ფეზეშქიანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა და ფერეიდნელი ქართველებიც ახსენა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ. ირანში, განსაკუთრებით ფერეიდანში, ბევრი ირანელი ცხოვრობს, რომლებიც ქართველთა შთამომავლები არიან. მათ სახელებში, საქმიანობასა და მეტყველებაში დღემდე შემორჩენილია ქართული ფესვები და ისინი ერთმანეთში კვლავ ქართულად საუბრობენ. ჩვენც ძალიან თბილი და გულითადი ურთიერთობა გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ვესაუბრეთ. ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება და კავშირების გაღრმავება“, - თქვა ფეზეშქიანმა.
მისივე თქმით, არსებობს მარშრუტები, რომლებიც ირანს ევროპასთან, ხოლო საქართველოს ირანის გავლით სპარსეთის ყურესთან, ავღანეთთან, ინდოეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან დააკავშირებს.
„ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და შესაძლებლობა გვაქვს ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ფეზეშქიანის სიტყვების ქართულ თარგმანს საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს. მისი განცხადების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Iran Press-ზეც.
ასევე ნახეთ
„შეურაცხყოფაა ტრამპისთვის“ - უილსონი კობახიძისა და ფეზეშქიანის შეხვედრაზეირანის ელჩის განცხადებები
ფერეიდნელ ქართველებზე ბოლო პერიოდში ისაუბრა საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმაც.
სექტემბერში მან გააკრიტიკა საქართველოს გადაწყვეტილება, დაეცვა აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ელჩის შეფასებით, საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მხოლოდ ტურიზმს არ დააზარალებდა და გავლენას მოახდენდა სავაჭრო, ეკონომიკურ, ოჯახურ და სოციალურ კავშირებზე, მათ შორის ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობაზეც.
გარდა ამისა, ირანის ელჩი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც საუბრობდა.
ასევე ნახეთ
ირანის ელჩი არაზუსტი სტატისტიკის მოხმობით საქართველო-ავღანეთის „სავაჭრო მარშრუტის პერსპექტივაზე“ საუბრობს13 აგვისტოს მოჯანიმ განაცხადა, რომ საქართველოს ლოჯისტიკური შესაძლებლობები შესაძლოა მომავალში ავღანეთის სავაჭრო ქსელის ნაწილი გახდეს. მისი თქმით, განიხილებოდა შავი ზღვის გავლით ავღანეთთან სავაჭრო მარშრუტის შექმნის შესაძლებლობა.
ამ საკითხზე საუბრისას ელჩმა საქართველოდან ავღანეთში ავტომობილების რეექსპორტის არასწორი სტატისტიკაც მოიყვანა.
ამასთან, ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან ირანში.
ასევე ნახეთ
საქართველოდან ირანში ექსპორტი თითქმის 8,5-ჯერ გაიზარდაირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე თბილისს თეირანთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები არ შეუწყვეტია.
საქართველოს ხელისუფლებას ირანთან მჭიდრო კავშირების გამო ხშირად აკრიტიკებენ ვაშინგტონში. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურია რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.