რუსეთმა ენერგოობიექტებს დაარტყა კიევსა და კიევის ოლქში

რუსული რაკეტა კიევში მოხვდა საცხოვრებელ კორპუსსაც.

რუსეთის ჯარებმა მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმის მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის „ენერგეტიკული ზავი“ გამოაცხადა.

პირველი ცნობები ბალისტიკური რაკეტებით მორიგი შეტევის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა 14 ოქტომბერს გამთენიისას. კლიჩკოს თანახმად, რუსეთის ჯარებმა რამდენიმე ენერგოობიექტს დაარტყეს.

კიევის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, დარნიცკის და პეჩერის რაიონებში ელექტროტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერდა.

დილის რვა საათისთვის კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მორიგი ცნობა, რომ ბალისტიკური რაკეტებით მასირებული შეტევა იყო დედაქალაქ კიევის და კიევის ოლქის ენერგოობიექტებზე. ენერგომომარაგება შეფერხებულია.

წინასწარი მონაცემებით, კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

რუსეთის ჯარებმა რაკეტებთან ერთად გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები.

ასევე ნახეთ

ლავროვი ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგოზავისა და ზელენსკის პასუხად: ვაგრძელებთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას

რუსეთის ჯარებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს 13 ოქტომბერს ღამითაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 9-სართულიან სახლზე დარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 20-ზე მეტი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დარტყმა იყო კიევის ერთ-ერთ ძირითად ენერგოობიექტზეც, თბოელექტროცენტრალ-4-ზე.

ზელენსკის განცხადებით, ფაქტები აჩვენებენ, რომ რუსები საჭიროდ არ მიიჩნევენ იმის შესრულებას, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა (ენერგეტიკული ზავი). უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ ენერგოობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტას უკრაინამ მხარი დაუჭირა.

ასევე ნახეთ

ტრამპი: შეთანხმება პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის

რუსეთმა დაადასტურა უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმა

14 ოქტომბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, გასული ღამიდან კიევში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს ორ თბოელექტროცენტრალს, კიევის ოლქში - თბოელექტროსადგურს, ელექტროქვესადგურს და თბოელექტროცენტრალს, ქალაქ ხარკოვში - თბოელექტროცენტრალს და ხარკოვის ოლქში - თბოელექტროსადგურს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ამ ობიექტებს უკრაინა იყენებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და შეიარაღებული ძალების ობიექტების მომარაგებისთვის.

რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს მსხვერპლზე სამოქალაქო მოსახლეობაში და მისთვის მიყენებულ ზიანზე.

ასევე ნახეთ

სენატორებმა ტრამპს მიმართეს, გააუქმოს პუტინთან მიღწეული „დიზელის შეთანხმება"