კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამიტზე მიწვევისთვის მადლიერი არიან, თუმცა პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობის საკითხი „დამუშავდება და შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“.
შეერთებულმა შტატებმა რომ პუტინი მაიამიში, G20-ის სამიტზე მიიწვია, ეს ცნობილი 23 სექტემბერს გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
რუბიომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამიტზე პრეზიდენტი პუტინი მიიწვიეს, იმედია, ამ მიწვევას მიიღებს და ექნება არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტთან, არამედ სხვა ლიდერებთანაც ურთიერთობის შესაძლებლობა.
ასევე ნახეთ
პესკოვი: „შეუძლებელია“ პუტინი-ზელენსკის შეხვედრა დეკემბერში „დიდი ოცეულის“ სამიტზეუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაიამიში G20-ის სამიტი შესაძლოა, გამოყენებული იყოს აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი შეხვედრის მიზნითაც.
ზელენსკის თანახმად, შესაბამისი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, კიევი შეხვედრის ამ ფორმატს მიესალმება.
- G20-ის ბოლო სამიტი, რომელსაც ვლადიმირ პუტინი დაესწრო, 2019 წელს გაიმართა იაპონიის ქალაქ ოსაკაში.
- კორონავირუსის პანდემიის და უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინი რამდენიმე სამიტში ონლაინ მონაწილეობდა. სამიტების მასპინძელ ქვეყნებში რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ხელმძღვანელობდა.