ლავროვი მოსკოვში ბარციცსა და ჯიოევს შეხვდა

ლავროვის შეხვედრა ოლეგ ბარციცთან. 2026 წლის 1 ოქტომბერი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 1 ოქტომბერს მოსკოვში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრებს“, ოლეგ ბარციცსა და ახსარ ჯიოევს, შეხვდა. შეხვედრები ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გაიმართა.

ბარციცთან შეხვედრისას ლავროვმა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობას ხედავს. მან ტურიზმზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვი სოხუმს ტურისტული ნაკადის გაზრდაში დაეხმარება.

ლავროვმა სოხუმს მადლობა გადაუხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებაში ხელშეწყობისთვის. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში 50 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

ასევე ნახეთ

„ვგმობთ“ და „კატეგორიულად ვგმობთ“ - საგარეო ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის, ცხინვალსა და სოხუმში კი რუსეთის დუმის არჩევნებზე

„აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში“, - თქვა ლავროვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა.

ლავროვმა ბარციცის სირიაში ვიზიტიც ახსენა და სთხოვა, თავისი შთაბეჭდილებები და სამომავლო გეგმები გაეზიარებინა.

ასევე ნახეთ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მინისტრები სირიაში იმყოფებიან

ჯიოევთან შეხვედრაზე ლავროვმა 18 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე თქვა, რომ ის „აბსოლუტურად ლეგიტიმურად, ყოველგვარი დარღვევის გარეშე“ ჩატარდა. მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი გააგრძელებს „პრეზიდენტად“ არჩეულ მარატ კამბოლოვთან „მჭიდრო თანამშრომლობას სამოკავშირეო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. არჩევნებიც უკანონოდ შეაფასა და განაცხადა, რომ არ შეუძლია საოკუპაციო რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება და არ ცვლის ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს.

ასევე ნახეთ

ცხინვალში კამბოლოვის „ინაუგურაცია“ გაიმართა

სამმხრივი შეხვედრა

ლავროვმა, ბარციცმა და ჯიოევმა სამმხრივ ფორმატში „ურთიერთინტერესის მქონე გლობალური და რეგიონული საკითხები“ განიხილეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თბილისთან „მუდმივი პირდაპირი დიალოგის“ გაგრძელებას.

მოსკოვის ცნობით, მათ ასევე განიხილეს მოლაპარაკებების ფარგლებში საერთო პრიორიტეტები, მათ შორის თბილისისგან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე თავდაუსხმელობის „მკაფიო გარანტიების“ მიღება.

ასევე ნახეთ

საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, ევროკავშირი მხარს კვიპროსს უჭერს - მედია

ჯიოევის ინტერვიუ

ახსარ ჯიოევმა მოსკოვში ინტერვიუ მისცა „რია ნოვოსტის“, რომელშიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების პერსპექტივებსა და სირიასთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

ჯიოევის თქმით, სირიაში ხელისუფლებისა და საგარეო პოლიტიკური გარემოს ცვლილების მიუხედავად, ცხინვალი დამასკთან კავშირების შენარჩუნებით არის დაინტერესებული.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგის მოქნილი ფორმატისთვის. ჩვენთვის მთავარია ღია საკომუნიკაციო არხების შენარჩუნება“, - თქვა ჯიოევმა.

ასევე ნახეთ

„ცნობად ვიღებთ“ - ბრიუსელმა „კოალიციას“ სოხუმი-ცხინვალის „აღიარების“ გაწვევის მოთხოვნაზე უპასუხა

მისი განცხადებით, საკითხს „დაბალანსებული მიდგომა“ სჭირდება, რადგან საერთაშორისო ვითარება და ქვეყნების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იცვლება. ჯიოევმა თქვა, რომ ურთიერთპატივისცემის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება თანამშრომლობის ისეთი მოდელის მოძებნა, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს უპასუხებს.

სირიამ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2018 წლის 29 მაისს აღიარა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ამის შემდეგ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ სირიის ახალი ხელისუფლებისადმი არაერთხელ გაჟღერდა მოწოდება, გაეუქმებინა 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ.

ჯიოევმა განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერით ცხინვალი „კონტაქტების გეოგრაფიის გაფართოებაზე“ მუშაობს. კონკრეტული ქვეყნები მას არ დაუსახელებია.

ამჟამად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობას“ გაეროს ოთხი წევრი სახელმწიფო აღიარებს: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია.

ასევე ნახეთ

საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

2026 წლის 30 ივლისს ნაურუს მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკან გაიწვია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

21 სექტემბერს ნიუ-იორკში საქართველომ და ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. შესაბამის დოკუმენტს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ და ნაურუს პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა მოაწერეს ხელი.

ასევე ნახეთ

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ფიფიას, ირემაძეს, მჟავანაძეს, აბულაძეს, კამბოლოვსა და გაგლოევს