ლატვიის პრეზიდენტი: „შეცდომა დავუშვით, როდესაც რუსეთის მოქმედებებს „ჰიბრიდული ომი“ ვუწოდეთ“

ედგარს რინკევიჩსი, ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს როგორც ლატვიის მზადყოფნაზე რუსეთთან შესაძლო ომისთვის, ასევე იმაზე, თუ რისი გაკეთების უფლებას აძლევს რუსეთი საკუთარ თავს ევროპის ქვეყნებში.

იგულისხმება ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონების გამოყენება, აეროპორტების მუშაობისთვის ხელის შეშლა, დივერსიები, კიბერშეტევები და სხვა მოქმედებები, რომლებსაც „ჰიბრიდულ ომს“ მიაკუთვნებენ.

„შეცდომა დავუშვით, როდესაც გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში რუსეთის მსგავს მოქმედებებს „ჰიბრიდული ომის“ გამოვლინებები ვუწოდეთ, - ამბობს ლატვიელი პოლიტიკოსი, - როდესაც სიტყვა „ჰიბრიდულს“ ვიყენებთ, ეს რატომღაც იმაზე ნაკლებად სახიფათოდ, უფრო უწყინრად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეშია“.

- ბალტიის ქვეყნებში მომხდარი ბოლო ინციდენტების გათვალისწინებით, შეიცვალა თუ არა თქვენი შეფასება რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ? და კონკრეტულად რის „შემოწმებას“ ცდილობს, თქვენი აზრით, პუტინი ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და მთლიანად რეგიონში?

მოსკოვში იმედი აქვთ, რომ ევროპის გამძლეობა და ერთიანობა შეიძლება დაირღვეს".

ედგარს რინკევიჩსი: პუტინი ბალტიის ქვეყნებს ან პოლონეთს კი არ „ამოწმებს“. სინამდვილეში ის ცდილობს, გაგზავნოს სიგნალი, მიანიშნოს, რომ ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ. ვფიქრობ, ეს არის მისი მთავარი მიზანი.

მისი მეორე მიზანი, რა თქმა უნდა, ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობის მაქსიმალურად შერყევაა. თუმცა მსგავსი ფორმულირებების გამოყენებისას, განსაკუთრებით კი მედიაში გამოქვეყნებული სათაურების შემთხვევაში, ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი.

ჩვენ არ ვსაუბრობთ ტრადიციულ ომზე. ჩვენ ვსაუბრობთ ყველანაირ პროვოკაციაზე, საბოტაჟის აქტებზე, ჩვენი რეაქციის შემოწმების სხვადასხვა მცდელობაზე. და სრულიად ცხადია, რომ ეს ყველაფერი უკვე ახლა ხდება. ეს არ არის ის, რაც შეიძლება ოდესმე, მომავალში მოხდეს. რაც გარკვეულწილად გვაწუხებს, მსგავსი მოქმედებების რაოდენობის შემდგომი ზრდაა.

ასევე ნახეთ

ევროკომისიამ „დრონების კედლის“ გეგმები წარმოადგინა 5-წლიანი „თავდაცვის საგზაო რუკის“ ფარგლებში

- თქვენ ასევე თქვით, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის თქვენი შეფასება არ შეცვლილა. ამ შემთხვევაში, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს რუსეთის მიერ ნატოს კოლექტიური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის რეალური გამოცდა? ამ მუხლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე შეიარაღებული თავდასხმა ყველაზე თავდასხმად განიხილება.

ედგარს რინკევიჩსი: ვფიქრობ, ეს კითხვა რუსეთის მხარეს უნდა დაუსვათ.

თუმცა ვფიქრობ, შეცდომა დავუშვით, როდესაც დივერსიებს, კიბერშეტევებსა და სხვა მოქმედებებს, რომლებსაც გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში ვხედავთ, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრის შემთხვევებს, „ჰიბრიდული ომის“ გამოვლინებები ვუწოდეთ. როდესაც სიტყვა „ჰიბრიდულს“ ვიყენებთ, ეს რატომღაც იმაზე ნაკლებად სახიფათოდ, უფრო უწყინრად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეშია.

ვფიქრობ, ყველაზე სახიფათო სცენარი იქნებოდა, თუ რუსეთი უგუნურად მოქმედებას დაიწყებდა. ან თუ ჩვენ ეფექტიანად ვერ ვუპასუხებდით და რეალური მსხვერპლი გაჩნდებოდა. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში გაცილებით ახლოს აღმოვჩნდებით ძალიან სერიოზულ ესკალაციასთან. თუმცა იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ასეთი სცენარის თავიდან აცილებას.

ასევე ნახეთ

გენერალი გორანსონი: “უკრაინას ყველაფერი უნდა მივაწოდოთ, რაც შეგვიძლია”

- თქვენ თქვით, რომ ეს ინციდენტები, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც, ევროპელების დასაშინებლად არის გამიზნული, რათა მათ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შეეშინდეთ. აქვს თუ არა პუტინს საფუძველი იფიქროს, რომ ევროპა საბოლოოდ შეიძლება დაიღალოს უკრაინის მხარდაჭერით?

[მოსკოვში] კვლავ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ ომის მოგება".

ედგარს რინკევიჩსი: ვფიქრობ, მოსკოვში ყოველთვის აქვთ ამის იმედი. ჩემი აზრით, იქ ასეთ ერთიანობას არ ელოდნენ, ისევე როგორც არ ელოდნენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების ასეთ რაოდენობას. ვფიქრობ, ისინი იმედებს ამყარებენ ევროპის დიდ ქვეყნებში დაგეგმილ ზოგიერთ არჩევნებზეც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება.

თუმცა ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ რადგან ომის დაწყებიდან 4,5 წლის განმავლობაში შევძელით უკრაინის მხარდაჭერა, ასევე შევძლებთ ერთიანობის შენარჩუნებასაც და უკრაინის მხარდაჭერის მომავალშიც გაგრძელებას. ასევე შევძლებთ ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას. მაგრამ ნამდვილად მიმაჩნია, რომ რუსეთს ასეთი გათვლა ჯერ კიდევ აქვს; მოსკოვში იმედი აქვთ, რომ ევროპის გამძლეობა და ერთიანობა შეიძლება დაირღვეს.

ასევე ნახეთ

„გვაჩვენე შენი ერთგულება“ - ლატვიაში რუსულენოვანმა მოსახლეობამ ან ენის ტესტი უნდა ჩააბაროს, ან ქვეყნიდან წავიდეს

- რაც შეეხება სამშვიდობო ძალისხმევას: ვხედავთ ვაშინგტონის მხრიდან ახალ გააქტიურებას, უპირველეს ყოვლისა, უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიმართულებით. პრეზიდენტი ტრამპი შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მიაჩნია, პუტინს მშვიდობა სურს. თუ ხედავთ ამის რაიმე მტკიცებულებას?

ედგარს რინკევიჩსი: ძალიან ვაფასებ შეერთებული შტატების ძალისხმევას, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ ვხედავ რუსეთის მხრიდან რამენაირ მზადყოფნას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები აწარმოოს.

ვფიქრობ, იქ [მოსკოვში] კვლავ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ ომის მოგება. ვფიქრობ, იქ კვლავ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ ძლიერი დარტყმები მიაყენონ უკრაინის ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთად რუსეთს არწმუნებს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია დაძაბულობის ესკალაცია და რომ სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები დიდად არ აინტერესებს.

ასევე ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ ბალტიის ქვეყნების ან პოლონეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ვხედავთ ინციდენტებს, რომლებიც ხდება გერმანიაში, ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი და ზოგიერთი სხვა სახელმწიფო. ასევე უკვე ვიხილეთ მკვლელობის მცდელობებიც.

ასევე ნახეთ

რატომ არ ჩერდება ომი?!

ამიტომ ვფიქრობ, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით, რუსები მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ შეუძლიათ უფრო შორს წასვლა და სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები დიდად არ აინტერესებთ.

თუ შევძლებთ ერთიანობის შენარჩუნებას - მტკიცედ მჯერა, რომ ამას მოვახერხებთ - და თუ უკრაინა შეძლებს საკადრისი პასუხის გაცემას, შესაძლოა მომავალი გაზაფხულისთვის ვითარება შეიცვალოს.

თუმცა არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. უკრაინას რაც შეიძლება მეტი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალება უნდა მივაწოდოთ. ამჟამად უკრაინას საბრძოლო მასალის სერიოზული დეფიციტი აქვს, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემების სახით.

გაყინული [რუსული] აქტივები უნდა გამოვიყენოთ უკრაინისთვის ყველა საჭირო დახმარების გასაწევად

- ამასთან დაკავშირებით, ბატონო პრეზიდენტო, რაში იქნება ევროპა ყველაზე მოწყვლადი ამ ზამთარს?

ედგარს რინკევიჩსი: სწორედ თავდაცვის მრეწველობის საკითხებში. ამჟამად ამ სექტორში დიდ თანხებს ვაბანდებთ და ვიმედოვნებთ, რომ ვითარება შეიცვლება. ის უკვე იცვლება.

მაგრამ, შეხედეთ: საკმარისი არ არის, უბრალოდ, სათანადო დაფინანსება უზრუნველყო და იფიქრო, რომ ამ ყველაფრის მზა სახით შეძენა შეიძლება. ახალი ტექნოლოგიების შემუშავებასა და თავდაცვის მრეწველობის განვითარებას დრო სჭირდება. ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ სწორედ უკრაინაში ომის გამო ძალიან სწრაფად ვითარდება როგორც უკრაინული, ისე რუსული ტექნოლოგიები.

ეს უბრალოდ უნდა გვესმოდეს. უნდა გავხდეთ გაცილებით მოქნილები; შევამციროთ ბიუროკრატია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და უბრალოდ აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რომლებიც გვაქვს.

ყველამ ვიცით ამ ხარვეზების შესახებ. ვმუშაობთ და ვფიქრობ, მათ აღმოვფხვრით კიდეც.

ასევე ნახეთ

"მოგვიწევს წლები გავატაროთ სახიფათო ქვეყნის გვერდით" - ინტერვიუ ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსთან

- თუ რუსეთი ხვალ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანას სარაკეტო დარტყმას მიაყენებს, არის თუ არა ევროპა ამისთვის მზად?

ედგარს რინკევიჩსი: კონკრეტულად რომელ ევროპაზეა საუბარი? ევროპის ჩვენი ნაწილი ცდილობს, ამისთვის მაქსიმალურად მზად იყოს. მაგრამ თუ რუსეთი სარაკეტო დარტყმას მიაყენებს, სრულიად აშკარაა, რომ ეს ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედების საფუძველი იქნება და სავსებით აშკარაა, რომ ამას პასუხი მოჰყვება.

მგონია, რუსებს ეს ესმით. ვფიქრობ, ჩვენ ვსაუბრობთ სხვა სცენარებზე, რომლებიც რუსეთისთვის ნაკლებად სარისკოა. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია იმის გაგება, თუ როგორ აზროვნებენ რუსეთში. ზოგჯერ მათი აზროვნება რაციონალურია და ძალიან ხშირად - უაღრესად რაციონალურიც.

- ბოლო კითხვა: უკრაინის საჭიროებებზე საუბრისას, უნდა შეასრულოს თუ არა გაყინულმა რუსულმა აქტივებმა უფრო მნიშვნელოვანი როლი უკრაინის თავდაცვისა და აღდგენის დაფინანსებაში?

ედგარს რინკევიჩსი: ლატვიის პოზიცია ყოველთვის აბსოლუტურად მკაფიო იყო. ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, რომ რუსული აქტივები ხელუხლებელი დარჩეს. მიგვაჩნია, რომ გაყინული აქტივები უნდა გამოვიყენოთ უკრაინისთვის ყველა საჭირო დახმარების გასაწევად და, სავარაუდოდ, უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლადაც. თუმცა, როგორც იცით, ევროპაში ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს.

ასევე ნახეთ

ვინ იყო რუსეთთან ომში დაღუპული მიკოლა კარპიუკი, რომელიც საქართველოსთვისაც იბრძოდა


ასევე ნახეთ

კადიროვის 99,85%-დან მოსკოვის რიგებამდე - რას აჩვენებს რუსეთის არჩევნების შედეგები?