Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა

გოგი გვახარია გვირჩევს ფილმ „ჯადოქარს“.
გოგი გვახარია გვირჩევს ფილმ „ჯადოქარს“.

”ჯადოქარი” (1956, საფრანგეთი-შვედეთი, რეჟისორი ანდრე მიშელი)

24 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ფრანგი მსახიობის, ვლადიმირ ვისოცკის ქვრივის, მარინა ვლადის შვილებმა მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა გამოაქვეყნეს, კინოს მოყვარულებს კვლავ გაახსენდათ ანდრე მიშელის ფილმი „ჯადოქარი“, რომელშიც მარინა ვლადი მთავარ როლს ასრულებს. საფრანგეთის გარდა, ამ ფილმის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით დიდია რუსეთში. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ჯადოქარი“ რუსი მწერლის, ალექსანდრ კუპრინის მოთხრობის, „ოლესიას“ ეკრანიზაციაა. არც იმიტომ, რომ „ვლადი“ რუსი ემიგრანტების ქალიშვილის, მარინა პოლიაკოვას ფსევდონიმია... ამ ფილმმა და მარინა ვლადის როლმა უამრავ ადამიანს, შეიძლება ითქვას, ცნობიერება შეუცვალა 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში. ვლადიმირ ვისოცკიმ მარინა პირველად „ჯადოქარში“ ნახა და როგორც ცოტა ხანში აღიარა, „ნახა ქალი, რომელსაც სულ ეძებდა“. მეგობრებს უთხრა კიდეც: „ამ ქალს აუცილებლად შევირთავ ცოლად“.

ფრანგულ-შვედური „ჯადოქარი“ ნამდვილ კულტურულ ფენომენად იქცა ჩვენში. ფილმმა უდიდესი გავლენა მოახდინა იმდროინდელ მოდაზე, სილამაზის სტანდარტებზე და კინემატოგრაფიულ გემოვნებაზე. მარინა ვლადის გმირის სახელს, „ინგას“, ახალდაბადებულ ბავშვებს არქმევდნენ. ქალებმა მასობრივად დაიწყეს თმის ქერად შეღებვა და სწორი, გაშლილი ვარცხნილობის ტარება (ამ სტილს „ჯადოქარი“ შეარქვეს“). სეანსის დასრულების შემდეგ მაყურებელი „ღიღინებდა“ ხოლმე ნორბერტ გლანზბერგის მელოდიას, რომელიც ფილმის საუკეთესო ეპიზოდებში ისმის.

“ჯადოქრის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ პეტრე გრუზინსკიმ ლექსიც კი დაწერა შოთა მილორავას სიმღერისთვის… მე ვერ ვიხსენებ სხვა შემთხვევას ქართული მუსიკის ისტორიაში, როდესაც სიმღერის მელოდია უცხოური ფილმის საუნდტრეკიდან ყოფილიყო აღებული.

1956 წელს გადაღებულ ფილმს საბჭოთა ეკრანებზე გამოსვლის ნება, როგორც ჩანს, იმიტომ დართეს, რომ აქ მკაფიოდ იყო გამოხატული ანტირელიგიური და ანტიკლერიკალური მოტივები (ფილმში სოფლის ფანატიკოსი მცხოვრებლები უდანაშაულო “ველურ ქალს”, ინგას, დევნიან). ეს, ცხადია, იდეალურად ჯდებოდა საბჭოთა რელიგიურ პროპაგანდაში. მაგრამ იმის თქმაც არ შეიძლება, რომ “ჯადოქარი” მხოლოდ საბჭოთა კავშირში იყო პოპულარული და თითქოს არცთუ ისე ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ანდრე მიშელის ფილმი “დაიჩაგრა” ევროპაში, სადაც ფილმის პრემიერის დროს უკვე “ახალი ტალღის” გენიოსები იკავებდნენ ფრანგული კინოს ლიდერების პოზიციას. არაა ასე. “ჯადოქარი” აღინიშნა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის “ვერცხლის დათვით” და ევროპაშიც შეფასდა, როგორც ერთი-ერთი ყველაზე მელანქოლიური, ლამაზი, სიმბოლური სასიყვარულო დრამა 1950-იანი წლების კინოში.

დროსაც გაუძლო. იმდენად, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში მოსკოვში გადაწყდა, ფრანგული ფილმის წარმატება რუსული კლასიკური ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის გამოეყენებინათ. თუკი ანდრე მიშელმა კუპრინის მოთხრობის მოქმედება 50-იანი წლების შვედეთში გადაიტანა, რატომ არ უნდა ენახა საბჭოთა მაყურებელს ლიტერატურულ პირველწყაროსთან, “ოლესიასთან”, დაახლოებული ვერსია?

„ოლესიას“ ეკრანიზაციისთვის აირჩიეს უკრაინა, დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდია. „ოლესიას“ გადაღება შესთავაზეს უკრაინელ რეჟისორს, ივჩენკოს, რომლის დებიუტი კინორეჟისურაში, ფილმი „ანიჩკა“, დიდი წარმატებით უჩვენეს მთელ საბჭოთა კავშირში.

ფილმის მოქმედება ზედმიწევნით ზუსტად მიჰყვება კუპრინის ტექსტს. მოქმედება ხდება სწორედ იქ, სადაც მწერალმა ჩაიფიქრა - მე-19 საუკუნის უკრაინულ პოლესიეში. “ოლესია” პრემიერის წელს 25-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა. ამას ძირითადად მთავარი როლის შემსრულებლის, ლიუდმილა ჩურსინას პოპულარობით ხსნიან. მაგრამ “ჯადოქრის” ეფექტის განმეორება მაინც ვერ მოხერხდა. 29 წლის ლუდმილა ჩურსინა “ტყის გოგოს” როლში მაინცდამაინც ბუნებრივი არ იყო, თანაც მაყურებლის დიდ ნაწილს კარგად ახსოვდა “ჯადოქარი”, განსაკუთრებით კი მთავარი როლის შემსრულებელი მარინა ვლადი, რომელმაც ზუსტად იმ წელს იქორწინა ვლადიმირ ვისოცკისთან, როცა საბჭოთა კინოთეატრებში “ოლესიას” ჩვენება დაიწყო.

1967 წელს მარინა ტაგანკის თეატრში რეპეტიციაზე მიიწვიეს. ვისოცკი ჯერ სცენაზე ნახა, მერე კულისებში ეახლა და კომპლიმენტებით შეამკო. იმავე საღამოს ვლადიმირ ვისოცკიმ სავახშმოდ დაპატიჟა. „გეძებე და გიპოვე. ამიერიდან მინდა, რომ მხოლოდ შენთვის ვიმღერო“, - ასე აუხსნა სიყვარული.

ვისოცკის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ წიგნში “ვლადიმირი. შეწყვეტილი ფრენა” მარინა ვლადი წერს:

“როცა თავისთვის მღერის, კიდევ არაფერია, მაგრამ როცა პუბლიკისთვის მღერის… ამას ვერ ვიტან”. თითქოს იმის თქმა უნდა, რომ ვისოცკი მისი პოპულარობის გამო არ უყვარდა, თითქოს აღიარებს, რომ მუდმივად ეჭვიანობდა მასზე. მით უმეტეს, რომ ერთად ცხოვრებას ვერ ახერხებდნენ - ვისოცკის დიდხანს არ აძლევდნენ ქვეყნიდან გასვლის ნებართვას.

ვისოცკისთვის მარინა იყო არა მხოლოდ ცოლი, არამედ მფარველი ანგელოზიც - ცდილობდა ქმარი ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან ეხსნა... და, სხვათა შორის, ეს მფარველობა ვისოცკის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა.

მარინამ 2022 წელს დაგმო რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინაში, თუმცა რუსეთთან ურთიერთობა უფრო ადრე გაწყვიტა. ვისოცკისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაზე დარბაზში წამოხტა ვლადიმირ ვისოცკის ვაჟი ნიკიტა (მომღერლისა და მსახიობის პირველი ქორწინებიდან) და ვლადის „მატყუარა მანიპულატორი“ უწოდა. მარინამ საჯაროდ გააპროტესტა ვლადიმირ ვისოცკის საფლავზე დადგმული ქანდაკება. 2023 წელს კი, როცა რუსული პროპაგანდისტული მედია მაყურებელს არწმუნებდა, ვლადიმირ ვისოცკი ახლა ჩვენს მებრძოლებთან ერთად იქნებოდა უკრაინაშიო, მარინამ განაცხადა, ეს სიცრუეა, ვისოცკი ამას არასდროს იკადრებდაო.

წლების წინ მარინა ვლადიმ არქივს გადასცა ვლადიმირ ვისოცკისთან მიმოწერა - 446 წერილი, იმ პირობით, რომ მის სიცოცხლეში არ გამოაქვეყნებდნენ. ასე რომ, „ჯადოქრის“ და ვისოცკის სიყვარულის ისტორია მათი თაყვანისმცემლებისთვის ჯერ არ დასრულებულა.

ფილმის დუბლირებული ვერსია, რომელიც საბჭოთა ეკრანებზე გადიოდა:

ვერსია ინგლისური სუბტიტრებით:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG