Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ჩათვალა მოსამართლე ხუჭუამ Facebook-კომენტარი „წვრილმან ხულიგნობად“

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

4 სექტემბერს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის „წვრილმან ხულიგნობად“ მიჩნევის საქმეზე.

ეს არის საჯაროდ გავრცელებული, სავარაუდოდ, პირველი შემთხვევა, როცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და შეწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროს „სიძულვილის ენის მონიტორინგის დეპარტამენტის“ მოთხოვნა მოქალაქის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ. დასაბუთების იმ ნაწილში, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, კომენტარის შინაარსზე არ არის ყურადღება გამახვილებული.

პრეცედენტული გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.

გადაწყვეტილებაში, რომლის შინაარსიც თეთრიწყაროს სასამართლომ მედიას გაუზიარა, რამდენიმე საკითხზეა ყურადღება გამახვილებული:

  • მოქალაქე მ. ს., რომლის წინააღმდეგაც ფეისბუკკომენტარის გამო შსს-მ წარმოება დაიწყო, 2025 წლის აპრილიდან საქართველოში არ იმყოფება. სადავოდ გამხდარი კომენტარი დაწერილია მისი ქვეყანაში არყოფნის დროს;
  • საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ Facebook-ში M. S.-ს სახელწოდების პროფილი ეკუთვნის მ. ს.-ს. - შექმნა თუ არა მან ეს გვერდი, ვინ ფლობს ან სად დაწერა კომენტარი;
  • შსს-ს 30 ივნისის ოქმის მიხედვით, მ. ს.-ს იდენტიფიცირება მოხდა სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში Facebook-ზე განთავსებული ფოტოს ატვირთვით - მოსამართლე განმარტავს „პოლიციის შესახებ“ კანონის იმ მუხლს, რომელიც პირის იდენტიფიცირებას შეეხება. მისი თქმით, „კანონისმიერი დანაწესი ითვალისწინებს იდენტიფიკაციის ღონისძიებებს მხოლოდ ღიად და უშუალოდ, პირის შეჩერების, გამოკითხვის და პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენის მოთხოვნის გზით“;
  • „იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ნებისმიერმა პირმა შექმნას ნებისმიერი პირის სახელზე პროფილი და ატვირთოს სურათები, შეუძლებელია სასამართლომ მხოლოდ ამ სურათის „ამოცნობით“ დაადგინოს სამართალდარღვევის ფაქტი“;
  • „თუ დავუშვებთ თუნდაც გონივრული ეჭვით, რომ პროფილი ეკუთვნის კონკრეტულ პირს, ამ შემთხვევაშიც უნდა დადასტურდეს, რომ უშუალოდ მან შეასრულა მოქმედება (კომენტარის დაწერა ან სხვა)“.

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა და საქმის წარმოება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კანონიერ დაცვას... უნდა დადასტურდეს კონკრეტული პირის ვინაობა, რათა პირს უტყუარად დაუდასტურდეს ქმედების მის მიერ ჩადენა, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის პროფილი, ვინ სარგებლობს პროფილით და ა.შ.“ - წერს მოსამართლე ხუჭუა გადაწყვეტილებაში.

მისი შეფასებით, ამ საქმეზე სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის გარეშეც შესაძლებელია. მან მიიჩნია, რომ „საქმის ფარგლებში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება და არც სხვა მტკიცებულება (ინფორმაცია), რომელიც დაადასტურებდა მ.ს.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს“.

მოსამართლის სრული განმარტება ნახეთ აქ.

როგორ მიდის საქმე სასამართლოში?

შსს-ს ახლადშექმნილი „სიძულვილის მონიტორინგის დეპარტამენტმა“, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს" უწოდებს, მუშაობა 1 ივნისიდან დაიწყო. დეპარტამენტის თანამშრომლები ამონიტორინგებენ სოციალურ ქსელებს, ადგენენ სამართალდარღვევათა ოქმებს და სასამართლოებს მიმართავენ მოქალაქეთა მიმართ სანქციის გამოსაყენებლად:

  • 166-ე მუხლი (წვრილმანი ხულიგნობა) - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება 20-დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ან 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს;
  • 17316-ე მუხლი - თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ან 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმაა გათვალისწინებული.

საქართველოს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა შსს-ს ათობით მიმართვა დააკმაყოფილეს. მათ შორის ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ. იყო შემთხვევები, როცა დარღვევა დადგინდა მაშინაც, როცა თავად პოლიტიკოსები მათ მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გამოხატვის თავისუფლების ნაწილად მიიჩნევდნენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG