აშშ-ში, მაიამიში, დაგეგმილზე უფრო ადრე დასრულდა მოლაპარაკებები უკრაინის, ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ. „მეორე დღე არ იქნება“, დაწერა მან წყაროებზე დაყრდნობით სოცქსელ X-ში.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ მოლაპარაკებები 9 და 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. პირველი დღე დაემთხვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამის შემდეგ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აუქმებს სანქციებს რუსეთის დიზელის საწვავზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ომში ინვესტიცია უწოდა.
ასევე ნახეთ
ტრამპი: რუსეთი აშშ-ს და გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავს მიაწვდისუკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერჰი კისლიცა და ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია. ისინი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივენ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდნენ.
პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის დარტყმების შეწყვეტა ზღვაზე და ენერგეტიკაზე. ასევე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის და დაფინანსების საკითხები.
როგორც „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინება, მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ უიტკოფი და კუშნერი დაიმუქრნენ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას შეიძლება შეუწყვიტოს აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა, თუკი კიევი მომავალშიც უგულებელყოფს მის თხოვნას, რომ თავი შეიკავოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებისგან.
გამოცემის ცნობით, ამავე დროს, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო ეს ინფორმაცია. მისი თქმით, უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინელებს უთხრეს, რომ აშშ სანდო პარტნიორია, რომელიც მათ საბრძოლო მასალასა და სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის. ამიტომ უკრაინამ არ უნდა მიმართოს ზომებს, რომლებიც ზიანს აყენებს ამერიკელ მომხმარებლებს.
„ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევები ზიანს აყენებს რუსეთს, მაგრამ ისინი ზიანს აყენებს აშშ-საც,“ თქვა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.
როგორც იტყობინებიან, სტივ უიტკოფმა ჩატარებულ შეხვედრებს პროდუქტიული უწოდა.
მაიამის შეხვედრამდე, 8 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი სახიფათო ჩიხში შევიდა. რუბიოს თანახმად, ვაშინგტონი განაგრძობს მუშაობას კონფლიქტის გადასაჭრელად.
კრემლი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოსაზრებას დაეთანხმა. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 8 ოქტომბერს სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუბიო მართალია და ჯერჯერობით ომის დასრულების ვერანაირ წინაპირობას ვერ ხედავენ, მაგრამ დიპლომატების ხელოვნება სწორედ ის არის, რომ იპოვონ რაღაც გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის „სამშვიდობო ტრაექტორიაზე გასვლას“.
ამერიკული გამოცემა Axios-ის წყაროს ცნობით, უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, ოქტომბერშივე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ვიზიტს გეგმავენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შემდგომი მოლაპარაკებისთვის.