სუზან სარანდონის უსაფრთხო გასასვლელი

გოგი გვახარია გვირჩევს ფილმს „უსაფრთხო გასასვლელი“

„უსაფრთხო გასასვლელი“ (აშშ, 1994, რეჟისორი რობერტ ალან აკერმანი)

სექტემბრის ბოლოს მსოფლიო მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო ოსკაროსანმა ვარსკვლავმა, სუზან სარანდონმა. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინასთან, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე მისი ხმამაღალი პროტესტი და შემდეგ დაპატიმრება, სრულიად კანონზომიერი გაგრძელებაა იმ გზისა, რომელსაც ეს ქალი ათწლეულებია უკვე ადგას. სარანდონი არასდროს ყოფილა ჰოლივუდის ტიპური „ვარსკვლავი-თოჯინა“, ის არის ამერიკული კინოს ინტელექტუალური მეამბოხე, რომლისთვისაც სოციალური სამართლიანობა და ხელოვნება ყოველთვის ერთ განზომილებაში არსებობდა.

მსახიობი სუზან სარანდონი დააკავეს საპროტესტო აქციის დროს, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის წინ, 2026 წლის 24 სექტემბერს.

4 ოქტომბერს, მსახიობის დაბადების მე-80 წლისთავზე, სარანდონის თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთხელ გაგვახსენეს, რომ მისი ბიოგრაფია ეს არის ისტორია ქალისა, რომელმაც ჰოლივუდის მკაცრი წესები საკუთარი პრინციპებით შეცვალა და დღემდე მყარად ინარჩუნებს თავის პოზიციას. სექტემბრის დასაწყისში ვენეციის კინოფესტივალზე, საკონკურსო ფილმის, „ექო -კამერის“ პრემიერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სარანდონმა სენსაციური განცხადება გააკეთა და ღიად ისაუბრა ჰოლივუდში არსებულ ფარულ ბოიკოტზე: „ბოლო დროს როლებიც წამართვეს, რადგანაც ჯერ კიდევ არსებობენ სააგენტოები, რომლებიც სტუდიებს მოუწოდებენ, არ გადამიღონ ფილმში“.

ასევე ნახეთ

Naza - აცრემლებული ვენეცია და გაბრაზებული ისრაელი

მე პირადად მეეჭვება, ამ ბოიკოტის მიზეზი მსახიობის პოლიტიკური პოზიცია იყოს. ჰოლივუდში არაერთი კინემატოგრაფისტი მოღვაწეობს, რომლებიც რადიკალური პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევიან. თუკი სტუდიები მართლაც ერიდებიან სუზან სარანდონთან თანამშრომლობას, ამის მიზეზი, ალბათ, პირველ რიგში, მსახიობის ხასიათი, მისი მუშაობის სტილია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში წერდნენ (როცა ეკრანებზე გამოვიდა საკულტო ფილმი სუზან სარანდონის მონაწილეობით, „როკი ჰორორის საშინელებათა შოუ“), რომ მსახიობი მეტისმეტად მომთხოვნია გადასაღებ მოედანზე, კომპრომისებზე უარს ამბობს და არ ექვემდებარება არანაირ მანიპულაციას. არსებითად მისი ეს ხასიათი გამოვლინდა კიდეც მსახიობის საუკეთესო როლებში, „ტელმა და ლუიზაში“ - სარანდონი ფემინისტური კინოს ერთ-ერთ სიმბოლოდ რომ აქცია და ტიმ რობინსის ფილმში „მიცვალებული მოდის“, რომელმაც სუზან სარანდონს ამერიკული „ოსკარი“ მოუტანა.

მსახიობის მდიდარ ფილმოგრაფიაში განსაკუთრებული, თუმცა მასობრივი მაყურებლისთვის ნაკლებად ცნობილი ფილმია რეჟისორ რობერტ ალან აკერმანის „უსაფრთხო გასასვლელი“, რომელშიც სარანდონი ასრულებს მეგ ზინგერის, შვიდი ვაჟის დედის როლს. ოჯახი აქ დაშლის პირასაა, მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, რომელიც სამხედრო სამსახურში იმყოფება, შესაძლოა ტერაქტის მსხვერპლი აღმოჩნდეს. ტრაგედიის მოლოდინმა აქ ოჯახის წევრთა გაუცხოება და წარსულის წყენა უნდა გადალახოს.

ასევე ნახეთ

„ამერიკის მამა“ - მართლმადიდებელი და უმცირესობების დამცველი  

თითქოს ბანალური ისტორიაა, რომელსაც მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი დასასრული აქვს... თითქოს სტანდარტული სატელევიზიო ფილმია „ოჯახის ფასეულობების“ სიძლიერესა და მარადიულობაზე, მაგრამ სუზან სარანდონი და მისი პარტნიორი, მეგის მეუღლის როლის შემსრულებელი, დიდი ამერიკელი დრამატურგი სემ შეპარდი, მაინც ახერხებენ ნიუანსებით გაამდიდრონ თავიანთი პერსონაჟები. ისინი თითქოს ჩვენ თვალწინ ხატავენ ამ სახეებს და ქმნიან აბსოლუტური იმპროვიზაციის შთაბეჭდილებას.

და რა არის იცით კიდევ შესამჩნევი? ის, რაც ფილმის პრემიერის დროს შენიღბული იყო, რადგანაც სუზან სარანდონის იმიჯი ჯერ კიდევ საბოლოოდ არ იყო ჩამოყალიბებული - თვითკრიტიკის უნარი! მეგ ზიგერი ფილმში ჰიპერაქტიური, მეტისმეტად სწორხაზოვანი, ხანდახან ავტორიტარული დედაა. ფაქტობრივად ის სახეა, რომელიც სარანდონმა, როგორც მოქალაქემ, როგორც აქტივისტმა შეიქმნა ჰოლივუდში. მაგრამ სადღაც ფილმის ბოლოს აუცილებლად დავინახავთ რამხელა სევდა იმალება მის მზერაში (სარანდონის დიდი, ოდნავ „ამობურცული“ თვალები და მზერა მისი იმიჯის შემადგენელი ნაწილია), როგორი მოსიყვარულე და დაუცველია ეს ქალი.

„უსაფრთხო გასასვლელში“ მსახიობი ახერხებს, თავი აარიდოს „წმინდანი დედის“ჰოლივუდურ კლიშეს და უჩვენებს მაყურებელს ცოცხალ, დაღლილ ქალს, რომელიც საკუთარ იდენტობას შვილების ქაოტურ ცხოვრებაში ეძებს. რომ არა სუზან სარანდონი, ეს ფილმი დაკარგავდა თავის ემოციურ ძალას და სრულიად მეორეხარისხოვან სატელევიზიო დრამად გადაიქცეოდა.

ასევე ნახეთ

„აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც ხმას ამოიღებდა“

დღეს, როდესაც კინოს მოყვარულები სუზან სარანდონის საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ და მსახიობი კვლავაც ყურადღების ცენტრშია - როგორც კინოხელოვნებაში, ისე რეალურ ქუჩის პროტესტებში, ძალიან კარგად ჩანს მისი პიროვნების მთლიანობა. ეს არის მსახიობი, რომელმაც უარი თქვა უბრალო მორჩილებაზე და აირჩია რთული, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცხოვრება.

მისი როლი რობერტ ალან აკერმანის ფილმში ადასტურებს, რომ ამ არტისტისთვის სწორედ გულწრფელობა, ყოველგვარ თვალთმაქცობაზე უარის თქმა იყო ყველაზე „უსაფრთხო გასასვლელი“ კინოს ისტორიაში ადგილის დასამკვიდრებლად. სუზან სარანდონი - ესაა პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა „უყოყმანოდ“, უმრავლესობის მიერ დადგენილი ნორმების გათვალისწინების გარეშე. გახარება თუ გაბრაზება ფართოდ გახელილი თვალებით, მაგნიტური და ჰიპნოზური მზერით, რომელიც ერთდროულად გამოხატავს სითბოს, ირონიას, ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მტკიცე ხასიათს.

ფილმის ორიგინალურ ვერსიას ნახავთ აქ:


ასევე ნახეთ

მარინა