კიევში დრონებით შეტევის გამო ცხრა საათს გაგრძელდა 27 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოცხადებული საჰაერო განგაში. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს საჰაერო ძალებისა და საჰაერო განგაშის რუკის მონაცემებზე დაყრდნობით.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, 27 სექტემბრის საღამოდან დედაქალაქში დაშავდა სულ მცირე ცხრა ადამიანი. კიევის რამდენიმე რაიონში ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები და საოფისე შენობები. გაჩნდა ხანძრები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით გავრცელებული ინფორმაციით, კიევში დაარტყეს კომპანიების, „ომეგა ტელეკომის“ და „კიევსტარის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
განახლება: 28 სექტემბერს გამთენიისას კიევში ისევ საჰაერო განგაში გამოცხადდა. მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დრონებით დარტყმა იყო ავტოგასამართ სადგურზე, საოფისე შენობასა და საწყობებზე. ვის ეკუთვნის ეს საწყობები და საოფისე შენობა, კლიჩკოს არ დაუკონკრეტებია. დაშავდა სამი ადამიანი.
28 სექტემბერს დილით კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დრონებით შეტევის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რვა დაშავდა. ოლქის ხუთ რაიონში დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობები, აგროსაწარმო, ბაზარი და საწყობები.
ხარკოვი და სუმი
უკრაინის ქალაქ ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს ქალაქის კიევის და სალტოვის რაიონებს.
დაშავდა სულ მცირე 22 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი ბომბი მრავალბინიან სახლთან აფეთქდა.
განახლება: ქალაქ ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, 25-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი. მათ შორის 9 ბავშვია. ხარკოვის მახლობლად მდებარე სოფელ შესტაკოვში ერთი ადამიანი დაიღუპა.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციამ 28 სექტემბერს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი სახლის ფოტო
მართვადი ავიაბომბებით შეტევა იყო ქალაქ სუმიზეც. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპნენ ხანდაზმული ქალი და 16 წლის გოგო.
დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
დაზიანებულ შენობებს შორისაა ოჯახებისა და ბავშვების მხარდაჭერის ცენტრი.