ სატვირთო გემზე. დაიღუპა გემის კაპიტანი, რომელიც უკრაინის მოქალაქე იყო. ეკიპაჟის სხვა წევრები ევაკუირებული არიან, გემზე გაჩენილი ხანძარი ჩაქრეს.
ადმინისტრაციის ცნობითვე, ოდესის ოლქში ორჯერ იყო შეტევა მედიკამენტების, საყოფაცხოვრებო საქონლის და სურსათის საწყობებზე, სადაც ხანძრების ლიკვიდაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 23 სექტემბერს დილით გავრცელებული ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით კიევში და კიევის ოლქში დაარტყეს დრონების წარმოებისთვის საჭირო მასალების საწყობს და დრონების მაკომპლექტებლების მწარმოებელ საწარმოს, ხოლო ოდესის ოლქში - სამხედრო დანიშნულებით გამოყენებულ ოთხს საწყობს და სატვირთო გემს.
გასულ ღამით შეტევა იყო უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს მსხვილ სავაჭრო ცენტრ „ამსტორზე“, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. რუსეთის ჯარებმა ამ სავაჭრო ცენტრს რამდენიმე დღის წინაც დაარტყეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კუშუგუმში დანგრეულია კერძო სახლი. დაიღუპა ერთი ადამიანი.
მეხანძრეები აქრობენ ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს.
ხარკოვის მერის ცნობით, ქალაქის კიევის რაიონში დრონებით დარტყმა იყო ავტომობილებზე. დაიღუპა ერთი ადამიანი.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მართვადი ავიამომბებით დაარტყეს ოლქის ქალაქ იზიუმს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დანგრეულია კერძო სახლები. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საწარმოებზე შეტევა იყო ჟიტომირის და პოლტავის ოლქებში. სამსახურის ტელეგრამ-არხზე 23 სექტემბერს დილით გამოქვეყნებულ ცნობაში კონკრეტული საწარმოები დასახელებული არ არის.