რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან მოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მას ქვეყნიდან გაძევება და შემოსვლის აკრძალვაც ელის

ფოტოკოლაჟი: თეონა ღოლაძე და ალექსანდრ პოპოვი

15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა, გაძევებულ იქნას საქართველოდან და 3 წლის ვადით აეკრძალოს ქვეყანაში შემოსვლა, - რუსეთის მოქალაქის, ალექსანდრ პოპოვის მიმართ ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო დღეს, 30 სექტემბერს.

პოპოვმა თბილისში, კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ბინიდან კაფეში მსხდომებს დააშარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თეონა ღოლაძემ გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ინციდენტზე პოლიციას აცნობა.

თეონა ღოლაძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც იმყოფებოდა. როგორც მან თქვა: „ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობ მაგ საცხოვრებელ კომპლექსში და საერთოდ არ მინდა, რომ როდესაც გამოვა სასამართლოდან, არ მინდა რომ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის მისი აქ ყოფნა არ იყოს უსაფრთხო“.

მოსამართლის არგუმენტი

„ნორმალურ საზოგადოებაში ეს ქცევა ამ მიზეზით ვერ აიხსნება“, - თქვა თორნიკე კაპანაძემ, როდესაც მოისმინა რუსეთის მოქალაქის სიტყვა სასამართლოში, რომ მეგობართან იყო, მეგობრის ორსული მეუღლე აბაზანაში დიდხანს იმყოფებოდა და ამიტომ მოუწია აივნიდან მოშარდვა.

მისი თქმით, ბინაში, რომელშიც რემონტს აკეთებს, „შუქი ჩაქრა, სხვა საქმე არ გვქონდა და დავლიეთ ლუდი“.

ამასთან, მისი თქმით, „მსგავსი არასოდეს განმეორდება“.

მოსამართლე კაპანაძემ ალექსანდრ პოპოვს უთხრა, რომ მას „ბევრი სხვა გამოსავალი შეიძლებოდა ეპოვა“, თუმცა ამაზე სასამართლო იმსჯელებს.

პოპოვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ჯერჯერობით უცნობია, ისარგებლებს თუ არა ის ამ უფლებით, სასამართლოს სხდომაზე მას ადვოკატი არ ჰყოლია, მას თარჯიმანი ახლდა.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, სხდომაზე პოპოვი თავის საქციელს ნანობდა. მისი სიტყვებით, საქართველოში ფლობს ბინას, რომელში ცხოვრებასაც აპირებს და ითხოვდა ბინის რემონტის დასრულების შესაძლებლობა მისცემოდა.

რას ედავებოდნენ რუსეთის მოქალაქეს

რუსეთის მოქალაქეს ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, ლანძღვა-გინებას, შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა იმგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ სიმშვიდეს. ითვალისწინებს 300-დან 5000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე პატიმრობას, უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მუხლი ითვალისწინებს გაძევების შესაძლებლობას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას 3 წლამდე ვადით.

ასევე 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სექსუალურ შევიწროებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასასურველი ხასიათის სექსუალურ ქცევას, რაც იწვევს ღირსების შელახვას ან ამას ისახავს მიზნად, ქმნის დამაშინებელ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ გარემოს, ითვალისწინებს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

ასევე ნახეთ

ნაცემი ქალი და ჩაშლილი ქორწილი თელავში - ვეცადეთ, აღგვედგინა მოვლენების თანმიმდევრობა

ასევე ნახეთ

თელავის სასტუმროს ინციდენტზე დაკავებული კაცის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა