საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს „განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს“.
„მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა დამატებითი ზომების მიღებაზე შეიძლება იყოს საუბარი, საგარეო უწყება არ აკონკრეტებს.
„ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის საელჩოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ასევე ნახეთ
ირანის საელჩო აშშ-ის სანქციებზე თბილისის გადაწყვეტილებას უპასუხებს და რუკას აქვეყნებსრა დაწერა ალი მოჯანიმ სოციალურ ქსელში
რამდენიმე დღის წინ, 25 სექტემბერს, ირანის ელჩმა საქართველოში თავის ფეისბუკის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა ფოტოს თანხლებით. ფოტოზე ის დგას საელჩოს შენობასთან, რომლის ფასადზეც ქეთევან დედოფლის შესახებ მისი პოსტის სქრინია გამოსახული, ქეთევან დედოფლის ფრესკის თანხლებით.
„მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს...
შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“, - დაწერა მან.
ასევე ნახეთ
მსგავს გამოხდომებს თავი დაანებოს - ირანის ელჩს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა უპასუხეს„ოცნებისა“ და საპატრიარქოს კრიტიკა
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს შეახსენა, რომ „თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია“.
ამასთან, მან ალი მოჯანის ურჩია, „დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხდომებს თავი დაანებოს“.
ელჩის განცხადების მიმართ კრიტიკული იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილიც.
„წიაღსვლები, რომელიც ირანის ელჩს გააჩნია, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და მით უმეტეს არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
„ჩვენ ჩვენს წმინდანებს პატივს ვცემთ და მათ ვეთაყვანებით“, - თქვა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა და დარწმუნებით აღნიშნა, რომ „ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას“.
ელჩის განცხადება საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა, დეკანოზმა გიორგი ზვიადაძემ, ისტორიის გადაწერის მცდელობად შეაფასა.
ასევე ნახეთ
„ისტორიის გადაწერის მცდელობა“ - საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი ირანის ელჩზექეთევან წამებული
წმინდა ქეთევან დედოფალს (მიახლოებით 1560–1624 წწ.) საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია, ის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი. ქეთევან დედოფალი კახეთის მეფის, დავით I-ის ცოლი და თეიმურაზ I-ის დედა იყო.
დედოფალი ქეთევანი 1614 წელს ირანის ლაშქრობების დროს მძევლად წაიყვანეს ირანში. ირანის შაჰის, აბას I-ის მოთხოვნის მიუხედავად, მან უარი განაცხადა ისლამის მიღებაზე, რის გამოც 1624 წელს შაჰის ბრძანებით სასტიკად აწამეს და მოკლეს. მისი მოწამებრივი ცხოვრებისა და წამებით სიკვდილის შესახებ აღწერილია ქართველი და ევროპელი მოგზაურების, ისტორიკოსების, სასულიერო პირების წყაროებში.
ქეთევან დედოფალი საქართველოში რწმენისა და სიმტკიცის სიმბოლოდ მიიჩნევა, მართლმადიდებელი ეკლესია მისი ხსოვნის დღედ 26 სექტემბერს აღნიშნავს.
ელჩის განცხადებები
ირანის ელჩმა საქართველოში დიპლომატიური მისიის შესრულება 2026 წლის იანვარში დაიწყო. ბოლო თვეებში მას რამდენიმე რეზონანსული განცხადება აქვს გაკეთებული, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად დაიბარეს.
მაგალითად, 31 მარტს, ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრის შემდეგ, მოჯანიმ დაწერა, რომ „არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან“ და „ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ“. განცხადება პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილმა მუქარად აღიქვა.
ასევე ნახეთ
ბოჭორიშვილის თქმით, ირანის ელჩთანაც აქვთ "კომუნიკაცია, როცა არსებობს გარკვეული წუხილები"სექტემბერში ელჩმა არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს გადაწყვეტილება, შეესრულებინა აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული სანქციები. მან დაწერა, რომ საქართველომ ეს ნაბიჯი „ამერიკის დიდებისთვის“ გადადგა და გააფრთხილა, რომ გადაწყვეტილებას ეკონომიკურთან ერთად „ადამიანური და სოციალური შედეგებიც“ ექნებოდა, მათ შორის ფერეიდნელ ქართველებთან კავშირებისთვის.
ასევე ნახეთ
საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენები შეწყდაგასულ წლებში სეიედ ალი მოჯანი მუშაობდა ირანის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად ავღანეთის საკითხებში. ამ პოზიციაზე მუშაობისას, 2024 წელს, ავღანეთის თალიბანის მთავრობამ ის ქვეყნიდან გააძევა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ამის საფუძვლად თალიბანმა დაასახელა ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მომხდარი ინციდენტი რელიგიურ საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც, თალიბანის პოზიციით, სეიედ ალი მოჯანიმ „საზღვრები გადალახა“.