„ჯგუფური ცემა“ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში - ყიფიანსა და ბილანიშვილს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს (მეტსახელად „კაწროს“) ბრალი წარუდგინა

პროკურატურა ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს“ დაკავების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მათ ბრალი წარუდგინეს.

ორივე მათგანს, - შოთა ყიფიანთან ერთად, - თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

რადიო თავისუფლების უცნობია, არის თუ არა შოთა ყიფიანი ვატო ყიფიანის ნათესავი.

ასევე ნახეთ

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი („კაწრო“) დააკავეს

რატომ დააკავეს ისინი - გამოძიების ვერსია

პროკურატურა ციტირებს შსს-ს გამოძიებას და წერს, რომ:

  • 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს;
  • დაზარალებულმა, - რომლის ვინაობასაც პროკურატურა, როგორც სხვა შემთხვევების უმეტესობაში, არ წერს, - ფიზიკური ტკივილი განიცადა;
  • მათ ბრალი უკვე წარუდგინეს („ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად“) - და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • პროკურატურა წერს, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს „კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს“.

ვინ არის ვატო ყიფიანი

47 წლის ვახტანგ (ვატო) ყიფიანს მედია წლების განმავლობაში უკავშირeბდა კრიმინალურ სამყაროს.

წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ყიფიანი ბოლოს საქართველოში დააკავეს 2021 წელს, - უკრაინიდან გამოძევების შემდეგ, თბილისის აეროპორტში.

ვატო ყიფიანი

პროკურატურა მას ედავებოდა ასევე „კრიმინალურ ავტორიტად“ ცნობილი ძმები ფეიქრიშვილის მკვლელობის მცდელობას 2020 წელს უკრაინიდან, - რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა.

  • 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები 2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში დააკავეს - სხვადასხვა საქმეზე;
  • 23 სექტემბერს მათ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს.

ასევე ნახეთ

ძმებ ფეიქრიშვილებსა და მათი დაცვის წევრს პატიმრობა შეუფარდეს - ახალი დეტალები

ვინ არის „კაწრო“?

ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ასევე ხშირად მოხვედრია მედიის ყურადღების ეპიცენტრში.

ის არის „კრიმინალურ ავტორიტეტად“ ცნობილი 75 წლის კაკო ბილანიშვილის ვაჟი.

2022 წელს ბერძნულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ უფროსი ბილანიშვილი საბერძნეთში დააკავეს, თუმცა ეს ცნობა ოჯახმა რადიო თავისუფლებასთან უარყო.

ასევე ნახეთ

საბერძნეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ და მისი დაჯგუფების 12 წევრია დაკავებული - მედია

ავთო ბილანიშვილი საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში პირველად 2019 წელს მოექცა.

ავთო ბილანიშვილი („კაწრო“)

ის მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოჰკითხეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე (საბოლოოდ შსს-მ თქვა, რომ ბილანიშვილი კადრებში არ ფიგურირებდა).

ბერა ივანიშვილი და ავთო ბილანიშვილი

მედიის, - „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“, - ცნობით, იგი მეგობრობს (ყოველ შემთხვევაში, წლების განმავლობაში მეგობრობდა) „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ვაჟთან, ბერა ივანიშვილთან.

სოციალურ ქსელებში მათი არაერთი საერთო ფოტო იძებნება.