23 ოქტომბერს, დრონებით შეტევის საფრთხის განახლების ფონზე, მუშაობა შეაჩერა მოსკოვის ოთხივე სამგზავრო აეროპორტმა - შერემეტიევომ, დომოდედოვომ, ვნუკოვომ და ჟუკოვსკიმ.
შერემეტიევოს აეროპორტში გამოცხადდა საჰაერო განგაში, მგზავრებს უბრძანეს, გადასულიყვნენ ახლოს მდებარე უსაფრთხო ზონებში და თავშესაფრებში - იუწყება აეროპორტის პრესსამსახური.
როგორც წესი, აეროპორტები უბრალოდ აჩერებენ ხოლმე თვითმფრინავების გაშვებას და მიღებას - მგზავრთა ევაკუაციის გარეშე. ამასთან, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დრონებით შეტევები ძირითადად ხდება ღამით და არა დღის საათებში, როგორც 23 ოქტომბერს.
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი იუწყება, რომ ჩამოგდებულია 10-ზე მეტი დრონი, რომლებიც რუსეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდა. ტელეგრამის არხებით ვრცელდება მოსკოვის დასავლეთის რაიონების მცხოვრებთა მონათხრობი - რომ მათ აფეთქებების ხმები ესმოდათ.
ოქტომბერში მოსკოვის აეროპორტებმა რამდენიმე საათით არაერთხელ შეაჩერეს მუშაობა, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატებით შექმნილი საფრთხის გამო. საკუთრივ აეროპორტებზე დარტყმის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
უკრაინის არმიას 23 ოქტომბრის შეტევაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.