მოკლედ
- სახალხო დამცველი ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პროკურატურას მოუწოდებს გამოძიების დაწყებისკენ.
- ომბუდსმენის თქმით, თავად არ ყოფილა საპატიმროში მოსანახულებლად პატიმრისა, რომლის უფლებადამცველი და ოჯახიც ციხეში მის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.
- განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა 20 და 21 ოქტომბერს სხვადასხვა უწყებას მიმართა სხვადასხვა ინფორმაციის მოთხოვნით - ასევე, პროკურატურას მოსთხოვეს გამოძიების დაწყება.
- სავარაუდო ძალადობის ფაქტს ამ დრომდე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმის შესწავლის ფარგლებში, გარდა იმისა, რომ პროკურატურას მიმართეს გამოძიების მოთხოვნით, ასევე:
- პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს სთხოვეს დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
- # 8 პენიტენციურ დაწესებულებას, ანუ იმ ციხის ადმინისტრაციას, სადაც ფეიქრიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, მოსთხოვეს მისი "განთავსების საკანსა და მიმდებარე დერეფანში ვიდეო მეთვალყურეობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია".
- ასევე მოსთხოვეს იმ პატიმრების შესახებ ციხის შენობაში გადაღებული კადრები, რომლებსაც ფეიქრიშვილი მასზე განხორციელებულ ძალადობაში მონაწილედ ასახელებს.
- ციხის ადმინისტრაციას მოსთხოვეს ფეიქრიშვილის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
მიიღო თუ არა ამ ინფორმაციიდან რაიმე სახალხო დამცველმა, ეს განცხადებაში არ წერია. ამ ტექსტში ხაზგასმულია, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ობიექტურად გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, საქმე პროკურატურამ გამოიძიოს.
ასევე ნახეთ
ვატო ყიფიანი vs ძმები ფეიქრიშვილები – დაპირისპირების ისტორიაცნობები იმის შესახებ, რომ გლდანის ციხეში მყოფი დავით ფეიქრიშვილი სასტიკად სცემეს რამდენიმე დღით ადრე დაკავებულმა ვატო ყოფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა და რამდენიმე სხვა ადამიანმა, 19 ოქტომბერს გავრცელდა.
ვატო ყიფიანის ადვოკატის თქმით, ის კატეგორიულად უარყოფს ფეიქრიშვილის ცემის ფაქტს.
ციხეში ფიზიკური ანგარიშსწორების ინციდენტს უარყოფს პენიტენციური სამსახურიც.
ფეიქრიშვილებსა და ყიფიანს, რომლებიც გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან, დაპირისპირების მრავალწლიანი ისტორია აქვთ.
ფეიქრიშვილი, რომელიც კლინიკა "ვივამედში" ორჯერ შეიყვანეს - ჯერ 19 ოქტომბერს, მოტეხილი ოთხი ნეკნით, ჩამტვრეული სახის ძვლებითა და დაზიანებული თავის ქალით და შემდეგ უკვე 20 ოქტომბერს, ხელზე მიყენებული ჭრილობით - ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ 20 ოქტომბერს დაიწყო დავით ფეიქრიშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეზე.
"ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც. გამოძიებას დაველოდოთ. მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა იყო დაზიანება, რა იყო დაზიანების მიზეზი, რა იყო ციხის ადმინისტრაციის როლი და ა.შ. ამის შემდეგ, გპირდებით, რომ კომენტარებს გავაკეთებთ", - თქვა 21 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად.