პროფესორ ჯონსთან ინტერვიუ თბილისში ჩავწერეთ - ის პირველად ჩამოვიდა საქართველოში მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ დაფინანსება შეუწყვიტა ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში მოქმედ ქართველოლოგიის პროგრამას.
პროფესორი დაესწრო თავისი ახალი წიგნის - „პირველი სოციალური დემოკრატია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში“ - პრეზენტაციას. ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოცემას “ზიარი” მალე ქართულადაც თარგმნის.
ამ ინტერვიუში სტივენ ჯონსი გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღების რეალური მიზეზი, რა მნიშვნელობა ჰქონდა და რა ბედი ელის ახლა ქართველოლოგიის პროგრამას.
ასევე ნახეთ
თბილისმა აღარ დააფინანსა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამარადიო თავისუფლება: პროფესორო ჯონს, როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როცა შეიტყვეთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაფინანსება შეუწყვიტა ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის პროგრამას, ეს თქვენთვის მოულოდნელი იყო?
სტივენ ჯონსი: რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. მიმაჩნდა, რომ ეს წინდაუხედავი ნაბიჯი იყო, რადგან ჰარვარდში გვქონდა ქართული კვლევების პროგრამა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ეს პროგრამა მოვიპოვეთ, რადგან ჰარვარდი არ იღებს ნებისმიერ პროგრამას - ის მხოლოდ ისეთ ინიციატივებს ამტკიცებს, რომლებსაც მიიჩნევს სერიოზულ, მაღალი ხარისხის მქონე პროგრამებად. ხოლო როგორც კი პროგრამას დაკარგავ და ის სხვაგან გადაინაცვლებს, ჰარვარდში მისი დაბრუნება ძალიან რთულია.
ჩემი აზრით, მათი [საქართველოს მთავრობის - რ.თ.] სურვილი იყო, უფრო მჭიდრო ალიანსი ყოფილიყო ქართული კვლევების პროგრამასა და საქართველოს მთავრობას შორის. მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით, რადგან დამოუკიდებელი აკადემიური პროგრამა ვიყავით.
ჩვენ ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ. ხელს ვუწყობდით საქართველოს პოპულარიზაციას, ვაგზავნიდით მეცნიერებს საქართველოში, ხოლო ქართველი მეცნიერები ჰარვარდში ჩამოდიოდნენ. გვქონდა კულტურული ღონისძიებები, ვმართავდით სერიოზულ დებატებს და კონფერენციებს საქართველოში. საქართველოში პარტნიორებიც გვყავდა - თსუ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჩვენ არც საქართველოს რეგიონები დაგვრჩენია უყურადღებოდ, ჩავდიოდით ბათუმში, ქუთაისსა და სხვაგან. ვაკეთებდით იმას, რაც შეგვეძლო. საქართველოს მთავრობამ სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში 2,3 მილიონი გამოგვიყო და ჩვენ ეს რესურსი მაქსიმალურად გონივრულად გამოვიყენეთ.
პროფესორი სტივენ ჯონსი
რადიო თავისუფლება: თქვენ ბევრი რამ ჩამოთვალეთ, რასაც აკეთებდა ეს პროგრამა - რატომ იყო ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი ქართული აკადემიისთვის საერთაშორისო დონეზე? და საერთოდ, რას ნიშნავს, როცა ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამა გაქვს?
სტივენ ჯონსი: ჩვენი მთავარი მიზანი იყო ამერიკელი მკვლევრებისა და მაგისტრანტების ისეთი ჯგუფის შექმნა, ვინც დაინტერესდებოდა საქართველოს საკითხებით და მომავალშიც გააგრძელებდა ამ მიმართულებით მუშაობას. მეორე მიზანი კი ქართველი მეცნიერების დასავლურ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია გახლდათ.
გვინდოდა, მათ შესძლებოდათ, გამოექვეყნებინათ საკუთარი ნაშრომები, გაეზიარებინათ დასავლელი კოლეგების გამოცდილება და თავიანთი კვლევები დაეკავშირებინათ, მაგალითად, დასავლურ თეორიულ იდეებთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან თუ დემოკრატიის მშენებლობის პროცესებთან.
ვცდილობდით დავხმარებოდით ახალგაზრდა ქართველ მკვლევრებს და შეგვექმნა ამერიკელ მკვლევართა ბირთვი, რომლებიც მომავალშიც არ მიატოვებდნენ საქართველოს თემატიკაზე მუშაობას.
მოკლედ, ჩვენმა პროგრამამ, საგანმანათლებლო გაცვლის თვალსაზრისით, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. თუმცა საბოლოო მიზანი იყო საქართველოს მიმართ ინტერესის გაღვივება და, ასე ვთქვათ, ქართველოლოგიის ამერიკულ-დასავლური სკოლის შექმნა - მკვლევრებისა, რომლებიც ამ საქმეს მომავალშიც გააგრძელებდნენ.
რადიო თავისუფლება: ხომ არ გაქვთ განცდა, რომ პირადად თქვენ და თქვენი არაერთგზის გამოთქმული კრიტიკული პოზიცია გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო?
სტივენ ჯონსი: დიახ, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რადგან საქართველოს მთავრობის მიმართ ძალიან კრიტიკული ვიყავი. ცხადია, მათ იცოდნენ, რასაც ვამბობდი - ეს ყველაფერი საჯარო იყო. დიახ, ვწერდი ყველაფერზე, რაც, ჩემი აზრით, ცუდი იყო საქართველოს მომავლისთვის, ქართული დემოკრატიისა და ქართველი ხალხისთვის. და ამაზე იმიტომ ვწერდი, რომ აკადემიური წრეების წარმომადგენლები ზუსტად ასე იქცევიან.
დარწმუნებული ვარ, ამან გავლენა იქონია მათ გადაწყვეტილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისათვის, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მე უკვე აღარ ვიყავი დირექტორი - იმ დროისთვის ეს მოვალეობა ნათია ჭაკვეტაძემ ჩაიბარა და პროგრამის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. ძალიან მეწყინა, როდესაც მას წაართვეს შანსი, რაღაც უფრო ხანგრძლივი და მდგრადი შეექმნა. ჩვენ ხომ სწორედ ეს გვინდოდა.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება ხომ არ არის ზოგადად დასავლეთის, ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორების მიმართ “ქართული ოცნების” ბოლო დროის პოლიტიკის ნაწილი?
სტივენ ჯონსი: ვფიქრობ, ეს უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის ნაწილი იყო. როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, 2022 წელს (მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და მან ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ამ თანხების მოძიებაში), საქართველო უფრო ახლოს იდგა შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. მათ ამ პროგრამის შექმნა მიაჩნდათ სასარგებლოდ საგარეო ურთიერთობებისთვის და დასავლეთ ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის.
მაგრამ ნელ-ნელა, 2025-2026 წლებისთვის ცხადი გახდა, რომ სიტუაცია სრულიად შეიცვალა ევროპული ფასეულობების, იდეებისა და დემოკრატიული პრინციპების უარყოფის გამო - ეს პროგრამა მათთვის პოლიტიკურად აღარ იყო ისეთივე სარგებლიანი, როგორიც ადრე… ფინანსურად ამის გადახდა ნამდვილად შეეძლოთ.
რადიო თავისუფლება: ანუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო?
სტივენ ჯონსი: დიახ, ვფიქრობ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ და ეს იყო მცდარი ნაბიჯი, რადგან დასავლეთში, და რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებშიც, ფაქტობრივად, ქართული კვლევების ერთადერთი პროგრამა ვიყავით. ევროპაშიც კი არ არსებობს სხვა სპეციალიზებული პროგრამა, რომელიც სრულად და მთლიანად საქართველოს ეძღვნება.
არის პროგრამები, რომლებიც მხარს უჭერენ ქართველოლოგიურ კვლევებს და ფოკუსირებულნი არიან კავკასიაზე, მაგრამ არაფერია ისეთი, რაც კონკრეტულად საქართველოსთვის იქნებოდა შექმნილი. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ეს დავკარგეთ.
რადიო თავისუფლება: რომ განვაზოგადოთ, რა დაკარგა ამით საქართველომ?
სტივენ ჯონსი: შესაძლებლობა იმისა, რომ ხაზი გავუსვათ საქართველოს წვლილს მსოფლიო კულტურაში და ეს საკითხი მნიშვნელოვანი გავხადოთ ამერიკელი პოლიტიკის შემქმნელებისთვის; ასევე, დავეხმაროთ ევროპელებს იმის გააზრებაში, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ის პატარაა. და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო ევროპის მოკავშირე იყოს, რაც მას უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს მისცემდა.
უსაფრთხოებას ის ვერ მიიღებს იმ მხრიდან, საიდანაც ახლა ეძებს: ყაზახეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან… თუმცა „ქართულ ოცნებას“ აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზეზები, თუ რატომ არ სურს ევროპის ნაწილი გახდეს; უპირველეს ყოვლისა, ეს „ქართული ოცნების“ დასასრულს ნიშნავს. ცხადია, მათ ეს არ სურთ. და სწორედ ეს მოხდებოდა, რადგან ევროკავშირს აქვს გარკვეული პოლიტიკური და დემოკრატიული მოთხოვნები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას შეასუსტებდა.
რადიო თავისუფლება: არის იმედი, რომ ეს პროგრამა სხვაგან, სხვა სახით და ახალი დაფინანსებით მაინც გაგრძელდება და იარსებებს?
სტივენ ჯონსი: იმედი გვაქვს, შევძლებთ ისეთი დაწესებულების პოვნას, რომელიც მხარს დაუჭერს ამ პროგრამას. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას ფინანსური მხარდაჭერის მოსაზიდად, რათა შეიქმნას ე.წ. სამიზნე კაპიტალი. პროგრამის პრობლემა ის იყო, რომ ის გარე დაფინანსებაზე იყო დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება საბანკო ანგარიშზე განთავსებული სახსრები, რომლებიც უზრუნველყოფს პროგრამის გაგრძელებას და მას პოლიტიკური ხასიათის დაბრკოლებებისგან დაიცავს.
ეს საჭიროა იმისთვის, რომ პოლიტიკაზე ფიქრის გარეშე განაგრძოს თავისი საქმიანობა - გააკეთოს ის, რაც ევალება: დაეხმაროს საქართველოს გადარჩენაში, ხელი შეუწყოს მისი კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების პოპულარიზაციას. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ვიმედოვნებთ, რომ კამპანიის დაწყების შემდეგ გამოჩნდებიან ადამიანები და იტყვიან: „დიახ, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ შეერთებულ შტატებში სომხური კვლევების დაახლოებით 14 კათედრა არსებობს. სომხური დიასპორა ქართულ დიასპორაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი და შეძლებულია; გარდა ამისა, სომხურ თემში ძლიერი ფილანთროპიული სულისკვეთებაა, მათ სურთ, რომ სომხური კვლევები აშშ-ის უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების მნიშვნელოვან ნაწილი იყოს.
მათ აქვთ კათედრები ტაფტსის უნივერსიტეტში, მიჩიგანის უნივერსიტეტში, კალიფორნიის უნივერსიტეტში… მოკლედ, მრავალ სხვადასხვა უნივერსიტეტში. ისინი ჩვენზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან. ჩვენ კი, უბრალოდ, ვითხოვთ ერთ სამიზნე ფონდს ერთი კონკრეტული პროგრამისთვის.
სტივენ ჯონსის წიგნი. ფოტო გადაღებულია წიგნის პრეზენტაციაზე თბილისში 2026 წლის 15 ოქტომბერს.
რადიო თავისუფლება: თქვენ დღეს წარადგინეთ თქვენი ახალი წიგნი და პრეზენტაციაზე გკითხეს, როგორც ისტორიკოსი, თუ ხედავთ პარალელებს იმ დროის საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას და დღევანდელობას შორის. მართლაც თუ არსებობს ასეთი პარალელები და რა არის ის, რასაც ისტორია იმეორებს?
სტივენ ჯონსი: ბევრ ქართველთან ერთად მეც ვიზიარებ იმ ღრმა წუხილს, რომ საქართველო ძალიან ახლოს იყო არა უშუალოდ ევროკავშირის წევრობასთან, არამედ, სულ მცირე, ამ პროცესის დაწყებასთან. ჩვენ ამ მიზნის მიღწევის ზღვარზე ვიყავით.
1918-1921 წლებში ქართველებს ზუსტად იგივე მისწრაფებები ჰქონდათ. მაშინდელმა ქართულმა მთავრობამ ეს გზა აირჩია ნაწილობრივ იმიტომ, რომ თავს ევროპულ ქვეყნად მიიჩნევდა; მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ეკონომიკურად საქართველოსთვის ეს მომგებიანი იქნებოდა და მესამე - იმიტომ, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გარკვეულ განცდას მისცემდა.
დღესაც იგივე ვითარებაა. საქართველო თავს ევროპულ სახელმწიფოდ გრძნობს. ევროპულ ეკონომიკაში ინტეგრირებით, ქვეყანა ევროკავშირთან ვაჭრობით სარგებელს მიიღებს. მიიღებს ფინანსურ დახმარებასაც, თუკი საქმე აქამდე მივა; და ასევე, ევროკავშირის წევრობა საქართველოს გარკვეული დონის უსაფრთხოებას შესძენს რუსეთისა და სხვა ქვეყნების მხრიდან პოტენციური საფრთხეებისგან.
იმედგაცრუების მომგვრელი ფაქტორი ევროპელების და ამერიკელების ქცევაცაა. პირველი რესპუბლიკის დროს ქართველები ძალიან ბევრს იბრძოდნენ ევროპული დახმარების მისაღებად, მაგრამ ვერ მიიღეს. გეოპოლიტიკამ ძალიან დიდი გავლენა იქონია დიდ ძალებს შორის ურთიერთობებზე და საქართველო ყურადღების მიღმა დარჩა. ვფიქრობ, ზუსტად ამას ვხედავთ დღესაც.
ასევე ნახეთ
1918-1921 წლების კავკასიის დამოუკიდებლობის ყველა მკვლევარი ერთადჰარვარდის პროგრამის დაარსება და გაჩერება
ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა 2023-26 წლებში მუშაობდა. მისი დაარსების შესახებ შეთანხმება 2021 წელს, მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ მოხდა. პროგრამის დაარსება აშშ-ში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში 2021 წლის 22 სექტემბერს აღინიშნა და ღონისძიებას მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.
ამ პროგრამის დახურვის ამბავი 2026 წლის 20 აგვისტოს ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ გაავრცელა:
„მიზეზად მათ შორის ეწერა ის, რომ პროგრამის დირექტორი [სტივენ ჯონსი] ტენდენციური კაციაო, ესე იგი, ჩვენი პროპაგანდისტი არ არისო“, - წერდა ბექა კობახიძე.
სტივენ ჯონსმა არაერთხელ გააკრიტიკა “ქართული ოცნების” პოლიტიკა, მათ შორის, 2024 წელს „ქართული ოცნების“ მიღებული „აგენტების კანონი“, შემდგომ კი განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები - 2025 წელს მან, სხვა საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად, ხელი მოაწერა მოწოდებას „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი, გადაეხედათ დაანონსებული განათლების რეფორმა, - რეფორმა, რომელიც, ხელმომწერთა აზრით, „გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს.
ასევე ნახეთ
„ოცნება“ იზოლირებულია და „აგენტების კანონი“ ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაა - სტივენ ჯონსისაქართველოს განათლების სამინისტრო (2026 წლის 21 აგვისტოს წერილობით განცხადებაში) წერდა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს არ წარმოუდგენია პროგრამის ანგარიშგება.
სამინისტროს მტკიცებით, მათ ვერ მიიღეს “შეთანხმებული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ აქტივობებს, ბიუჯეტს, განხორციელების ვადებსა და გაზომვად შედეგებს“.
და იქვე შენიშნავდნენ, პროგრამის დაფინანსების შეწყვეტა ჰარვარდთან აკადემიურ თანამშრომლობაზე უარს არ ნიშნავსო.
„გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სახელმწიფო რესურსის ეფექტიან და ანგარიშვალდებულ მართვას და ახალი ეტაპის დასაწყებად აუცილებელი პროგრამული და ფინანსური ჩარჩოს არსებობას“, - ეწერა განათლების სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.