ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

საილუსტრაციო ფოტო: ევროპარლამენტის სასესიო დარბაზი

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დღეს, 8 ოქტომბერს, მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”.

რეზოლუციას 445 ევროპარლამენტარი მიემხრო, 37 - წინააღმდეგი იყო, 97-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეთანხმებულ რეზოლუციაში გაკრიტიკებულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობა. რეზოლუციის ინიციატორები მოითხოვენ, უკან იყოს გაწვეული ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი.

ასევე ნახეთ

პარტიების აკრძალვის სარჩელს საკონსტიტუციოს ყველა მოსამართლე განიხილავს

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი „ქართული ოცნების“ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოს „ერთპარტიულ რეჟიმად“ ქცევაა.

რეზოლუციაში ეს მიდგომა რუსეთისა და ბელარუსის მოდელსაა შედარებული.

დოკუმენტში ასევე შეშფოთებაა გამოხატული საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, - ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ 23 სექტემბერს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნამ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით „სერიოზული ეჭვები“ გააჩინა.

ასევე ნახეთ

„ოცნება ერთპარტიული რეჟიმის დამყარებას ცდილობს“ - დებატები ევროპარლამენტში და ახალი რეზოლუციის პროექტი

შეშფოთება გერმანული ფონდების დახურვის გამო

რეზოლუციის პროექტი ასევე ეხება საქართველოში გერმანული პოლიტიკური ფონდების საქმიანობის შეზღუდვას.

მასში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, 2026 წლის 30 სექტემბერს ორი გერმანული ფონდი იძულებული გახდა, თბილისში ოფისები დაეხურა.

ესენია კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები.

საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი „იძულებული გახდა, დროებით შეაჩეროს საქმიანობა“.

ასევე ნახეთ

გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა

„გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები“

ევროპარლამენტარები რეზოლუციაში „მკაცრად გმობენ“ საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას ითხოვენ.

მათი განცხადებით, მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი საყრდენია და მისი სასამართლო გზით გაქრობა დემოკრატიასთან შეუთავსებელია.

რეზოლუციის პროექტში ასევე არის მოწოდება ყველა „პოლიტიკური პატიმრის“, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების შესახებ.

ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ „საბოტაჟის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების“ უკან წაღებას და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

ასევე ნახეთ

უარი ევროპელ დიპლომატებს - 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ სასამართლო სხდომებს მათ არ დაასწრებენ

პარლამენტი კომისიას კვლავ სთხოვს სანქციებს

რეზოლუციის პროექტში კონკრეტულად არიან მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე, - როგორც ის პირები, რომელთა წინააღმდეგაც, ევროპარლამენტარების თანახმად, სანქციები და სავიზო აკრძალვები უნდა დაწესდეს.

დოკუმენტით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს „ევროპარლამენტის მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“.

„ჩალის ფასი აქვს“ - „ქართული ოცნება“

ევროპარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო არაერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლებითაც კრიტიკულად შეაფასა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა, კანონის უზენაესობა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.

„ქართული ოცნების“ ლიდერები 2022 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, უწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რეზოლუციებს, - მათ შორის ისეთებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, - „ჩალის ფასი აქვს“.

მეტიც, - ლიდერების განცხადებით, მსგავსი რეზოლუციები, - როგორიც ჰქონია ევროპარლამენტსაც და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც, - არის „საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე შეტევა“.

ასევე ნახეთ

პაპუაშვილი "საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე შეტევად" აფასებს ევროპარლამენტისა და PACE-ს რეზოლუციებს

ასევე ნახეთ

ევროკავშირი გაფართოებისთვის ემზადება - ახალი სტრატეგია და საქართველო „მხოლოდ ქაღალდზე“