მან ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილ სტივ უიტკოფს შორის 21 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შედეგები შეაჯამა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს უშაკოვის კომენტარებს, რომლის თანახმად, უიტკოფისა და პუტინის მეცხრე შეხვედრა იყო საფუძვლიანი, მისი „ცენტრალური თემა“ იყო უკრაინა, ის თითქმის სამ საათს გაგრძელდა და მასში ჯარედ კუშნერი დისტანციურად ჩაერთო, ავადმყოფობის გამო.
უშაკოვის თანახმად, პუტინს აღუნიშნავს “უიტკოფისა და კუშნერის ძალისხმევის ეფექტიანობა”. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების 9 ოქტომბრის სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით, “მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზებზე” და რუსეთის პრეზიდენტს გამოუთქვამს “დაინტერესება აშშ-თან ერთობლივ საქმიანობაში”.
პუტინის თანაშემწე აცხადებს, რომ პუტინმა უიტკოფთან შეხვედრისას გამოხატა მზადყოფნა ნოემბრის შუა რიცხვებში აშშ-თან და უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვისთვის და, რომ მთავარი თემა, რომელზეც რუსეთი მზად არის განაახლოს მოლაპარაკებები, არის “კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების სისტემების შექმნა”.
ასევე ნახეთ
პუტინი და მისი მთავრობა აშშ-ში დიზელით დატვირთული პირველი ტანკერის გაგზავნის სხვადასხვა დროს ასახელებენუშაკოვმა განაცხადა, რომ დუმის არჩევნების შემდეგ დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებები „თავად უკრაინის რეჟიმმა ჩაშალა, მთავარ საარჩევნო დღეს მოსკოვზე, სხვა ქალაქებზე, საარჩევნო უბნებზე და უშუალოდ საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე ზემასირებული დარტყმებით, რის შედეგადაც ზოგიერთი მათგანი დაიღუპა“.
იური უშაკოვმა პუტინ-უიტკოფის მოლაპარაკებებზე განხილულ თემებს შორის დაასახელა ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის პერსპექტივა - „შეხვედრის იდეას არავინ ეწინააღმდეგება“, რუსეთის მიერ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში შეუჩერებელი წინსვლა“ და „უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ეფექტიანად განადგურება“. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო დიზელის მიწოდებაზე მოლაპარაკების რეალიზაციას, აღინიშნა, რომ „დიზელის გარიგება ასტაბილურებს საწვავის ბაზრებს“, აგრეთვე „მხარეებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის ერთობლივი მასშტაბური ეკონომიკური პროექტები“.
ასევე ნახეთ
რუსეთმა ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა20 ოქტომბერს პრეზიდენტ ტრამპის წარგზავნილი სტივ უიტკოფი იმყოფებოდა ოსლოში, სადაც გაიმართა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბისა და ნორვეგიის პრემიერმინისტრ იონას გარ სტორისა და აშშ-ის პრეზიდენტის მომლაპარაკებლების (ჯარედ კუშნერი სამშაბათის შეხვედრაშიც დისტანციურად ჩაერთო) მონაწილეობით. იმავე დღეს გაიმართა შეხვედრა ევროპელი ლიდერებისა და ევროკავშირის, ნატოს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების მონაწილეობით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას ყველაზე მეტად სურს მშვიდობა, რომ რუსეთმა დაიწყო ომი და მისი გაგრძელებაც მხოლოდ რუსეთის გადაწყვეტილებაა:
"ჩვენ გვაქვს მკაფიო იდეები მშვიდობის მისაღწევად და ვართ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ამ ძალისხმევაში. გვსურს, ამერიკელებმა ეს იდეები მიიტანონ რუსებამდე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იდეაა - ვიმოძრაოთ ლიდერების შესაძლო სამმხრივი შეხვედრისკენ იმისთვის, რომ მოვაგვაროთ საკითხები, რისი გაკეთებაც მხოლოდ ლიდერებს შეუძლიათ".