„პასტორი ჰოლი“ (1940, დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი როი ბოულტინგი)
ამ კვირაში გერმანიაში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში ულტრამემარჯვენე ძალების წარმატებამ ბევრი დააფიქრა, რამდენად დაცულია აწმყო წარსულის გამეორებისგან. ხალხს ამერიკაშიც, ევროპაშიც და, სამწუხაროდ, საქართველოშიც, კვლავ ახსენდება უკვე კარგა მაგრად გაცვეთილი და ბანალურ ჭეშმარიტებად ქცეული სიტყვები: „როდესაც ნაცისტები მოვიდნენ კომუნისტების წასაყვანად, ხმა არ ამოვიღე, რადგან კომუნისტი არ ვიყავი... როდესაც ჩემ წასაყვანად მოვიდნენ, აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც ხმას ამოიღებდა“.
კაცი, რომელსაც ამ სიტყვებს მიაკუთვნებენ, მარტინ ნიმიოლერია, პროტესტანტი პასტორი. იგი ნაცისტური რეჟიმის კრიტიკის გამო დააპატიმრეს. მაშინ, როდესაც ინგლისელები მასზე ფილმს იღებდნენ, ნიმიოლერი დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში იხდიდა სასჯელს. სწორედ ამ ფილმის ნახვა მინდა შემოგთავაზოთ დღეს - როი ბოულტინგის „პასტორი ჰოლისა“, რომელიც კინოს ისტორიაში ევროპაში გადაღებულ ერთ-ერთ პირველ ანტიფაშისტურ ფილმად ითვლება.
დიახ, ევროპაში. ჰოლივუდი იმხანად აგვიანებდა. 1940 წელს შეერთებული შტატები ომში არ იყო ჩართული და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. შესაბამისად, მაქსიმალურად ერიდებოდა ანტინაცისტური ფილმების გადაღებას. ამიტომაცაა, რომ ჩარლი ჩაპლინის „დიდ დიქტატორს“, რომლის პრემიერა 1940 წლის ოქტომბერში გაიმართა, კინოს ისტორიკოსები ხშირად ასახელებენ პირველ გაბედულ ანტიფაშისტურ ფილმად ამერიკულ კინოში.
მაგრამ ბრიტანეთი უკვე ომობდა. შესაბამისად, ბრიტანეთის მთავრობამ და აქაურმა კინოინდუსტრიამ „პასტორი ჰოლი“ გამოიყენეს, როგორც მძლავრი პროპაგანდისტული იარაღი, რათა ამერიკელი მაყურებლისთვისაც ეჩვენებინათ ნაციზმის ნამდვილი სახე და, უფრო მეტიც, აშშ-ის ომში ჩართვისთვის შეეწყოთ ხელი.
ამერიკელებმა რამდენიმე სცენა ამოიღეს და ფილმს სათაური შეუცვალეს, დაარქვეს „კაცი წყვდიადის წინააღმდეგ“ (A Man Against Darkness). ითვლება, რომ ამერიკაში ფილმი გადაარჩინა ლეონორა რუზველტმა, რომელმაც „პასტორი ჰოლისთვის“ შესავალი სიტყვა ჩაწერა - მოუწოდა ამერიკელებს, აუცილებლად ენახათ ფილმი, რათა კარგად გაეგოთ, თუ რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა თავისუფალი სამყარო.
ცხადია, ამერიკელმა მაყურებელმა ჯერ არაფერი იცოდა ნიმიოლერის შესახებ, მაგრამ ამერიკის კინოთეატრებში „პასტორი ჰოლის“ გაქირავების ისტორია გვაფიქრებინებს, რომ არც ის იცოდნენ მაინც და მაინც კარგად, თუ რა ხდებოდა იმ წლებში ევროპაში. „პასტორი ჰოლი“ ამერიკის კინოთეატრებში მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში უჩვენეს - თანაც, როგორც ჩანს, ცარიელ დარბაზებში. ომის შემდეგ, როცა „კაცი წყვდიადის წინააღმდეგ“ ხელახლა გამოვიდა მსოფლიო ეკრანებზე, გაირკვა, რომ თვით როი ბოულტინგმაც არ იცოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა გერმანიაში ნაცისტების მოსვლის წლებში.
მაგრამ „პასტორი ჰოლი“ სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ფაქტების არცოდნა, ინფორმაციის შეზღუდულობა გარკვეულ მომხიბვლელობასაც კი ანიჭებს კინოს. ძალიან საინტერესოა, როგორ ესმოდა დასავლეთ ევროპას მეორე მსოფლიო ომის დაწყების წლებში ნაციზმის არსი. მერე რა, რომ ბევრი რამ, რასაც გვიამბობს ფილმის ავტორი, სინამდვილეს არ ემთხვევა. მარტინ ნიმიოლერი ლიბერალი დემოკრატი არასდროს ყოფილა. უფრო მეტიც, თავდაპირველად ნაცისტური პარტიის მხარდამჭერი და ანტისემიტი იყო. სწორედ ამიტომ აქვს მის ცნობილ გამონათქვამს (ისტორიაში იგი ფაქტობრივად ამ სიტყვებით შევიდა.) ასეთი მორალური წონა - ეს არის იმ ადამიანის აღსარება, რომელმაც თავად შეუწყო ხელი ურჩხულის გაზრდას.
პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ ნიმიოლერი დარწმუნებული იყო, რომ გერმანიას სჭირდება „ძლიერი ხელი“, რომელიც ქვეყანას ძველ დიდებას დაუბრუნებდა. თავიდან ღიად უჭერდა მხარს ნაციონალ-სოციალისტებს, რადგანაც სჯეროდა, რომ ჰიტლერი ქრისტიანულ მორალს აღადგენდა, „ოჯახურ ფასეულობებს“ გააცოცხლებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჰიტლერმა გერმანული პროტესტანტული ეკლესიის სრული კონტროლი დაიწყო, გააძევა ეკლესიიდან მონათლული ებრაელი მღვდლები, მარტინ ნიმიოლერი მიხვდა, რომ რეჟიმი ყველაფერთან ერთად ქრისტიანულ მსოფლმხედველობას და ქრისტიანულ დოგმატებს ებრძოდა. ნიმიოლერმა „ოპოზიციური ეკლესია“ დააფუძნა, რასაც მისი დაპატიმრება და საკონცენტრაციო ბანაკები მოჰყვა.
ბრიტანულ ფილმში მღვდლის სახე არა მარტო პრინციპულად მოკლებულია კონკრეტულობას და განზოგადებულია, არამედ ერთგვარი სიმბოლოცაა სიმართლისთვის თავგანწირული ადამიანისა, რომელიც ბედავს და ეგზალტირებულ უმრავლესობას უპირისპირდება. ამიტომაც არ კარგავს „პასტორი ჰოლი“ აქტუალურობას... არადა, ფილმი ეკრანებზე გამოსვლის დღეებში აღიქმებოდა, როგორც ერთი საშუალო, პროპაგანდისტული სურათი. როი ბოულტინგი გვიჩვენებს, თუ როგორ ნელ-ნელა ეჩვევა საზოგადოება რადიკალურ იდეებს. ახლა უკვე დღევანდელი გერმანია რომ გავიხსენოთ, ფაქტია, რომ ულტრამემარჯვენე რიტორიკა (განსაკუთრებით მიგრანტების მიმართ), რომელიც 10 წლის წინ სრულიად ტაბუდადებული იყო, საარჩევნო წარმატებების ფონზე ნელ-ნელა „ნორმად“, სრულიად მისაღებად იქცევა გერმანული საზოგადოების დისკურსში.
იმ სოფლის მცხოვრებლები, რომელთა შესახებ გვიამბობს „პასტორი ჰოლი“, ნაცისტებს იმიტომ კი არ უჭერენ მხარს, რომ ბოროტები არიან და სისხლი თუ ნგრევა უნდათ. არა, ისინი უბრალოდ სტაბილურობას და „წესრიგს“ეძებენ... ზუსტად ისევე, როგორც დღევანდელი გერმანიის აღმოსავლეთ რეგიონების ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს პოპულისტ რადიკალებს ეკონომიკური შიშების, ინფლაციის, ტრადიციული პარტიებისადმი უნდობლობის გამო. თუკი ფილმში ნაცისტები ეკლესიასა და სკოლებს იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის, დღეს რადიკალი პოპულისტები წარმატებით ეუფლებიან სოციალურ მედიას, ავრცელებენ "ფეიკებს" და ჰყავთ თავიანთი „ვარსკვლავებიც“, რომლებიც სახეშეცვლილი ფაშიზმის პროპაგანდას დაუფარავად ეწევიან.
და ზუსტად იმიტომ, რომ „პასტორი ჰოლი“ უფრო იგავია, ვიდრე ისტორიული ფილმი... და შეიძლება იმიტომაც, რომ ბრიტანული ფილმის ავტორები პირდაპირ, რაღაც განსაკუთრებული ნიუანსების გარეშე მოგვმართავენ მაყურებელს (ყველა ეპოქის მაყურებელს!), კინოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი პირველი ანტიფაშისტური ფილმი 21-ე საუკუნის საქართველოსაც დაგვანახებს. კი, ბანალური გახდა და, შესაბამისად, ნაკლებად ეფექტურიც პასტორ მარტინ ნიმიოლერის სიტყვები. მაგრამ ამ გამოთქმის შინაარსი ხომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია: „როდესაც ნაცისტები მოვიდნენ კომუნისტების წასაყვანად, ხმა არ ამოვიღე. როდესაც...“
თქვენ თვითონ გააგრძელეთ!
ფილმის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ:
ფორუმი