მოსამართლე პოლიტიკოსების შეურაცხყოფის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, დაადგინოს, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებით შეტანილი მუხლი.

მოსამართლე ეჭვობს, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს „მსუსხავი ეფექტი“.

„საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, საჯარო და განსაკუთრებით პოლიტიკურ თანამდებობის პირებს აქვთ თმენის ბევრად მაღალი ვალდებულება, ვიდრე რიგით მოქალაქეებს, მათ მიმართ გამოხატული კრიტიკისადმი...

პოლიტიკოსების მიმართ კრიტიკის ფარგლები ბევრად ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. ეს ვალდებულება განსაკუთრებით აქტუალურია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მათი საჯარო საქმიანობის და პოლიტიკური ფუნქციის შესრულების თაობაზე გამოხატული მოსაზრებების შეფასებისას“, - წერს მოსამართლე კიკვაძე.

ციცინო კიკვაძემ სამოსამართლეო კარიერა 2005 წელს დაიწყო. თავდაპირველად მუშაობდა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოში, შემდეგ კი ქუთაისის სასამართლოში. 2016 წლიდან ის არის უვადო მოსამართლე.

რატომ მიმართა მოსამართლემ საკონსტიტუციოს?

მოსამართლეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კითხვა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დაეწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებული საქმე ​Facebook-ში მოქალაქის მიერ დაწერილ კომენტარზე - მოქალაქემ 2026 წლის 3 ივნისს ერთ-ერთი პოსტის ქვეშ შეურაცხყოფა მიაყენა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს.

იმის გამო, რომ ირაკლი კეზევაძის კომენტარში პოლიტიკოსი იყო ნახსენები, შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო არა „წვრილმანი ხულიგნობის“ (166-ე მუხლი), არამედ პოლიტიკოსის შეურაცხყოფის (17316-ე) მუხლით.

რა განსხვავებაა ამ ორ მუხლს შორის?

  • 166-ე მუხლით 500 ლარიდან 3000 ლარამდე ჯარიმა ან 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული;
  • 17316-ე მუხლით კი უფრო დიდი სანქცია: 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.

„წვრილმანი ხულიგნობა“, სახდელის სიმცირესთან ერთად, მოსამართლეს უფლებას აძლევს, არ გამოიყენოს სანქცია, პოლიტიკოსის შეურაცხყოფის შემთხვევაში კი, მონანიების მიუხედავად, ეს შესაძლებლობა არ არსებობს. მოსამართლემ საკონსტიტუციო წარდგინებაში მოიყვანა მოქალაქის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების ციტატა:

„არ უნდა დამეწერა, მაგრამ ნასვამი ვიყავი, მეუღლე სამი წლის წინ გარდამეცვალა, შვილები არ მყავს, არსად ვმუშაობ, რადგან ვუვლი ავადმყოფ დედას, თავს ვირჩენ დედის პენსიით და მეგობრების დახმარებით“. შეკითხვაზე, კიდევ თუ წერთ კომენტარებს პოსტებზე, ირაკლი კეზევაძემ უპასუხა: არა, აღარც ვეკარები საერთოდ“.

ასევე ნახეთ

რატომ არ ჩათვალა მოსამართლე ხუჭუამ Facebook-კომენტარი „წვრილმან ხულიგნობად“

ცალკე მუხლი კანონში

მოსამართლე ციცინო კიკვაძე მიიჩნევს, რომ „წვრილმანი ხულიგნობის“ მუხლი, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდის დაცვაა, დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეიძლება იცავდეს „დაზარალებულ პირებს“:

  • „სახელმწიფოს უნდა შეეძლოს აჩვენოს რა კონკრეტული პრობლემა ვერ გვარდება 166-ე მუხლით, რატომ არის საჭირო დამატებითი სპეციალური სამართალდარღვევის შემოღება“;
  • „აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, ისეთი ქმედებები, რომლებიც რეალურად უქმნის საფრთხეს საჯარო მოსამსახურის უსაფრთხოებას ან ხელს უშლის მის სამსახურებრივ საქმიანობას და, მეორე მხრივ, სიტყვიერი გამოხატვა, რომელიც შესაძლოა იყოს მკვეთრი, შეურაცხმყოფელი ან ემოციური, მაგრამ არ შეიცავდეს ძალადობის, მუქარის ან სხვა რეალური საფრთხის ელემენტებს“;
  • „სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა სანქციამ არ უნდა შექმნას ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელშიც მოქალაქეები საჯარო პირების მიმართ კრიტიკული მოსაზრების გამოხატვისაგან მხოლოდ შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით შეიკავებენ თავს“.

როგორ მიდის საქმე სასამართლოში?

შსს-ს ახლადშექმნილი „სიძულვილის მონიტორინგის დეპარტამენტმა“, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს" უწოდებს, მუშაობა 1 ივნისიდან დაიწყო. დეპარტამენტის თანამშრომლები ამონიტორინგებენ სოციალურ ქსელებს, ადგენენ სამართალდარღვევათა ოქმებს და სასამართლოებს მიმართავენ მოქალაქეთა მიმართ სანქციის გამოსაყენებლად:

  • 166-ე მუხლი (წვრილმანი ხულიგნობა) - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება 20-დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ან 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს;
  • 17316-ე მუხლი - თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ან 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმაა გათვალისწინებული.

ასევე ნახეთ

რას მიიჩნევს დარღვევად შსს-ს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველო - დარახველიძის განმარტება

საქართველოს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა შსს-ს ათობით მიმართვა დააკმაყოფილეს. მათ შორის ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ. იყო შემთხვევები, როცა დარღვევა დადგინდა მაშინაც, როცა თავად პოლიტიკოსები მათ მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გამოხატვის თავისუფლების ნაწილად მიიჩნევდნენ.

ასევე ნახეთ

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციამ სახლთან დააკავა

ასევე ნახეთ

აშშ-ის საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო