ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი („კაწრო“) დააკავეს

ყიფიანი და ბილანიშვილი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებულები

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2026 წლის 15 ოქტომბერს საქართველოში დააკავეს ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, - ფიგურები, რომლებსაც მედია წლების განმავლობაში კრიმინალურ სამყაროსთან აკავშირებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას ამ დროისთვის მხოლოდ ვატო ყიფიანის დაკავებას უდასტურებენ.

შსს-ს თანახმად, იგი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამავე მუხლითაა დაკავებული ავთო ბილანიშვილიც.

განახლება: პროკურატურამ მათი დაკავება დაადასტურა - შოთა ყიფიანთან ერთად - და ბრალიც წარუდინა.

ასევე ნახეთ

„ჯგუფური ცემა“ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში - ყიფიანსა და ბილანიშვილს ბრალი წარუდგინეს

ყიფიანსა და ბილანიშვილს ამ ეტაპზე 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ჯგუფური ძალადობა, - რასაც მათ ედავებიან, - სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ისჯება:

  • ჯარიმით,
  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე;
  • ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, - „იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“.

ასევე ნახეთ

ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებული ვატო ყიფიანი თბილისში დააკავეს

ყიფიანის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ:

  • დღეს საღამოს, 15 ოქტობმერს, - დაკავებაზე ინფორმაციის გავრცელებამდე სულ მცირე ხნით ადრე, - ტელეფონით ესაუბრა ყიფიანს, რომელიც ქალაქგარეთ იმყოფებოდა;
  • მისთვის უცნობია დაკავების შესახებ და ცდილობს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახთან დაკავშირებას.

ვინ არის ვატო ყიფიანი

47 წლის ვახტანგ (ვატო) ყიფიანს მედია წლების განმავლობაში უკავშირeბდა კრიმინალურ სამყაროს.

წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ყიფიანი ბოლოს საქართველოში დააკავეს 2021 წელს, - უკრაინიდან გამოძევების შემდეგ, თბილისის აეროპორტში.

ვატო ყიფიანი

პროკურატურა მას ედავებოდა ასევე „კრიმინალურ ავტორიტად“ ცნობილი ძმები ფეიქრიშვილის მკვლელობის მცდელობას 2020 წელს უკრაინიდან, - რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა.

  • 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები 2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში დააკავეს - სხვადასხვა საქმეზე;
  • 23 სექტემბერს მათ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს.

ასევე ნახეთ

ძმებ ფეიქრიშვილებსა და მათი დაცვის წევრს პატიმრობა შეუფარდეს - ახალი დეტალები

ვინ არის „კაწრო“?

ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ასევე ხშირად მოხვედრია მედიის ყურადღების ეპიცენტრში.

ის არის „კრიმინალურ ავტორიტეტად“ ცნობილი 75 წლის კაკო ბილანიშვილის ვაჟი.

2022 წელს ბერძნულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ უფროსი ბილანიშვილი საბერძნეთში დააკავეს, თუმცა ეს ცნობა ოჯახმა რადიო თავისუფლებასთან უარყო.

ასევე ნახეთ

საბერძნეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ და მისი დაჯგუფების 12 წევრია დაკავებული - მედია

ავთო ბილანიშვილი საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში პირველად 2019 წელს მოექცა.

ავთო ბილანიშვილი („კაწრო“)

ის მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოჰკითხეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე (საბოლოოდ შსს-მ თქვა, რომ ბილანიშვილი კადრებში არ ფიგურირებდა).

ბერა ივანიშვილი და ავთო ბილანიშვილი

მედიის, - „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“, - ცნობით, იგი მეგობრობს (ყოველ შემთხვევაში, წლების განმავლობაში მეგობრობდა) „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ვაჟთან, ბერა ივანიშვილთან.

სოციალურ ქსელებში მათი არაერთი საერთო ფოტო იძებნება.

ასევე ნახეთ

ავთანდილ ბილანიშვილი ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის